პედაგოგები, ჟურნალისტები... - ბიძინა „დასაჭერთა“ სიას ზრდის პედაგოგები, ჟურნალისტები... - ბიძინა „დასაჭერთა“ სიას ზრდის />


  12:06:18     31-08-2012

პედაგოგები, ჟურნალისტები... - ბიძინა „დასაჭერთა“ სიას ზრდის

a21074.jpg

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ  თუკი „ქართული ოცნება“ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ამას არცერთი სადამკვირვებლო მისია არ გააკეთებს.

„დღეს პირველად ზუსტად ასე მოგახსენებთ. იმდენი  დარღვევებია, რომ საერთაშორისო მეგობრობა და სადამკვირვებლო მისია ვერსად ვერ წავა. ვერ აღიარებენ არჩევნებს. თუკი ამას ჩვენ არ გავაკეთებთ“-განაცხადა ივანიშვილმა.

ოლიგარქის თქმით, ხელისუფლება მიიღებს იმაზე უარესს, რასაც არჩევნების წაგების შემთხვევაში მიიღებდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს ივანიშვილს მისი გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან  გაჟღერებულ ქსენოფობიურ და არადიპლომატიურ განცხადებებზე?

ივანიშვილმა უპასუხა, რომ ისინი არიან ახალგაზრდა გუნდი და ჯერ სასწავლი აქვთ.  „საერთოდ, ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ახალგაზრდაა. 20–22 წელი, არაა საკმარისი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს პოლიტიკური სპექტრი. მითუმეტეს, რომ ჩვენს კოალიციაშია ბევრი ახალგაზრდა პოლიტიკოსია. ეშლებათ, მაგრამ გამოდიან და კორექტირებას აკეთებენ. შალვა ხაჭაპურიძემ ეს უკვე გააკეთა და სოსო ჯაჭვლიანიც ამასვე გააკეთებს“- აღნიშნა ივანიშვილმა.  ბატონ ოლიგარქს თუ სოსო ჯაჭვლიანი და შალვა ხაჭაპურიძე 20–22 წლისანი ჰგონია,  საკუთარი თავი სავარაუდოდ, 26–27 წლისა უნდა ეგონოს.

შეგახსენებთ, რომ შალვა ხაჭაპურიძემ  ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეხვედრას სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ იმიტომ არ გამართავდა, რომ „ბლუ“ ცისფერს ნიშნავს და ცისფერების სასტუმროში ის არ შევა.  „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო ჯაჭვლიანმა კი, ამერიკის შეერთებული შტატები არაკორექტულად გააკრიტიკა, რის გამოც ივანიშვილს თავის მართლება მოუწია.

ბიძინა ივანიშვილი იმუქრება, რომ ყველას არ დაამშვიდებს და ბევრ ადამიანს პასუხისგება მოუწევს იმ ქმედებებისთვის, რასაც ივანიშვილის ოპოზიციაში ყოფნის დროს აკეთებდა. ბიძინა ივანიშვილი პედაგოგებს, ვინც მმართველი პარტიის მხარდამჭერია, დაპატიმრებით ემუქრება.

„ძალიან ბევრი კადრი და ვიდეომასალა გაგვაჩნია. ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებას ემსახურებიან, პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ. მოსახლეობამ უნდა ისწავლოს, რომ ყველაზე დიდი დანაშაული ადამიანის ხმის მოპარვაა. ამას, არავის არ ვაპატიებთ.  დაისჯებიან პედაგოგები, რომლებიც ხშირად გაუნათლებლები არიან. ვგულისხმობ, რომ უმაღლესი განათლება არ გააჩნიათ. არც მათ არ ვაპატიებთ, რომ მმართველი პარტიის კოორდინატორები არიან. ბევრი გადაყვება თავის 300 ლარს და შეიძლება დაკარგოს თავის თავისუფლება ამ 300 ლარის სანაცვლოდ“-განაცხადა ივანიშვილმა.

ამ განცხადების შემდეგ, ჟურნალისტი შალვა რამიშვილი შეეცადა ივანიშვილს დახმარებოდა, რომ თავისი მკვეთრი და მკაცრი განცხადება „შეერბილებინა“. შალვა რამიშვილმა ივანიშვილს სთხოვა დაეკონკრეტებინა ვინ დაისჯებოდა.

„ანუ დაისჯებიან ის პედაგოგები, რომელთა წინააღმდეგაც კომპრომატები გექნებათ. თუკი ვინმე იტყვის, ეს ადამიანი „მმართველი პარტიის“ კოორდინატორი იყოო, ისინი არ დაისჯებიან, ხო ბატონო ბიძინა?“- სცადა დახმარება რამიშვილმა, თუმცა ივანიშვილს თავის განცხადება არ შეუცვლია.  თვით რამიშვილმა თავი უხერხულად იგრძნო.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა არც ჟურნალისტები დაივიწყა. მან ჟურნალისტებს მოუწოდა „კეთილი ინებონ“ და კარგად მოუსმინონ მის გამოსვლებს. „კეთილი ინებონ“, ხომ იცით ამ ფრაზას გამოეკიდებიან და რომ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ ამაში ბატონო ბიძინა, როგორ გავიგოთ?“ „როგორც გინდათ ისე გაიგეთ“ - იყო ოლიგარქის პასუხი.

„მეოცნებეთა ლიდერმა“ ისიც გაამხილა, რომ არ მოსწონს „ბიძინისტობა“ და  ებრძვის ამას. ბოლოს ისიც გაანდო რამიშვილს, რომ ერთი სული აქვს, როდის წავა პოლიტიკიდან.

„ერთი სული მაქვს, როდის წავალ პოლიტიკიდან. ახლაც არ ვგრძნობ თავს კომფორტულად. სააკაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის იმაში, რომ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ არც მე ვარ ცუდი კაცი და გუნდიც კარგი მოვიყვანეთ.

პოლიტიკიდან წავალ, მაგრამ კუდამოძუებული კი არ წავალ, გამარჯვებული წავალ და დავტოვებ ხელისუფლებას, რომელზეც პასუხს ვაგებ. ბერკეტი საზოგადოების ხელში უნდა იყოს. მეოცნებე ვარ და მიყვარს ოცნება, თუმცა, პრაგმატიზმიც არ მაკლია“ - განაცხადა ივანიშვილმა.

0

ავტორი: