„ბი–ბი–სის“ კორესპონდენტის თვალით დანახული რუსი სკინჰედები „ბი–ბი–სის“ კორესპონდენტის თვალით დანახული რუსი სკინჰედები />


  17:16:46     04-09-2012

„ბი–ბი–სის“ კორესპონდენტის თვალით დანახული რუსი სკინჰედები

a21175.jpg

უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსეთში ლიბერალური ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოხატავს და ქუჩის აქციებს აწყობს. თუმცა, ქუჩაში არამხოლოდ ისინი გამოდიან, არამედ უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტებიც.

როგორც „ბი–ბი–სის“ კორესპონდენტი ტომ ესელმონტი ირწმუნება, რუსეთში ყოფნის მრავალი წლის მანძილზე იგი ბევრ კარგად ნავარჯიშევ, დაკუნთულ რუს მამაკაცს შეხვედრია, რომელთაც დალევა და კარგი ანეკდოტის მოყოლა უყვართ. თუმცა, მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ცხოვრებას ძალზე მკაცრად უყურებს. ისინი საკუთარ თავს სკინჰედებს ეძახიან. დღეისთვის მათთვის თავის გადახოტრვა აუცილებელი არ არის.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სკინჰედებს მთელი რუსეთის მასშტაბით მიგრანტებზე თავდასხმასა და მთლი რიგ თავდასხმებში ადანაშაულებდნენ. მრავალი მათგანი ციხეშიც ჩასვეს, მაგრამ ზოგიერთი უკვე გაათავისუფლეს კიდეც.

ერთ–ერთი მათგანია მაქსიმი, რასობრივი სიძულვილის გამო ნასამართლევი, მეტსახელად „ტესაკი“, რომელსაც „ბი–ბი–სის“ კორესპონდენტი, ტომ ესელმონტი  მოსკოვის ერთ–ერთ ბაღში შეხვდა.

როგორც ტომ ესელმონტი ამბობს, მის წინ იჯდა გაბრაზებული, საშიში ადამიანი.

„მიმაჩნია, რომ იმიგრანტები უნდა დაიხვრიტონ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ დაბებში“, – აცხადებს იგი  და იქვე აგრძელებს, რომ იმიგრანტები საზოგადოების კმაყოფაზე იმყოფებიან, ისინი რუსი ქალებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და მაქსიმმა ელვისებურად ჯიბიდან დანა ამოიღო.

კორესპონდენტის დაინტერესებაზე გამოუყენებია თუ არ დანა ოდესმე ვინმეს წინააღმდეგ, მან კბილებში გამოცრა: „ხომ გითხარით, სულელური შეკითხვები არ მომცეთ“ და დანა შეინახა.

მისმა სიტყვებმა და ქცევამ ჟურნალისტს შეხვედრის წინ ნანახი ვიდეოჩანაწერი გაახსენა. ეკრანზე ჩანდა, როგორ მიათრევდნენ სავარაუდოდ კავკასიური, ან შუააზიური გარეგნობის  მამაკაცს ტყეში. ეს ფილმს უფრო მოგაგონებდათ, ოღონდ ერთი განსხვავებით, რომ ყოველივე სინამდვილეში ხდებოდა. იქ ადამიანი ჯერ გაკოჭეს და შემდეგ მოკლეს. ძალზე საშინელი სანახაობა გახლდათ, თუ როგორი წამებით კლავდნენ მსხვერპლს. სპეციალისტთა მტკიცებით, ვიდეოზე ასახული სინამდვილეა და მკვლელობა უტრამემარჯვენეთა მიერაა ჩადენილი. სხვათა შორის, ამ ინცინდენტის ამსახველი ეს ვიდეო ინტერნეტში ტრიალებს და არავინ იწუხებს თავს იგი იქიდან ამოიღოს.

ეს რუსეთში გამეფებული უკანონობის კიდევ ერთი დასტურია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეიარაღებულ ულტრამემარჯვენეებს ყველაფრის უფლება მისცეს.

„ტესაკიც“ იმავე თვალსაზრისისაა იმიგრანტებზე, როგორიც ვიდეოზე გამოსახული მკვლელები.

რომანიც ულტრამემარჯვენე ნაციონალისტია. იგი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და იმედოვნებს, საბაჟოში დაიწყებს მუშაობას. თავისუფალ დროს იგი სახლების სარდაფებში შედის და ცდილობს იქ მცხოვრებ იმიგრანტებს საბუთები შეუმოწმოს.

ტომ ესელმონტი ასევე შეხვედრია დიმიტრისაც. იგი ადვოკატია და ყოველ კვირას ოჯახთნ ერთად აგარაკზე მიდის მიზანში სროლაში სავარჯიშოდ, რათა საჭიროების შემთხვევაში იმიგრანტებთან დასაპირისპირებლად მზად იყოს.

ტომ ესელმონტი  ასევე ესაუბრა რუს ნეონაცისტ ნილსონსაც, რომელსაც ნიცშე საზღვარგარეთ ჰქონდა შესწავლილი. იგი საკუთარ თავს ზეკაცად მიიჩნევდა.

ეს ხალხი საერთოდ სასმელს არ ეკარება და არც ეწევა. ისინი თავიანთ იდუმალ ჩაკეტილ სამყაროში ცხოვრობენ და მუდმივად ბრაზიანები არიან.  მათ კანონის გვერდის ავლით ცხოვრება შეუძლიათ და თავს ესხმიან იმათ, ვინც არ მოსწონთ. გამორიცხული არ არის, რომ რუსულ პოლიტიკაში მათი გავლენა გაიზარდოს. 

0

ავტორი: