08:38:39     04-09-2012
რუსეთში მართლმადიდებლური კომკავშირი შეიქმნა
რუსეთს როგორც არ უნდა უტრიალო და მის მმართველად ვინც არ უნდა მოვიდეს, ფაქტია, მართალია სახელშეცვლილად,მაგრამ ლენინის იდეალებს მაინც ვერა და ვერ გასცდა.
ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში ვოლგოგრადში პიონერული ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს, რომელიც მაშინ ლავრენტი ბერიას სახელს ატარებდა. ახალგაზრდა ბერიელები ისეთივე წითელ ყელსახვევს ატარებდნენ, როგორც თავის დროზე ლენინელი პიონერები. ოღონდ, ვოლგოგრადელი ახალგაზრდა ბერიელებიდან ვინმემ მოინდომა თუ არა პავლიკ მოროზოველობა, უცნობია.
ამ დღეებში რუსული მასმედიის ცნობით, უკვე პუტინელებმა ჩამოაყალიბეს არა პიონერული ორგანიზაცია, არამედ მოდერნიზებული კომკავშირი. მისმა ინიციატორებმა მას ასე შეარქვეს „მოსკოვის ახალგაზრდათა მართლმადიდებლური ორგანიზაციების საბჭო“.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ორგანიზაციები კონკრეტულად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილის ლოცვა–კურთხევით იქმნება. თუმცა, ტრადიციულად ამჯერადაც ინიციატივა ადგილებიდან „მასებისგან“ მოდის.
ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში რუსი მღვდლები აქტიურად რომ არიან ჩაბმულნი, ნათელია. საინტერესოა რა მიზნებს ისახავს იგი?
მღვდლების მიერ ჩამოყალიბებული კომკავშირი სახელწოდებით „სრულიად რუსეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ასოციაცია“ არამართლმადიდებელი მოსახლეობის გამართლმადიდებლობით იქნება დაკავებული. როგორ მოახერხებენ ისინი ამას, ძნელი სათქმელია. თუმცა, ნუ გგონიათ, რომ პუტინისტებმა მხოლოდ ეს ორგანიზაცია დააფუძნეს. რა თქმა უნდა არა. პუტინის რის პუტინი იქნებოდა, ზედ მართლმადიდებლური „ჩეკაც“ არ მიეყოლებინა.
ესეც ამ დღეებში მოხდა და პუტინურ „ჩეკას“ „მართლმადიდებელი რაზმეულები“ უწოდეს, რომლებიც თავის მხრივ „სიკვდილის ესკადრონებს“ წარმოადგენენ. ისინი იმათ შეებრძოლებიან, ვინც არამართლმადიდებელი მოსახლეობის გამართლმადიდებლობას შეეწინააღმდეგება.
ნიშანდობლივია, რომ „მართლმადიდებლური კომკავშირის“ ჩამოყალიბების ინიციატივა გაახმოვანა რუსეთის საპატრიარქოს „სინოდალური განყოფილების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ხოლო თავად იდეა თვით პუტინისგან წამოსულა. მართლმადიდებლური კომკავშირი ბანაკ „სელიგერში“ დაფუძნდა და მას პუტინმა მხარდაჭერა აღუთქვა. სრულიად რუსეთის პუტინური მართლმადიდებლური ახალგაზრდული კავშირის წევრები გახდებიან მანამდე ადგილობრივი მღვდლების მიერ ჩამოყალიბებული ახალგაზრდულ მართლმადიდებლურ სტრუქტურათა „მარონცი“, „სრეტენიე“, „მოლოდაია რუს“, „კოლოკოლ“, „გეორგიევცი!“, „პოკროვ“–ის წევრები და სხვები. კომკავშირული მშენებლობები განხორციელდება ჩეკისტებისა და მღვდლების მიერ მანამდე შექმნილი მართლმადიდებლური ბანაკების ქსელ „ვერა ი ტრუდ“–ის ფარგლებში.
0