ზუგდიდელები ივანიშვილს  პასუხს სთხოვენ.. ზუგდიდელები ივანიშვილს პასუხს სთხოვენ.. />


  11:57:45     31-08-2012

ზუგდიდელები ივანიშვილს პასუხს სთხოვენ..

a21073.jpg

ბიძინა ივანიშვილი, ზუგდიდში,  9 სექტემბერს  „გრანდიოზული აქციის“ ჩატარებას გეგმავს. კოალიციის წარმომადგენლებმა შესაბამისი  სანქციის მოთხოვნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე მიმართეს.  

ზუგდიდელების ნაწილი ოლიგარქს ურჩევს, რომ სიტყვით გამოსვლისას კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, ფრთხილი იყოს და ზუგდიდში „ბანდ-ფორმირებების“ არსებობა,  ფაქტებით გაამყაროს ან ალასანიას ეს სკანდალური განცხადება, რომელსაც თავადაც დაეთანხმა, საჯაროდ უკან წაიღოს.

იქნება თუ არა ზუგდიდის აქცია მასშტაბური, ამას 9 სექტემბერს,  მთავარ მოედანზე შეკრებილი ხალხი გასცემს პასუხს. თუმცა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ლაშა დამენია ეჭვობს, რომ სხვა აქციების მსგავსად,  ზუგდიდის აქციაზე კოალიცია, მხარდამჭერებს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანს.

ლაშა დამენია:

- რამდენიმე დღის წინ,  ზუგდიდში „შინ“- ის კონცერტი ლამის ჩაიშალა, არა იმიტომ რომ მეგრელებს „შინი“ არ მოსწონს. იმიტომ რომ, ამ კონცერტს პოლიტიკური სარჩული ქონდა. კონცერტი 20:00 საათისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ იქ ამ დროისთვის 15-მდე ადამიანი იყო. მას შემდეგ კი რაც „შინი“-ის წევრებმა განაცხადეს, რომ აქცია ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი არ იყო, ხალხის რაოდენობამ მოიმატა.

- ყოველივე ამის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია,  9 სექტემბერს აქცია გაიმართოს და მას „გრანდიოზული“ ეწოდოს?

–      წინასწარ პროგნოზს ვერ გააკეთებ. სამწუხაროდ, ზუგდიდშიც არიან ადამიანები, რომლებიც ორჯონიკიძის იდეოლოგიით ცხოვრობენ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. ზუგდიდელმა ამომრჩეველმა,  ბიძინა ივანიშვილს თავისი განწყობა სამეგრელოს ორ სოფელში ორულსა და ოდიშში უკვე დაანახა. გახსოვთ რომ მას რუსის აგენტიც კი უწოდეს. დაანონსებულ აქციას რაც შეეხება, ივანიშვილს მხარდამჭერების მობილიზება სხვადასხვა რეგიონებიდან არ გაუჭირდება. მე ვსაუბრობ ზუგდიდელებზე. ყველა გამოკითხვით, ივანიშვილი და მისი კოალიცია მეგრელების კეთილგანწყობას ვერ იმსახურებენ. მეტიც, ზუგდიდში, ჩვენი მთავარი კონკურენტები „ქრისტიან-დემოკრატები“ არიან.

- რაც შეეხება, წინასაარჩევნო ცხოვრებას, რა ხდება ზუგდიდში როგორი განწყობა აქვთ ზუგდიდელებს?

- სამეგრელო არჩევნებზე ყოველთვის მაღალ აქტივობას აჩვენებდა. განწყობას რაც შეეხება,  შემიძლია გითხრათ, რომ მეგრელების განაწყენება ირაკლი ალასანიას ბანდ-ფორმირებებზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გაორმაგდა. ვიცით, რომ სოფლებში მას არაერთხელ მოსთხოვეს ამ მოსაზრების ფაქტებით გამყარება, ან უკან წაღება. ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩვენ, ზუგდიდში კონკურენტი „ქართული ოცნების“ სახით არ გვყავს.

რაც შეეხება აქციის ჩატარების ნებართვას, როგორც „პრესა.ჯი“-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა თენგიზ შანავამ განუცხადა, შესაბამისი სამსახურები „ქართული ოცნების“ განცხადებაზე მუშაობენ.

0

ავტორი: