სოსო ცინცაძე: ივანიშვილმა წონასწორობა და პოლიტიკური ტაქტი დაკარგა სოსო ცინცაძე: ივანიშვილმა წონასწორობა და პოლიტიკური ტაქტი დაკარგა />


  17:17:53     31-08-2012

სოსო ცინცაძე: ივანიშვილმა წონასწორობა და პოლიტიკური ტაქტი დაკარგა

a21083.jpg

„ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ მომავალს 300 ლარად ყიდიან კანონის წინაშე დაისჯებიან. შეიძლება მათ თავისუფლება დაკარგონ.  ჩვენ მათი აბსოლუტური უმრავლესობის სახე უკვე ვიცით, ისინი ყველა აღრიცხვაზე გვყავს და ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვებით. ჟურნალისტებსაც ხშირად მივმართავ, რომ ეს ხომ თქვენი მომავალია და თქვენმა შვილებმა ხომ უნდა იცხოვრონ აქ? ის ქალბატონი, რომელიც მომავალს 300 ლარად ყიდის ამ თანხას გადაყვება. არცერთს არ ვაპატიებთ, ისინი 300 ლარად საკუთარი შვილების მომავალს ყიდიან და ამით დიდი პრობლემებს გვიქმნიან“- განაცხადა  ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას.  საზოგადოების მხრიდანამ განცხადებას  მძაფრი შეფასებები მოყვა. ექსპერტები, კოალიციის ლიდერის გამოსვლას, მის აგონიაში ყოფნას უკავშირებენ.  პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა თავისი ბოლოდროინდელი განცხადებებით, მშვიდობისმაძიებლის ნიღაბი მოიხსნა და საზოგადოების წინაშე დიქტატორული თვისებები გამოვლინა.

-  ჟურნალისტები, ბიძინა ივანიშვილისგან ქილიკს მიჩვეულები ვართ, ის ინტერვიუზე მხოლოდ ფავორიტ არხებსა და ჟურნალისტებს თანხმდება, სხვა ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებს კი ხელისუფლებისგან დავალებულს უწოდებს.  დღეს,  ის შეიძლება ითქვას თავისუფლების შეზღუდვით დაგვემუქრა...

- ბიძინა ივანიშვილმა წონასწორობა და პოლიტიკური ტაქტი დაკარგა. გრძელდება პრინციპი,  „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“.  დღეს კი,  ეს ყველაზე მძაფრად ჟურნალისტებისა და პედაგოგების მისამართით იგრძნობოდა. არ არსებობს კანონი, რომელიც მოქალაქეს,  საკუთარი პოლიტიკური რწმენის გამო თავისუფლებას აღუკვეთს. იგივე გეხებათ თქვენ,  ჟურნალისტებს, ვერანაირი კანონი ვერ დაგავალდებულებთ,  ბიძინა ივანიშვილი ან მიშა სააკაშვილი მოგწონდეთ. დღეს გაკეთებული განცხადებები,  დიქტატორული გამოვლინება იყო.  გამოდის რომ,  ივანიშვილის პირველი საზრუნავი, თუ რათქმაუნდა ხელისუფლებაში მოვიდა, იქნება განსხვავებული აზრის დევნა და შესაბამისი კანონის მიღება. აღმოჩნდა რომ,  ბატონი ივანიშვილი ტოტალურ ნადირობას გეგმავს ჟურნალისტებზე.

-    რას უკავშირებთ, ასეთ ტონს?

-   ივანიშვილის არცერთმა მიდგომამ არ გაამართლა. მას, ბევრ კითხვაზე, დღემდე არ აქვს პასუხი... ამიტომ, ახლა ტონი შეცვალა და ულტიმატუმისა და დაშინების მეთოდის გამოცდას აპირებს. ჩემი ვარაუდით, წინასაარჩევნოდ,  ივანიშვილმა რაღაცა ვერ გათვალა და ბოღმას თქვენზე ანთხევს.

ივანიშვილის მუქარაზე კომენტარი უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმაც გააკეთა.

დავით დარჩიაშვილი:

-   ეჭვი არასდროს მეპარებოდა ივანიშვილის დესტრუქციულ ხასიათში. კოალიციის ლიდერი,   ყოველდღე აკეთებს ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს. დღეს,  ჟურნალისტები და მასწავლებლები გააფრთხილა. ეს განცხადება გავდა პოლიციელისა და დამნაშავის ისტორიას,  როდესაც სამართალდამცავი ეჭვმიტანილს აფრთხილებს, რომ თუ რამეს იტყვის,  გამოყენებული იქნება მის წინააღმდეგ. ასე გააკეთა ბატონმა ივანიშვილმაც. ერთი ჟურნალისტის მაგალითზე,  სხვა ჟურნალისტებიც გააფრთხილა და უთხრა თუ ხმას ამოიღებთ მომავალს დაგინგრევთო...

-  ბატონო დავით, დღეს,  მასწავლებლებსა და კორდინატორებსაც  „არ გაუმართლათ“... ივანიშვილი თვლის რომ მათი დიდი ნაწილი უწიგნურია...

-  ივანიშვილმა სპეცოპერაციისას დაღუპული გმირებისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ იკმარა და ახლა,  საზოგადოების ყველაზე მეტად დასაფასებელ ნაწილს მასწავლებლებს ებრძვის. ივანიშვილი გაცეცხლებულია, იცის რომ მისი გამარჯვების შანსი, ნულის ტოლია და დამნაშავის პოვნას ცდილობს, საზოგადოების სხვადასხვა ფენაში. ვურჩევ, რომ დაბალი რეიტინგის მიზეზი კოალიციაში ეძებოს.

მართალია,  ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა შალვა რამიშვილმა ამ მუქარის შერბილება სცადა და დახატა სიტუაცია,  რომ  ოლიგარქი ჩამოთვლილი ადამიანების დევნას არ აპირებს.  თუმცა,  „პრესა.ჯი- სთან“ საუბრისას,  მუქარის ტონი „ოცნების“ პრეს–სპიკერმა მაია ფანჯიკიძემაც შეინარჩუნა.

„აბსოლუტურად ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს. ის ადამიანები,  რომლებიც მიხეილ სააკაშვილს არჩევნების გაყალბებაში ეხმარებიან,  კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან, მათ შორის ჟურნალისტებიც“ – ბიძინას პათოსით განაცხადა  „დედა ბუმ“.

0

ავტორი: