“ნაჯახიანი მკვლელი”, შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის მიზეზიც გახდეს “ნაჯახიანი მკვლელი”, შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის მიზეზიც გახდეს />


  08:10:13     05-09-2012

“ნაჯახიანი მკვლელი”, შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის მიზეზიც გახდეს

a21177.jpg

„ნაჯახიანი მკვლელი“ - ასე უწოდებს რუსული და სომხური მედია აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეს რამილ საფაროვს, რომლის შეწყალების შემდეგაც ორ ქვეყანას შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სომხეთმა, რომელიც დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ამ საკითხთან დაკავშირებით იწვევს, განაცხადა, რომ საფაროვის პრობლემა პირდაპირ უკავშირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში ახალ გართულებებს.

პარალელურად, ბაქოსა და ერევანში ვრცელდება ხმები, რომ საფაროვს მოკლავენ. თუმცა ვერსიები განსხვავებულია.

ამასთან დაკავშირებით უკვე ოფიციალურ დონეზე საუბრობენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც მინიშნებულია, რომ სომხეთის პრეზიდენტმა რამილ საფაროვის მოკვლის დავალება გასცა. რომ თავდასხმა საფაროვზე ტერორის ფორმით განხორციელდება და რომ სარქისიანმა, თითქოსდა, უკვე მისცა დავალება შესაბამის სტრუქტურებს.

შეგახსენებთ, რამილ საფაროვს 2006 წელს უნგრეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს სომეხი სამხედრო მოსამსახურის ნაჯახით მკვლელობის გამო. რამდენიმე დღის წინ საფაროვის უნგრეთმა ბაქოს გადასცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კი ის შეიწყალა. სწორედ ამან გამოიწვია სომხეთის უკიდურესი გაღიზიანება. ამასთან, აზერბაიჯანის მიმართ პროტესტი თავად უნგრეთმა და აშშ-მაც გამოთქვა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საფაროვის განადგურების შესახებ ინფორმაციის წყარო `გავრცელებული ხმებია~. ამასთან, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბაქოს აქვს ყველანაირი საშუალება, მიიღოს ზომები სომხეთის გეგმების განხორციელების თავიდან ასაცილებლად.

საფაროვის მკვლელობაზე ერევანშიც საუბრობენ. ამ შემთხვევაში, სომხური მედია წერს, რომ მისი მკვლელობა ბაქოს აწყობს. ამის შესახებ ყარაბაღის ომის ვეტერანმა, გენერალ-მაიორმა არკადი ტერ-ტადევოსიანმა განაცხადა. მისი თქმით, მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდება: საფაროვს მოკლავენ, მის მკვლელობაში სომხური გვარის ადამიანს დაადანაშაულებენ, რომელმაც, თითქოსდა მკვლელობა ერევნის დავალებით განახორციელა, რაც, ტადევოსიანის თქმით, ბაქოსთვის მიზეზი იქნება, რათა სამხედრო მოქმედებები განაახლოს.

ამასთან, თადევოსიანის აზრით, სომხეთმა, სასწრაფოდ უნდა აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა, როგორც ეს თავის დროზე რუსეთმა გააკეთა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

საქმე ისაა, რომ ყარაბაღის აღიარების თემა უკვე აქტიურად დგება დღის წესრიგში. ცნობილი ხდება, რომ ამ საკითხს განიხილავს სომხეთის პარლამენტი. და თუკი ოპოზიციური პარტიის ინიციატივა მიღებული იქნება, სომხეთი იურიდიულად სცნობს მთიანი ყარაბაღის სტატუსს. დოკუმენტი პარლამენტში მას შემდეგ შეიტანეს, რაც აზერბაიჯანმა საფაროვი შეიწყალა.

კონფლიქტს ართულებს ისიც, რომ საფაროვის თემა უკვე გასცდა ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებას.

როგორც ცნობილია, სომხეთი უნგრეთსაც გაუნაწყენდა, საფაროვის აზერბაიჯანში ექსტრადირების გამო და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. თავის მხრივ, უნგრეთმა გაკიცხა პრეზიდენტ ალიევის გადაწყვეტილება ექსტრადირებულის შეწყალების შესახებ, ისევე როგორც შეერთებულმა შტატებმა.

მეორეს მხრივ, ყალიბდება საპირისპირო ბანაკიც. მაგალითად, პაკისტანის ელჩმა აზერბაიჯანში ულახ კაკარმა განაცხადა, რომ რამილ საფაროვი არა მარტო აზერბაიჯანელი ხალხის, არამედ სრულიად მუსულმანური სამყაროს გმირია, - იუწყება აზერბაიჯანული მედია.

0

ავტორი: