10:49:49     19-12-2010
დიდი სცენის მიღმა არსებული მუსიკა
“სამწუხაროდ, დღეს, ქართულ სცენაზე ყველაფერი პირადი ურთიერთობების დონეზე წყდება - თუ კარგი, გავლენიანი ნაცნობი გყავს პოპულარული იქნები, სხვა შემთხვევაში - არა”, - ამბობს მუსიკოსი რუსიკო მუმლაძე, რომელიც 40-მდე სიმღერის ავტორია.
რუსიკო მუმლაძე კომპოზიტორმა ეთერ ჭელიძემ, ვოკალის პედაგოგ შურა ჯანელიძის დახმარებით, შემთხვევით აღმოაჩინა. ის ეძებდა პატარა გოგონას, რომელიც მის საბავშვო სიმღერას “ოქროს საქანელას” შეასრულებდა. ცოტა ხანში, დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ეთერ ჭელიძის საიუბილეო საღამოზე 3 წლის გოგონამ პირველად იმღერა. მას შემდეგ კომპოზიტორი მისთვის წერდა სიმღერებს.
საერთოდ კი, რუსიკო მუმლაძე 2 წლის ასაკიდან, იმ დროს, როდესაც ჯერ ნოტების კითხვაც არ შეეძლო, მუსიკოსი დედის, ნუნუ გაგუას მოსწავლეების მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს ზუსტად იმეორებდა, მხოლოდ სმენით. ასეთი ნიჭის გამო, 3 წლის ასაკში “პიონერთა სასახლის” ვოკალურ ჯგუფში მიიღეს. 5 წლის იყო, პატრიარქს რომ შეხვდა. ამის შემდეგ პატრიარქის თხოვნით, შვიდი წელი გალობდა სიონის საკათედრო ტაძარის ამბიონზე. 8 წლისამ კი, პირველი სიმღერა დაწერა თბილისზე.
შემდეგ იყო “ნიჭიერთა ათწლედის” საფორტეპიანო და საკომპოზიციო განყოფილება, მერე კონსერვატორია - საფორტეპიანო განხრით. როცა ყველა დიდ წარმატებას უწინასწარმეტყვლებდა და როცა ქართული ე.წ. შოუ-ბიზნესი “აყვავებას” იწყებდა, დიდი სცენიდან გაქრა. 90-იანი წლები იწყებოდა.
“რთულია, როცა არაპროფესიონალიზმი და ტენდენციურობა შეგეჩეხება შემოქმედებით გზაზე. როცა პირადი ნაცნობ-მეგობრობა და ფინანსებია მთავარი, იქ ნიჭიერება აღარავის აინტერესებს,” - ამბობს რუსიკო მუმლაძე. “ - არ არის ცუდი პირადი ურთიერთობების გამოყენება, როცა გინდა, დაეხმარო ნიჭიერ ადამიანს, თავისი შესაძლებლობები ფართო საზოგადოებას გააცნოს, მაგრამ მიუღებელია, როცა ამავე გზას ფართოდ უხსნი უნიჭო შემსრულებელს.
“ეს იყო წლები, როცა ბიძინა კვერნაძის, ევგენი მაჭავარიანის, სულხან ნასიძის და სხვა ბევრი კომპეტენტური მუსიკოსის აზრს არავინ ითვალისწინებდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ უცებ გამოჩნდნენ ახალი თაობის “პროდიუსერები” და “მუსიკათმცოდნეები”, რომლებსაც, უბრალოდ, გაუმართლათ და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ. ნიჭიერება აღარ იყო აქტუალური. შესაბამისად, გაქრა გემოვნებიანი მუსიკა და ჩრდილში მოექცნენ პროფესიონალი შემსრულებლებიც”.
ამჟამად, ის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში ასწავლის. დიდი ხნის განმავლობაში “დიდ სცენაზე” აღარ გამოჩენილა, მაგრამ შემოქმედებითი საქმიანობა არ შეუწყვეტია. წერდა სიმღერებს, მუშაობდა კონცერტმაისტერად კონსერვატორიაში, იღებდა მონაწილეობას კონკურსებსა თუ სატელევიზიო მუსიკალურ გადაცემებში, რომლის მთავარი მიზანიც პროფესიონალების წარმოჩენა და მსმენელის გემოვნების დახვეწა იყო.
ამბობს, რომ ასეთი გადაცემების, კონკურსებისა და თუნდაც კონცერტების სიმცირე დღემდე ქართული “შოუ-ბიზნესის” მთავარ პრობლემად რჩება. მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მსმენელის ყურსაც, უბრალოდ, აკლია მუსიკა, რაც მისი გემოვნების ჩამოყალიბებისთვისაა აუცილებელი, ფაქტია, დღეს მსმენელი იღებს იმას, რასაც ინტენსიურად აწვდიან “დიდი სცენიდან” და ნიჭიერი, თუ უნიჭო მუსიკოსი ერთ დიდი “მუსიკალურ ქვაბში” იხარშება.
ბოლო კონკურსი, რომელშიც ჩვენმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, ნოემბერში, ბათუმში ჩატარდა. მისი თქმით, ეროვნული კონკურსი – “სიმღერა ბათუმზე”, არ იყო ეროვნული და უფრო პირადული ელფერი დაჰკრავდა.
როცა ასეთი მუსიკალური წარსული გაქვთ, რამ შეგიშალათ ხელი, ყოფილიყავით ცნობადი სახე ფართო საზოგადოებისთვის? ბევრ თქვენს პოპულარულ კოლეგას შესაძლოა, არც კი აქვს ასეთივე მუსიკალური განათლება მიღებული...
რუსიკო მუმლაძე: ამ კითხვას ბევრი მისვამს, მაგრამ მერე ვინც კი ჩემს სიმღერებს ისმენს, თვითნვე პასუხობს - ამ ფონზე შენ ვერ იქნები პოპულარულიო. მე ისეთი გენიალური მუსიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ გავიზარდე, რომ ჩემთვის ძნელია, დავივიწყო პროფესიული სტანდარტები და შევქმნა ნაწარმოები - მხოლოდ კომერციული გათვლებით. ჩემთვის არსებობს, მხოლოდ კარგი - ან ცუდი სიმღერა. დღეს მთავარი ისაა, გქონდეს შესაძლებლობა და გააპიარო საკუთარი თავი. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, კარგ სიმღერას ქმნი თუ ცუდს, კარგად მღერი, თუ ცუდად. სამწუხაროდ, მთავარია - პიარი.
უკვე გითხარით, რომ პროფესიული სტანდარტებიდან გადახვევა ჩემთვის მიუღებელია. შემიძლია, სუფთა ხელებით ვაკეთო ჩემი საქმე, მაგალითად, მივიღო მონაწილეობა კონკურსებში, კონცერტებში, სატელევიზიო გადაცემებში და წარმოვაჩინო ის, რაც ღმერთმა მომცა. იმის იქით რაც ხდება, კულუარულ ბრძოლებს ვგულისხმობ, ამის კეთება არ შემიძლია.
მაგალითად, ოქტომბერში გამოცხადდა ეროვნული კონკურსი - “სიმღერა ბათუმზე”. დავწერე ორი სხვადასხვა ჟანრის სიმღერა. ორივე ნაწარმოების ტექსტი მე მეკუთვნოდა. ერთი იყო სოლო სიმღერა, რომელსაც მე ვასრულებდი, მეორე – დუეტი, რომელიც მომღერალ გიორგი წიკლაურთან ერთად ჩავწერე. ორივე სიმღერის ჩანაწერი წარვადგინე კონკურსზე.
300 სიმღერიდან მეორე ტურში 25 გავიდა, მათ შორის - ჩემი და გიორგის დუეტიც. დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი სიმღერა მეორე ტურში გავიდა და მთხოვეს, 28 ოქტომბერს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში მივსულიყავი. იქ ყველამ საკუთარი სიმღერა ცოცხლად შევასრულეთ. ჩვენი შესრულება მოისმინეს ნიკა მემანიშვილმა და მარინა ბერიძემ. ორივე ძალიან კარგად მიცნობს, როგორც მუსიკოსს.
ამ მოსმენის შემდეგ, საერთო ჯამში, ბათუმის კონცერტისთვის, რომელიც 7 ნოემბერს იყო დაგეგმილი, 12 სიმღერა შეირჩა, სადაც ჩემი არ მოხვდა. მე მარინა ბერიძეს შევხვდი და ვთხოვე, დაესაბუთებინა, რა მუსიკალური პრეტენზიები ჰქონდა ჩემი სიმღერის მიმართ. მან პასუხი ვერ გამცა, თუმცა, მითხრა, რომ პირადი ურთიერთობებით წყდებოდა ეს ამბავი. თან დაამატა, ეს საქართველოში ყოველთვის ასე იქნებაო. ვერ გეტყვით რა პირად ურთიერთობებზე საუბრობდა, ეს მას თავად ჰკითხეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს შორის პროფესიული თვალსაზრისით არსებული ნაცნობობა არ იგულისხმებოდა.
ამ საუბრიდან მესამე დღეს დამირეკა ნიკა მემანიშვილმა და მითხრა, რომ ბათუმში უნდა წავსულიყავი, რადგან ბათუმმა დაამატა კიდევ ადგილები და ამიტომ ექვსი სიმღერა დაემატა თბილისში, მათ შორის - ჩემიც. როგორც შემდეგ გავიგე, სხვა კონკურსანტების მხრიდანაც წამოსულა სერიოზული უკმაყოფილება. არ ვიცი, მე რომ ბერიძესთან არ მესაუბრა, სხვების პროტესტიც არ ყოფილიყო და ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დაგვეტოვებინა, ამ ექვს სიმღერას ვინმე დაამატებდა თუ არა.
ჟიურის წევრები ვინ იყვნენ?
– ჟიურიში იყვნენ რუსუდან სეფისკვერაძე, ნატო გელაშვილი, ნინო ქათამაძე, ორი წევრი ბათუმიდან. თავმჯდომარე დავით ევგენიძე იყო. თუმცა ყველაფერს ყველაფერს ბერიძე? მის გარდა ამ ადამიანებს, ის 12 სიმღერა, რომელიც თბილისიდან გაიგზავნა, მოსმენილი არც ჰქონდათ.
მოკლედ, 7 ნოემბრის კონცერტისათვის წავედი ბათუმში. გითხარით უკვე, რომ 12 სიმღერა თბილისში მხოლოდ მარინა ბერიძემ და ნიკა მემანიშვილმა მოისმინეს, ჟიურის დანარჩენ 6 წევრს ეს 12 სიმღერა არათუ თბილისში, არამედ ბათუმშიც კი არ მოუსმენიათ და არც შეურჩევიათ. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ 12 სიმღერის მუსიკალური ღირებულების საკითხიც, ხომ? ისინი, ფაქტობრივად, მხოლოდ ორმა ადამიანმა ბერიძე-მემანიშვილმა შეარჩია..
დამატებული 6 სიმღერა კი ბათუმში, ჟიურის 7-ვე წევრმა, ბერიძის ჩათვლით, მოისმინა და შეაფასა. ჩემი სიმღერა ბათუმში, კონცერტის წინ ამოიღეს. დარწმუნებული ვარ, ეს იყო მარინა ბერიძის პირადი ინტერესი, თბილისურმა პროტესტმა შეაშფოთა ყველა და გაითამაშეს, ვითომ ექვსი სიმღერა დაამატეს.
უბრალოდ, ძალიან ლოგიკურ კითხვას ვსვამ: თუ არც ჩემი სიმღერა ვარგოდა და არც მისი ტექსტი, მაშინ რატომ აღმოჩნდა ის 25 საკონკურსო ნაწარმოებს შორის? შემდეგ კი – თბილისში, 13 დაწუნებული სიმღერიდან, როცა (პროტესტის შემდეგ) კვლავ, 6 დაამატეს, ჩემი რატომ მოხვდა მათ შორის? ბევრმა ატეხა ერთი ამბავი, მაგრამ მათი ნაწარმოებები არც იმ 6 სიმღერაში მოხვედრილა..
თბილისში რომ ვესაუბრე ბერიძეს და ვუთხარი, კონკურსი ტენდენციური იყო-თქო, მიპასუხა, ეს საქართველოში ყოველთვის ასე იქნებაო. თან დაამატა – მე რა შუაში ვარ, მემანიშვილმა დაბლოკა შენი სიმღერაო. მემანიშვილმა კი მითხრა – 25 სიმღერის არჩევის დროს, ჟიურის სამივე წევრმა: მე, მარინა ბერიძემ და დათო დოიაშვილმა ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ შენი სიმღერა მეორე ტურში უნდა მოხვედრილიყოო. ეს ჯერ კიდევ თბილისში ხდებოდა, მაგრამ მერე როგორ განვითარდა მოვლენები, უკვე გითხარით.
ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ახლა ვმუშაობ ჩემს პირველ საავტორო დისკზე და მალე შედგება მისი პრეზენტაცია. სიმღერების უმეტესობა ჩემივე ტექსტებზეა შექმნილი. ბათუმის შესახებ სიმღერა კი უკვე დევს www.radio.ge-ზე და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მოუსმინოს.
0