08:36:17     01-09-2012
L’indipendenza: ეს რუსული იმპერიალიზმია...

იტალიურ პრესაში ბოლო პერიოდში რუსეთის მიმართ საკვანძო საკითხებზე კრიტიკა გახშირდა.
რამდენიმე დღის წინ გაზეთი L’Opinione წერდა, რომ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე რუსული ჩრდილი ჩამოწვა და მოსკოვმა, გამორიცხული არ არის, ახალი კონფლიქტი გააჩაღოს.
ამჯერად კი ძველ კონფლიქტს სხვა გაზეთი იხსენებს.
სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა? არა, ეს მხოლოდ რუსული იმპერიალიზმია - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი L’indipendenza სტატიას, რომელშიც აკრიტიკებს იტალიის ოფიციალური ხელისუფლების დამოკიდებულებას 2008 წლის აგვისტოს ომთან და ზოგადად, რუსეთთან მიმართებაში.
2008 წელს რუსეთმა ინტერვენცია განახორციელა, რათა თავისი წესრიგი დაემყარებინა – წერს გაზეთი და ამის საილუსტრაციოდ აუცილებლად თვლის მოყვეს, თუ რა მოხდა აგვისტოში და როგორ აღიქვა ეს იტალიურმა საზოგადოებამ.
`იტალიის საზოგადოებამ ომი საქართველოში ძალზედ განყენებულად აღიქვა, რამდენადაც მისი ყურადღება ოლიმპიურ თამაშებზე იყო გადატანილი. და მიუხედავად იმისა, რომ იტალია ნატოს წევრია, პრესაში კი რუსეთის ოფიციალური ვერსია ვრცელდებოდა, ის მცირერიცხოვანი ადამიანებიც კი, ვისი ინტერესიც გამოიწვია ამ კონფლიქტმა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაესხა თავს ავტონომიურ და დამოუკიდებლობისკენ მსწრაფ რეგიონს, რამაც გამოიწვია ის, რომ 12 საათში დაიღუპა 1500 ადამიანი. რუსულმა მხარემ კი კონტრშეტევა განახორციელა, რომლის მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა იყო. და ეს კონტრშეტევა იმდენად ძლიერი იყო, რომ რუსული ჯარები 4 დღეში მიადგნენ თბილისს და პრაქტიკულად გაანადგურეს ქართული არმია~ - წერს ავტორი და ამ ვერსიის ლოგიკურად ახსნას ცდილობს.
როგორ მოხერხდა 12 საათში 1500 ოსის მოკვლა? მაშინ, რატომ ჰააგის ტრიბუნალი სააკაშვილს პასუხს არ აგებინებს?
`ყველაფერი მარტივადაა. იმიტომ, რომ ომის დამთავრების შემდეგ რუსებმა უარყვეს მასობრივი მკვლელობების ფაქტი. რუსეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ 4 დღის მანძილზე სამხრეთ ოსეთში მოკლული იყო 133 ადამიანი – როგორც ქართველი, ისე ოსი. მხოლოდ მათი ნაწილი იყო მშვიდობიანი მოქალაქე~ - წერს გაზეთი.
ავტორი იმასაც უსვამს ხაზს, რომ საქართველო არ ემზადებოდა ომისთვის და რეზერვისტები მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სამხედრო მოქმედებები დაიწყო და საუკეთესო შენაერთებიც მაშინ ერაყში იყვნენ.
კონფლიქტში არც ამერიკისა და ისრაელის ჯარები მონაწილეობდნენ. `საქართველოში იმყოფებოდნენ მცირერიცხოვანი მრჩევლები ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. არ იყო არც სამოქალაქო, არც ფსიქოლოგიური სამზადისი კონფლიქტისათვის, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისათვოს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნად იქცა~ - აღნიშნავს გამოცემა და ომის დაწყებასთან დაკავშირებით პუტინის განცხადება მოჰყავს, რომელიც მან ომის მეოთხე წლისთავზე გააკეთა, როცა თქვა, რომ საქართველოში შეჭრის გეგმა უკვე 2006 წელს იყო მზად, ოს სეპარატისტთა შეიარაღებული ფორმირებები კი რუსების ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ - აშკარა გეგმით, მოეხდინათ საქართველოსთან ომის პროვოცირება და გაეყარათ ქართული მოსახლეობა რეგიონიდან.
`დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა თუ რუსული იმპერიალიზმი? ოსეთის შემთხვევას ხშირად დამოუკიდებლობისათვის ბრძოლად მოიხსენიებენ. მაგრამ გახდა კი ის დამოუკიდებელი?~ - კითხულობს სტატიის ავტორი და ჩამოთვლის ამ ე.წ. დამოუკიდებლობის ატრიბუტებს:
ამ დროისათვის სახელმწიფო ენა იქ რუსულია, ვალუტა – რუბლი, პასპორტები რუსული, საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტილია, რუსეთთან კი – ღია და რეალურად, სამხრეთ ოსეთი გახდა ტიპური მაგალითი სტრატეგიისა - `დაყავი და იბატონე~.
`და ეს თუ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაა...~ – ასე ასრულებს იტალიელი ავტორი წერილს.
0