სამოელ წინასწარმეტყველის მიერ დავით მეფის ცხება სამოელ წინასწარმეტყველის მიერ დავით მეფის ცხება />


  08:54:00     03-09-2012

სამოელ წინასწარმეტყველის მიერ დავით მეფის ცხება

a21131.jpg

20 აგვისტოს (ახალი სტილით 2 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს სამოელ წინასწარმეტყველისა და მსაჯულის ხსენების დღეს.

დიდ პატივს მიაგებენ ქრისტიანები სამოელ წინასწარმეტყველს... მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი. 406 წელს წმინდა წინასწარმეტყველი სამოელის უხრწნელი ნაწილები იუდეიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

იგი გახლდათ წინასწარმეტყველ ანას ვაჟი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე შვილი არ ეძლეოდა. მხურვალე ლოცვით მას უფალმა ძე აჩუქა, რომელსაც სამოელი - „გამოთხოვილი“ უწოდეს.

40 წელი იგი გახლდათ მსაჯული ისრაელისა, ღვთის რჩეული ხალხისა.

სამოელ წინასწარმეტყველი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართული ეროვნული იდეოლოგიისათვის. ქართველ მეფეთა დინასტია ბაგრატიონებისა ითვლება ბიბლიური მეფის დავითის შთამომავლებად. დავითი კი მეფედ, უფლის მითითებით, გამოარჩია სამოელ წინასწარმეტყველმა.

გარდა ამისა, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ გვაუწყებს, რომ ბიბლიური დავით მეფის შთამომავალი გუარამი ერისმთავრად გამოარჩიეს (დაახლოებით 575 წელს). იმ დროს ქართლის კათალოკოსი იყო სამუელ III (დაახლოებით 575-582 წწ.). `სოლომონ შვა შÂდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა. და ესენი შÂდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით ფილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისაÁ და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღედმდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი...

...მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩივეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან~...

აქ სიმბოლური დამთხვევაა. ისრაელის მეფე უფლის ნებით გამოარჩია სამოელ წინასწარმეტყველმა, ისრაელის სულიერმა ლიდერმა, ხოლო ქართლის, ახალი ისრაელის, ღვთის რჩეული ხალხის, პირველი ერისმთავარი, სპარსელთა მიერ მეფობის გაუქმების შემდგომ, გუარამი, დავით მეფის შთამომავალი, აირჩიეს კრებაზე, რომელსაც, ალბათ, როგორც სულიერი მამა, ხელმძღვანელობდა კათალიკოსი სამუელ III (არის ვარაუდი, რომ მთელ ქართლში მეფობა არ იყო გაუქმებული. მის ერთ ნაწილში იჯდა მეფე)...

გარდა ამისა, სამოელ წინასწარმეტყველის საქმე, ანუ დინასტიის გამორჩევა, სიმბოლურად, კიდევ ერთხელ განმეორდა, უკვე ცოტა მოგვიანებით, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მიერ, როდერსაც მან ცნო და აღიარა ბაგრატიონთა წარმომავლობა ბიბლიური დავითისგან და ამით გამოარჩია ბაგრატიონები სხვა გვარებიდან, ვითარცა დავითის შთამომავალი:

„დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“ (წმიდა გრიგოლ ხანძთელის მიმართვა წმიდა აშოტ კურაპალატისადმი - გიორგი მერჩულე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“).

სხვათა შორის, გრიგოლ ხანძთელი ისევე შეწირული იყო ღვთისადმი დედის საშოდან, როგორც სამოელ წინასწარმეტყველი: ,,საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თვისისა, ვითარცა სამოელ წინასწარმეტყველი და მარხვითა შინა იზარდებოდა მსგავსად წინამორბედისა.”

სამოელ წინასწარმეტყველის ლოცვა ნუ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას, ქართულ გვარებს და ჩვენს ოჯახებს!

გავიხსენოთ როგორ სცხო ზეთი და მეფედ აკურთხა სამოელ წინასწარმეტყველმა იესეს ძე დავითი, ბაგრატიონთა წინაპარი.

ძველი აღთქმა

წიგნი პირველისა სამოელისი, რომელსა ჩუენ პირველსა მეფეთასა უწოდთ

16

1. და ჰრქუა უფალმან სამოველს: ვიდრემდე ეგლოვდე შენ საულს? რამეთუ განმიგდებიეს იგი, რათა არღარა მეფობდეს იგი ისრაჱლსა ზედა, არამედ აღავსე რქა ეგე შენი ზეთითა და წარგავლინო შენ ბეთლემად იესესა, რამეთუ გამოვირჩიე ჩემდად ძეთაგანი იესესთა მეფედ!

2. მიუგო სამოველ უფალსა და ჰრქუა: ვითარ მივიდე მე, ნუუკუჱ სცნას საულ და მომკლას მე? ჰრქუა უფალმან სამოველს: წარიბ შენ თანა დიაკეული, ერთი მროწლისაგან. და ესრე სთქუა, ვითარმედ: შეწირვად მოვსრულვარ მსხუერპლთა უფლისათა.

3. და მოუწოდე იესეს და ძეთა მისთა შესაწირავსა მას თანა და გაუწყო შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს შენდა ყოფად. და სცხე მას ჩემდად, რომლისაცა გიბრძანო შენ!

4. და ყო სამოველ ყოველივე, რაჲცა უბრძანა მას უფალმან, და მოვიდა იგი ბეთლემად. და განიკჳრვეს მოხუცებულთა მათ ქალაქისათა შესლვა იგი მისი და ჰრქუეს მას: მშჳდობით არს შემოსლვა ეგე შენი ჩუენდა, მხილველო?

5. ხოლო მან ჰრქუა: მშჳდობით არს, რამეთუ მსხუერპლისა შეწირვად მოვსრულ ვარ უფლისა! არა განწმიდენით თავნი თქუენნი და ჩემ თანა ინაჴ-იდგით დღეს, მსხუერპლისა ამის ჟამსა. და განწმიდნა მან იესე და ძენი მისნი, მიუწოდა მათ მსხუერპლთა მათ ზედა.

6. და მოვიდეს იგინი მის წინაშე. და ვითარცა იხილა მან ელიაბ, თქუა წინაშე უფლისა: ესე-მე იყოს ცხებული მისი?

7. და ჰრქუა უფალმან სამოველს: ნუ ხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მაგისისასა, რამეთუ არა მთნავს ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღმერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს.

8. და მოუწოდა იესე ამინადაბს და წარმოდგა იგი სამოველის წინაშე და თქუა: არცაღა ესე გამოირჩია ღმერთმან.

9. მერმე წარმოუდგინა მას იესე სამაა და თქუა სამოველ: არცაღა ეგე გამოირჩია უფალმან!

10. და წარმოუდგინა იესე შჳდნივე იგი ძენი მისნი წინაშე სამოველისა და ჰრქუა სამოველ იესეს: არა ვინ გამოირჩია უფალმან ამათგანი.

11. მერმე ჰრქუა სამოველ იესეს: ეგოდენ არიან ძენი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: არსღა ერთი სხვა უმცირესი ამათსა სამწყსოსა გარე ცხოვართასა. და ჰრქუა სამოველ იესეს: წარავლინე მსწრაფლ და მოიყვანე იგი აქა, რამეთუ ვერ ეგების ჩუენდა ინაჴით დასხდომა, ვიდრე არა მოვიდეს იგი აქა.

12. და წარავლინა იესე და მოიყვანეს იგი წინაშე სამოველისა. და იყო იგი მწითურ, პირითა მხიარულ, გრემან, ქმნილკეთილ ხილვითა. მაშინღა ჰრქუა უფალმან სამოველს: აღდეგ ადრე და სცხე დავითს, რამეთუ ეგე გამოვირჩიე!

13. და მოიღო სამოველ რქა იგი საცხებელისა მის და სცხო მას წინაშე ძმათა მისთა, და მოვიდა სული უფლისა დავითის ზედა მიერ დღითგან მყოვარ ჟამ და წარვიდა სამოველ არმათემადვე.

14. და სული უფლისა განეშორა საულისგან და შეუჴდა მას სული უკეთური ბრძანებითა უფლისათა და აჭირვებდა მას.

15. მიუგეს მონათა საულისათა და ჰრქუეს: ესერა, სული უკეთური შეგაშფოთებს შენ უფლისა მიერ;

16. აწ ისმინე სიტყუათა მონათა შენთა. და უძიოთ უფალსა ჩუენსა კაცი ერთი, რომელმან იცოდის სახიობა გალობათა უფლისათა ქნარითა. და რაჟამს მოიწეოდის შენ ზედა სული უკეთური უფლისა მიერ, იტყოდის იგი გალობასა უფლისასა ქნარითა. და კეთილ იყოს იგი შენდა და განისუენებდი.

17. და თქუა საულ მონათა მისთა მიმართ: მიძიეთ მე კაცი ერთი, რომელი კეთილად გალობდეს უფლისასა, და მოიყვანეთ იგი ჩემდა.

18. მი-ვინმე-უგო ერთმან მონათაგანმან და ჰრქუა: ვიხილე მე ძე იესესი ბეთლემს, რომელი კეთილად გალობდა სახიობასა უფლისასა მეცნიერებით, და კაცი ბრძენი და ძალით ძლიერი და მჴნე, მჭევრი სიტყჳთა და შუენიერი ხილვითა, და უფალი არს მის თანა.

19. და წარავლინა საულ მოციქული იესესა თანა და ჰრქუა: მომივლინე მე დავით, ძე შენი, რომელი არს სამწყსოსა ცხოვართა შენთასა!

20. და აჰკიდა იესე კარაულსა ცხოვარი ერთი, პური, თხიერი ერთი ღჳნო და ერთი თიკანი და მიუძღვანა იგი იესე დავითის მიერ, ძისა თჳსისა, საულს. და შემოვიდა დავით და დადგა მის წინაშე და შეიყვარა იგი საულ ფრიად. და იყო დავით მომრთმელი მშჳლდ-კაპარჭთა მისსა.

21. და მიავლინა საულ კაცი ერთი იესესა და ჰრქუა: რათა დგეს დავით ჩემ წინაშე მარადის, რამეთუ პოვა მადლი წინაშე თუალთა ჩემთა!

22. და იყო, რაჟამს მოიწიის სული უკეთური უფლისა მიერ საულისა, მიიღის დავით ქნარი იგი და გალობნ მის წინაშე და განუსუენის საულსა, და სათნო-უჩნ მას, და განეყენის მისგან სული იგი უკეთური.

0

ავტორი: