ლიმონოვის პროგნოზით, რუსეთის ნგრევა კავკასიიდან დაიწყება ლიმონოვის პროგნოზით, რუსეთის ნგრევა კავკასიიდან დაიწყება />


  04:54:31     02-09-2012

ლიმონოვის პროგნოზით, რუსეთის ნგრევა კავკასიიდან დაიწყება

a21102.jpg

„რუსეთის ნგრევას კავკასიიდან, ლიბიურ–სირიული სცენარით დაიწყებენ“, – ასეთი, რუსებისთვის არცთუ სასიამოვნო სამომავლო პროგნოზი გააკეთა „დრუგაია როსიას“ ლიდერმა და მწერალმა, ედუარდ ლიმონოვმა.

მისი მოსაზრებით, მოსკოვი საკმაოდ თავქარიანად იქცევა მაშინ, როცა კავკასიაში თითქმის ყოველდღიურად ხალხს ხოცავენ, ხოლო „რელიგიური ომი“ უკვე „თათარსტანსაც მოედო“, ხელისუფლება კი „საკანონმდებლო იდიოტიზმითაა დაკავებული“, ხოლო ოპოზიცია „თავისგან რაღაც „ბალაკლავას“ მსგავსს ძერწავს“.

როგორც ლიმონოვი აღნიშნავს, ერთდროულად ორი ომი მიმდინარეობს: ერთი შიდაისლამურია სალაფიტებსა და ტრადიციული ისლამის მიმდევრებს შორის, ხოლო მერე – რუსეთის წინააღმდეგ კავკასიის წართმევის მიზნით.

„უახლოეს მომავალში, სირიას რომ გაუსწორდებიან, დასავლეთის ქვეყნები და მონარქები სპარსეთის ყურეში კავკასიაზე მოაწყობენ ლიბიასა და სირიას. აი, თქვენ, გაბრაზებული მოსკოველები მიიღებთ Pussy Riot–ს... გექნებათ „კმარა, კავკასიის გამოკვება!“, უტვინო ნაციონალისტებო. კავკასია სისხლიანი ქერქითურთ მოსცილდება რუსეთს!“, – წინასწარმეტყველებს თავის ბლოგში ლიმონოვი.

 „საუდის არაბეთი, არაბეთის ემირატები და დასავლეთის ქვეყნები „კავკასიის გათავისუფლებას“ დააფინანსებენ. მილიტარისტული თურქეთი თავის ტერიტორიაზე გაწვრთნის „აჯანყებულებს“, – პროგნოზირებს ედუარდ ლიმონოვი.

„დრუგაია როსიას“ ლიდერი ლაპარაკობს სოფელ ჩირკეიში დაღესტნის ყველაზე გავლენიანი შეიხის, საიდ აფანდის მკვლელობაზე, რომელსაც „რამდენიმე ათეული ათასი სულიერი მოწაფე მიურიდი (სუფიზმის მიმდევრები) ჰყავს“. მწერალი შეახსენებს ყველას, რომ ეს უკვე მეორე ანგარისწორებაა „გავლენიან სუფისტ მეცნიერთან და სასულიერო პირთან“. მანამდე სამხრეთ დაღესტანში, დერბენტის მახლობლად მოკლეს შეიხი სირაჟუტდინ ხურიკსკი.

„საიდ აფანდის წმინდანისა და მეცნიერის რეპუტაცია ჰქონდა. შესაძლოა, ახლა დაღესტანში მღელვარებები და შეტაკებები მოხდეს. ვის და ვის შორის? სალაფიტებსა და რევიზიონისტული ისლამის ადეპტებს შორის, რომლებიც ახლოს არიან ვაჰაბიტებთან და ტრადიციული სუფისტური ისლამის მიმდევრებს შორის, რომლებსაც მიეკუთვნებოდა აფეთქებული შეიხი“, – მსჯელობს ლიმონოვი.

ის ასევე ხაზს უსვამს, რომ დაღესტნის პრეზიდენტი, მაგომედსალამ მაგომედოვი სუფისტური ისლამის მიმდევრებს შეაიარაღებს. რადგან მან რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკვე დადო პირობა, რომ „უსაფრთხოების უზრუნველყოფისა“ და ბანდიტებისა და ტერორისტების დასასჯელად“ თავდაცვის რაზმებს შექმნის.

გართულებული სიტუაციიდან გამოსავალს, ლიმონოვი რუსეთის პრეზიდენტისა და მთავრობის შეცვლაში ხედავს.

0

ავტორი: