00:18:32     30-08-2012
სპეცოპერაცია, ნისლის გამო, დროებით შეჩერებულია – რეპორტაჟი სოფელ ლაფანყურიდან...

საქართველო- რუსეთის საზღვარზე, დაღესტნის ტერიტორიაზე, დაღესტნელ ბოევიკებსა და ქართველ სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ბოევიკი. მსხვერპლი ჰყავს ქართულ მხარესაც. ორდღიან სპეცოპერაციას 3 სპეცრაზმელი ემსხვერპლა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ორი წევრია, ხოლო ერთი თავდაცვის სამინისტროს სპეციალური რაზმის წევრი, რომელიც ამავე დროს სამხედრო ექიმიც იყო.
შსს მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართველ სპეცრაზმელებს 6 ბოევიკი ალყაში ჰყავთ.
დაახლოებით საღამოს 20:00 საათისთვის ტერიტორიაზე კრაზის ტიპის ორი სამხედრო სატვირთო მანქანა შევიდა , რომელშიც თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის 40-მდე წევრი იმყოფებოდა.
სოფელ ლაფანყურის ცენტრში შსს-ს თანამშრომლები პატრულირებენ. დასახლებული ტერიტორიის მიღმა გასვლის საშუალება არც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსა და არც სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის სპეცოპერაცია შეჩერებულია, ვინაიდან მთაში ნისლია. თუმცა სოფელ ლაფანყურში სპეცოპერაციის ადგილიდან მხოლოდ ცარიელი პიკაპის ტიპის ავტომობილები ბრუნდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მთელი ღამის განმავლობაში სპეცოპერაციის ადგილზე დარჩებიან.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელში პანიკაა და მოქალაქეები სახლებს ტოვებენ, თუმცა აღნიშნული ინფოირმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც "პრესა.ჯი"-ს სოფლის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, ისინი არსად წასვლას არ აპირებენ და არც პანიკაში არიან. სოფლის მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ სპეცოპერაციის დასრულებას ამაღამ ელოდებიან, რის გამოც სახლებიდან წასვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის რამდნიმე ათეული მაცხორვებელი, სოფელ ლაფანყურის ცენტრში ჟურნალისტებთან ერთად ელოდება სპეცოპერაციის დასრულებას.
დაახლოებით 22:00 საათისთვის სპეცოპერაციის ადგილიდან გამოვიდა ორი სასწრაფი დახმარების ავტომობილი, თუმცა სოფლის ცენტრში შეკრებილი ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, გადაჰყავდათ თუ არა დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს.
ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა, მედიასაშუალების წარმომადგენლები კი კვლავ სოფლის ცენტრში რჩებიან.
0