გერონტი ქიქოძე – „პაოლო იაშვილი” გერონტი ქიქოძე – „პაოლო იაშვილი” />


  16:24:37     04-09-2012

გერონტი ქიქოძე – „პაოლო იაშვილი”

a21172.jpg

1885 წლის 4 სექტემბერს  ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში დაიბადა გამოჩენილი ქართველი მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ეროვნული იდეოლოგი გერონტი ქიქოძე.

სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. 1903 წლიდან სწავლა განაგრძო ევროპაში, ჯერ ლაიფციგში, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1912 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი.

გერონტი ქიქოძის პირველი წერილი გამოქვეყნდა 1905 წელს გაზეთ „მოგზაურში“. ლიტერატურული მოღვაწეობა  1910 წლიდან დაიწყო.

1920-იან წლებში უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს.
 
1927-1928 წელს გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი და მოთავე ლიტერატურული დაჯგუფება “არიფიონისა“ და ალმანახ „არიფონის“ ხელმძღვანელიც ("არიფიონის" წევრები იყვნენ ვ. გორგაძე, შ. დადიანი, კ. კაპანელი, ბ. მელიქიშვილი, ლ. მეტრეველი, ი. მოსაშვილი, მ. მრევლიშვილი, დ. სულიაშვილი, ი. ტატიშვილი, პ. ქავთარაძე, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, ს. შანშიაშვილი, კ. ჭიჭინაძე, მ. ჯავახიშვილი).

ბრწყინვალე განათლებისა და შესანიშნავი ქართულის მცოდნემ დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ენაზე ფრანგული ლიტერატურის შედევრების თარგმნაში. ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლსიკურ ნიმუშად ითვლება გერონტი ქიქოძის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი „ტრისტანი და იზოლდა“, „წითელი და შავი“. „იტალიური ქრონიკები“, „შაგრენის ტყავი“, პროსპერ მერიმეს ნოველები და სხვა.

მშვენიერი გემოვნების ლიტერატორის კრიტიკული წერილები და ესეები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურათმცოდნეობისათვის. ქიქოძის შრომებს შორის აღსანიშნავია "წერილები ხელოვნებაზე", "ქართული ლიტერატურის ისტორია", "მოგონებები, სიტყვები, წერილები", „ეტიუდები და პორტრეტები" და სხვა. ქართულ მემუარულ ლიტერატურაში ერთ-ერთი საუკეთესოა ქიქოძის "განთიადიდან შუადღემდე".

მნიშვნელოვანია იგი როგორც ეროვნული იდეოლოგი.

გერონტი ქიქოძე გარდაიცვალა 1960 წლის 1 აგვისტოს.

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მკითხველს ვთავაზობთ გერონტი ქიქოძის წერილს ჩვენს დიდ პოეტზე, პაოლო იაშვილზე.

გერონტი ქიქოძე

პაოლო იაშვილი

პაოლო იაშვილს პირველად პარიზში შეხვდი. 1913 წლის ზამთრის და 1914 წლის გაზაფხულის თვეები პარიზის არტისტური ბოჰემისა და სტუდენტობის სამფლობელოში – ლათინურ უბანში გავატარე; პაოლო იაშვილიც ამავე უბანში ცხოვრობდა. მას ოთახი პანთეონის მახლობლად ეჭირა ესტრაპადის ქუჩაზე. ამ ქუჩის სახელწოდება, უეჭველია, იქიდან წარმოდგება, რომ აქ წინა საუკუნეებში წამების იარაღი ესტრაპადი იდგომებოდა. ეს იარაღი უცნობი იყო ძველ საქართველოში, ხოლო რუსები მას დიბას ეძახოდნენ. წარმოიდგინეთ ძალიან მაღალი სახრჩობელა; ზედა კადონზე რკინის რგოლი იყო მიმაგრებული, მასში გრძელი თოკი იყო გაყრილი. ამ თოკის ერთი თავი მობმული ჰქონდა ხელ-ფეხშეკრულ დამნაშავეს, ხოლო მეორე თვით ჯალათს ეჭირა ხელში: ის თავის მსხვერპლს რამდენჯერმე სულ მაღლა სწევდა, ხოლო შემდეგ თოკს ხელს უშვებდა, რაიცა მის მიწაზე დანარცხებას და ტანჯვით სიკვდილს იწვევდა.

პაოლო იაშვილს და მე ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ბევრი მხიარული საღამო გაგვიტარებია ამ მჭვუნვარე სახელწოდების ქუჩაზე. პაოლო იაშვილი კარგი კულინარი იყო, მაგრამ საყასბოში ცხენის ხორცს ვერ არჩევდა ძროხის ხორცისაგან. რაც შეეხება ერთი ბოთლი იაფფასიანი ღვინის ან შამპანიურის ყიდვას, დიდი დეგუსტატორის ნიჭი არ სჭირდებოდა.

ამ შეხვედრების დროს, სხვათა შორის, ხშირად მოგვიგონია ფრანსუა ვიონის ლექსები, სადაც ეს ყველა მოხეტიალე და მოუსვენარი პოეტების წინაპარი გონებამახვილად დასცინის ჯალათებს და მათ მიერ აღმართულ სახრჩობელებს. პაოლო იაშვილს უყვარდა აგრეთვე პოლ ვერლენის ძეგლის გვერდით ჯდომა ლუქსემბურგის ბაღში და შადრევნის აუზში მობანავე ბეღურების ცქერა; რაღაცას ნათესაურს პოულობდა ამ ბავშვივით გულუბრყვილო, მაგრამ ბიწიერ პოეტსა და უწყინარ ფრინველს შორის: ”ბოროტი ქარი მატარებს აქეთ და იქით მკვდარ ფოთოლივით”.

პაოლო იაშვილი თავისი გულთბილობისა და თავისი ხელგაშლილობის წყალობით ადვილად ხიბლავდა და იზიდავდა ადამიანებს, თვით ისეთებს, რომელთა ენა მან კარგად იცოდა. მან პარიზში რამდენიმე ფრანგი მხატვარი და პოეტი გაიცნო, მათ შორის იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო გიოომ აპოლინერი, რომელიც სიმბოლიზმიდან ფუტურიზმზე გადავიდა, ხოლო ბოლოს, მგონია, სიურეალისტებს დაუახლოვდა.

მაგრამ იმდროინდელი პარიზელი დეკადენტი და სიმბოლისტი პოეტების ფიქრთა მფლობელად უფრო შარლ ბოდლერი ჩაითვლებოდა, ვიდრე სხვა ვინმე. როგორც პეტრარკამ თავის ლაურასადმი მიძღვნილი სონეტებით ჰუმანიზმის და რენესანსის ეპოქა გახსნა პოეზიის დარგში, ისე უსირცხვილო მულატ ქალზე, „შავ ვენერაზე”, კატორღელივით მიჯაჭვულმა ბოდლერმა თავისი ”ბოროტების ყვავილებით” დეკადენსის ეპოქა ასახა ევროპული პოეზიის განვითარებაში. მის პატარა პროზაულ პოემებში, მის ლირიკულ ლექსებში, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ფორმის მხრივ კლასიკურად სრულყოფილ სონეტებს უჭირავთ, ინდივიდუალიზმის ღრმა კრიზისი იგრძნობა. თუმცა შარლ ბოდლერი 1848 წლის თებერვალში და ივნისში ბარიკადებზე მუშათა კლასის მხარეზე იბრძოდა ბურჟუაზიის წინააღმდეგ, ის ბოლომდე არტისტული ბოჰემის, დენდიზმის და სატანიზმის მოციქული დარჩა. და შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე დამახასიათებელი ფიგურაა ჯოჯოხეთის ცეცხლით განათებულ პარნასზე. ”ჩემი სული გაბზარულია და როდესაც დაჯავრიანების წუთებში მას სურს თავისი სიმღერებით ღამეების ცივი ჰარი აასოს, მისი ჩახლეჩილი ხმა ემსგავსება იმ დაჭრილი მეომრის ხრიალს, რომელიც სისხლის ტბის პირას დავიწყებიათ მიცვალებულთა დიდ გროვაში და კვდება საშინელ კრუნჩხვაში”. ეს სიტყვები ამთავრებს ბოდლერის სონეტს ”გაბზარულ ზარს”, რომელიც საუცხოო იდილიური სურათით იწყება: ზამთრის ღამეში ანთებული ბუხრის წინ მჯდომარე, შორეულ მოგონებებში წასულ ადამიანს მწუხრის ზარების რეკა ესმის, ისინი ხალისიანად მღერიან ნისლიან სივრცეებში. რა კონტრასტაია ზემომოყვანილ ტრაგიკულ სტრიქონებთან და რა სულიერ გათიშვას მოწმობს ეს ლექსი!
 
პაოლო იაშვილს ბოდლერის სონეტებიდან ყველაზე მეტად მისი „დაწყევლილი პოეტის დასაფლავება” უყვარდა. „იმ საათში, როდესაც უბიწო ვარსკვლავები თავიანთ დამძიმებულ თვალებს დახუჭავენ, ობობა თქვენს საფლავზე სუდარას ქსოვას დაიწყებს, ხოლო გველი თავის წიწილებს გამოჩეკს: მთელი წლის განმავლობაში თქვენს შეჩვენებულ თავზე მგლები და მშიერი კუდიანები იყმუვლებენ”.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ პაოლო იაშვილის გარეგნობაში, არც მის სულში არაფერი იყო დეკადენტური: გეგონებოდათ, ის სიმბოლისტური და დეკადენტური პოეზიის სკოლას უფრო თავით მიემხრო, ვიდრე გულითო. ეს იყო ლამაზი, მაღალი, გრუზათმიანი, შავგვრემანი ჭაბუკი, მას ნარკოტიკები სჭირდებოდა, რათა რეალური სამყაროდან მაცდური მოჩვენებების სამყაროში გადასულიყო. პაოლო იაშვილი ნამდვილი ახლადმოვლენილი ავთანდილი იყო თავის მეგობრებისთვის.

მახსოვს, როგორ იდგა ერთხელ ქუჩაში, სახლის კედელს ზურგმიყრდობილი, ხალათის ჯიბიდან მუჭა-მუჭა ახლად მიღებულ ქაღალდის ფულს იღებდა და თავის მეგობრებს აძლევდა დაუთვლელად. თვითონ კი მუდამ უფულობას განიცდიდა. მას ძალიან სუსტი წარმოდგენა ჰქონდა ორმაგ ბუღალტერიაზე და მისი გასავალი ყოველთვის სჭარბობდა მის შემოსავალს. მას ეადვილებოდა ფულის შოვნა, მაგრამ კიდევ უფრო ეადვილებოდა ფულის დახარჯვა; უფრო ის ახსოვდა, ვისგან ისესხა, ვიდრე ის, ვის ასესხა; განებივრებული იყო შეძლებული მამის მიერ, რომელსაც ის სუფრაზე ხშირად გულს უჩუყებდა: შენს ხუთ ვაჟიშვილში მე იმით გამოვირჩევი, რომ მსხვერპლად შესაზირავ მოზვერსა ვგავარო.

როდესაც პაოლო იაშვილი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ”ცისფერი ყანწების” ორდენი დაარსა, მან, უწინარეს ყოვლისა, ძველი პოეტური თაობის ცენტრალურ ფიგურას აკაკი წერეთელს შეუტია. ეს გასაგები იყო ახალი ორდენის ინტერესების თვალსაზრისით. მაგრამ ძნელი ასახსნელი იყო პაოლო იაშვილის ადამიანური და პოეტური ბუნების თვალსაზრისით: ის უფრო აკაკი წერეთლის ანდერძის დამცველად გამოდგებოდა, ვიდრე მის დამრღვევად. პაოლო იაშვილის საუკეთესო ლექსებს გამჭვირვალობა და სიმსუბუქე ახასიათებდა, ის საუცხოოდ ფლობდა ქართულ ენას. თვით მისი სამშობლო სოფელი არგვეთი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული აკაკი წერეთლის სხვიტორს. თავის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პაოლო იაშვილმა მშვენივრად გადმოთარგმნა პუშკინის რამდენიმე ლირიკული შედევრი, ერთაქტიანი ტრაგედიები და მოთხრობა ”ნასროლი”.

პაოლო იაშვილი ძველი დროის რაფსოდიებს და ტრუბადურებს ჰგავდა: მისი პოეტური ნიჭის დაფასება არ შეიძლება მარტოოდენ მისი დაბეჭდილი ლექსების მიხედვით. ეს იყო იმპროვიზაციის ჯადოქარი, რომელიც უწინარეს ყოვლისა აუდიტორიის სმენას ხიბლავდა. მას ვერავინ შეედრებოდა დიდ სადღესასწაულო სუფრაზე, მისი სიტყვები შინაარსიანი და გონებამახვილი იყო ერთსა და იმავე დროს, აქ ის თითქო თავისთვის სჭარბობდა.

როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდა, პაოლო იაშვილმა მათ იმპროვიზებული სიტყვით მიმართა თვითმმართველობის ბალკონიდან. დიდი ყურადღება დაიმსახურა აგრეთვე მისმა სიტყვებმა, წარმოთქმულმა კრემლის პოლიტიკურ ბანკეტზე.

პაოლო იაშვილმა შედარებით მცირე ლიტერატურული მემკვიდრეობა დასტოვა.

სიკვდილის წინ პაოლო იაშვილი აღიარებდა, ჩემი უბედურების ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბავშობიდანვე არ შემაჩვიეს სისტემურ მუშაობასო. მართლაც, პაოლო იაშვილისთვის ძნელი აღმოჩნდა უშუალო გადასვლა ძველი საზოგადოებიდან, სადაც შრომა ზოგიერთ წრეში ათვალისწუნებული იყო, ახალ საზოგადოებაში, სადაც შრომა ყველასთვის საპატიო ვალდებულებადაა აღიარებული. ერთ ლექსში, რომელიც უფრო თვითშეგონებას წარმოადგენდა, ვიდრე მორალის ქადაგებას, ის ამბობდა:

ვინც გაიტაცა ახალ თაობამ,
გადაქცეულან რკინის კაცებად,
ნუთუ პოეტებს გვეპატიება
აზნაურული გაზარმაცება?

პაოლო იაშვილის გონებრივ ინტერესების არე შემოფარგლული არ იყო მარტოოდენ ლიტერატურით, ხოლო მისი მეგობრების წრე სცილდებოდა ”ცისფერი ყანწელების” ასოციაციას თუ ის მხატვრის გზას გაჰყოლოდა, შეიძლება გამოჩენილი ოსტატი გამხდარიყო. მან დაუდევარი კალმით ძალიან კარგად გადმოგვცა თავისი მეგობრების ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის პროფილები; მაგრამ მათ გვერდით დახატული ავტოპორტრეტი მას ნაკლებ ჰგავს.

ერთხელ შემოდგომაზე პაოლო იაშვილი და მე ტყის ქათამზე ვნადირობდით წიწამურის ტყეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ამჟამად ილია ჭავჭავაძის ობელისკია ამართული. მშრალი დარი იდგა და ჩვენმა ინგლისურმა სეტერმა ვერც ერთი ტყის ქათამი ვერ წამოაფრინა. შუადღისას დაქანცულობა ვიგრძენით, ერთი ხის ძირში ჩამოვჯექით პატარა ველის პირას და თავის გასართობად ორ-სამჯერ თოფი ვესროლეთ ბუჩქზე მიმაგრებულ თამბაქოს კოლოფს. ორიოდე წუთის შემდეგ დავინახთ, რომ ტყის სიღრმიდან ორი თოფმომარჯვებული კაცი გვიახლოვდებოდა ფეხაკრებით. როდესაც ჩვენთან მოვიდნენ, გვითხრეს, ველზე მორბენალმა ძაღლმა გადაგარჩინათ, თუ შორიდანვე ის არ დაგვენახა, უსათუოდ დაგხოცავდითო. საქმე იმაში ყოფილიყო, რომ წინა დღით ყაჩაღებს წიწამური გზაზე მიმავალი მეურმეები გაუძარცვავთ და მცხეთის მილიციას ტყეში საგანგებო დარაჯები დაეყენებია. პაოლო იაშვილი შემდეგ ხშირად გულწრფელი სინანულს გამოთქვამდა, რომ ის როყიო ტყვიის  მსხვერპლი არ გახდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას.

ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშებით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა. 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავის ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათის მთის გოლგოთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებია თითქმის დამშრალი ჩანჩქერის პირას.

1957

0

ავტორი: