13:56:07     29-08-2012
კონსტანტინე მაყაშვილის „რომანსი“
1927 წლის 29 აგვისტოს გარდაიცვალა ცნობილი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე, კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილი
კოტე მაყაშვილი დაიბადა 1875 წლის 13 (ახალი სტილით 26 ნოემბერს) თელავის მაზრის სოფელ იყალთოში. მამა ხელმოკლე თავადი ყოფილა. დედა, ნინო (ქალიშვილობის გვარი აბელიშვილი) სოფელ ოჟიოდან გახლდათ. ხუთი წლის იყო მომავალი პოეტი, მამა რომ გარდაეცვალა. გააგზავნეს ყარსის ოლქის დაბა სარაყამისში, სადაც მისი უფროსი ძმები მსახურობდნენ. 8 წლისა კახეთში დაბრუნდა. დედასთან შეხვედრას მწერალი თავის ავტობიოგრაფიულ ცნობაში ამრიგად აღწერს:
“არ დამავიწყდება დედაჩემთან შეხვედრის წუთი, როდესაც იყალთოში ჩამიყვანეს, წინ მომეგება დედა მთრთოლვარე, გახარებული… მაგრად, მაგრად ჩამიკრა გულში, მე გულგრილად დავხვდი ამ ამბავს. შევცქეროდი დედაკაცს, რომელიც დედაჩემი უნდა ყოფილიყო და რომელიც რაღაცას მეუბნებოდა ჩემთვის გაუგებარს ენაზედ, დედაჩემმა იგრძნო ესა, შეკრთა და ცრემლები წამოსცვივდა თვალთაგან, “ვაიმე, შვილი გამირუსესო”, – წამოიძახა საწყალმა. ნაწყენი იყო დედაჩემი მით უმეტესად, რომ მე, როგორც “ნაბოლარა”, მეტად ვუყვარდი”.
ამგვარ ოჯახში გაიზარდა კოტე მაყაშვილი და თვითონაც შვილები ასეთივე სულისკვეთებით გაზარდა...
პირველი ლექსი 9 წლის ასაკში დაუწერია. ათი წლისა სათავადაზნაურო სკოლაში შეიყვანეს. შემდეგ თბილისი მეორე კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო სწავლა. ამ დროს გარდაეცვალა დედა და და, რამაც ძალიან დაამწუხრა ჭაბუკი პოეტი.
1895 წელს სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1900 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად.
1903 წელს ქართულ სათავადაზნაურო ბანკში დამფასებლად დანიშნეს, ხოლო 1915 წელს ამავე ბანკის დირექტორად აირჩიეს.
მისი ერთადერთი კრებული „ლირიკა“ გამოვიდა 1914 წელს.
კოტე მაყაშვილი თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: გაზეთებში - "ივერია", "სახალხო გაზეთი", "ისარი", "საქართველო", "ლომისი", "თემი" და სხვა. ჟურნალებში - "საქართველო", "ფასკუნჯი", "პრომეთე", "ლომისი".
1918 წელს მისი თავმჯდომარეობით დაარსდა ხელოვანთა ცენტრი. 1921 წელს იგი აირჩიეს ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ. კოტე მაყაშვილი გახლდათ ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობისა და ქართული ფილარმონიული, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო და ქართული დრამატული საზოგადოებებისა.
1920-იანი წლების დასაწყისში კოტე მაყაშვილი გახლდათ ლიტერატურული გაერთიანება "აკადემიური მწერლობის კავშირის“ აქტიური წევრი (წევრები იყვნენ: კ. გამსახურდია, პ. ინგოროყვა, ა. აბაშელი, ი. გრიშაშვილი, კ. მაყაშვილი, ვ. კოტეტიშვილი, ვ. რუხაძე, ს. თავაძე, ა. ჭუმბაძე და სხვები). იგი გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, კავშირის ჩამოყალიბებისთანავე აირჩიეს პირველ თავმჯდომარედ.
კოტე მაყაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1927 წლის 29 აგვისტოს, გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ პოეტის ლექსს „რომანსი“. ეს ლექსი სასიმღეროდ იქცა. მღეროდა ვანო სარაჯიშვილი. ლექსების კრებულში „ლირიკა“ ამ ლექსისთვის იოსებ გრიშაშვილს მიუწერია: „ არას გზით არ შეიძლება ამ ლექსის შესწორებით დაბეჭდვა, დაიბეჭდოს როგორც წიგნშია, ყველა მღერის“.
პოეტის ქალიშვილი, მარო მაყაშვილი საქართველოს ეროვნული გმირია, რომელიც ბოლშევიკების შემოტევის დროს ქართული არმიის მედ დად მოღვაწეობდა და გარდაიცვალა კიდეც თბილისის დაცვისათვის ბრძოლაში.
საოცარი სტრიქონი აქვს დაწერილი გმირი ქალიშვილის აღმზრდელ მამულიშვილ პოეტს: „თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!“. აქ მაისში მარტო გაზაფხული კი არ იგულისხმება, არამედ 26 მაისიც. ეს არ არის მხოლოდ ქალიშვილის გლოვა, ეს სამშობლოს გლოვაც გახლავთ. „სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..
დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი!“ - წერს პოეტი. კოტე მაყაშვილის ვაჟიც სამშობლოს დამცველთა რიგებში მდგარა, რაც მამას საამაყოდ ჰქონდა. „საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა, ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა“ („ჩემს ვაჟს“).
მკითხველს აქვე ვთავაზობთ გავისხსენოთ კოტე მაყაშვილის ლექსები საამაყო შვილებისადმი მიძღვნილი.
რომანსი
დავრდომილი, სნეული,
უნუგეშოდ ვსტირი მე,
კვნესის, ოხრავს ეს გული...
რა ვქნა, შენი ჭირიმე?!
მანამ მქონდა ძალ-ღონე,
სევდას ვკლავდი მე მალე,
ეხლა მას დავემონე...
რა ვქნა, შენ გენაცვალე?!
მწარე ნაღვლით აღსავსე
გული ნაღვლით გავბანე,
მაგრამ აივსო ისევ...
რა ვქნა, შენ გეთაყვანე?!
სული კვნესის დამწვარი!
ვწყევლი მუდამ ბედსა მე,
რა ვქნა, რა ვქნა, მითხარი,
შენი ჭირი, კვნესა მე.
1902
მაროს
დავიღალე, აღარ მალხენს მნათობთ ლბილი ციალი,
ჩემს ოცნებას აღარ ძალუძს ცად ნავარდი, სრიალი,
ჯადოსნური წრე მევლება, შიგ მიხდება ტრიალი,
ახ, უშენოდ, ჩემო მარო, დავრჩი ობოლ-ტიალი.
არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!
დავიღალე... დავიჩაგრე... და შენი ვარ მხმობელი,
ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,
სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..
დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი!
მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა! შემინდე!
მაროს მამა - ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?
როს იღვიძებ, შვილო ჩემში, მფეთქავ ალად ვიგზნები!
შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!
შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,
სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,
და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,
წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!
1921
ჩემს ვაჟს
შენც მიდიხარ იქ, საითკენ ქართველები იჩქარიან,
გული სევდით მეკუმშება და თან... და თან მიხარიან!
მართალი ხარ: საქართველო გაჭირვების წუთს განიცდის,
ამგვარ წუთში წმინდა გრძნობა, წრფელი გრძნობა აღარ იცდის.
რომ გაფუჭდე უსარგებლოდ?! არ მიჯერებ, თქმას არ მაცდი, -
ჯერ ბავშვი ხარ, უსუსური და სულით კი დავაჟკაცდი!
წადი, შვილო, შეასრულე, რაც გიბრძანა შენმა გულმა,
თავდადებულ გმირთ წინაპართ გიწინამძღვროს დიდმა სულმა.
საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,
ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.
16 თებერვალი, 1921 წელი
0