09:12:24     28-08-2012
საქართველოზე რუსული სამხედრო კორიდორის გაჭრის გეგმა, წლების წინ დაიწერა
სირიაზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის გასამყარებლად ემზადება – პუბლიკაციები ამ სათაურით რუსულ საინფორმაციო სივრცეში პირველად არ ვრცელდება.
ამჯერად რუსი ავტორი მიხეილ ალექსანდროვი რუსეთის გეგმებსა და ამ მიმართულებით უკვე არსებულ პროექტებზე დეტალურად წერს.
ის იხსენებს გასული წლის დეკემბერში რუსეთის გენერალ-მაიორის იური ნეტკაჩოვის განცხადებას, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომის შემთხვევაში რუსეთი სომხეთის ბაზის მომარაგებისთვის გზას, ე.წ. სატრანსპორტო კორიდორს საქართველოზე გაჭრის.
ალექსანდროვი აღნიშნავს, რომ პირველად საქართველოზე გავლით ე.წ. სატრანსპორტო კორიდორის გაჭრაზე საუბარი იყო დსთ-ის ერთ-ერთ ანალიტიკურ მოხსენებაში, სათაურით `ისტორიის დასაწყისი ან ბოლო~, რომელიც 1997 წელს დსთ-ის ინსტიტუტის მიერ მომზადდა.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ `საქართველოს მიერ ანტირუსული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, საჭირო იქნება გაიჭრას კორიდორი, რომელიც რუსეთის სომხეთთან პირდაპირ კომუნიკაციას უზრუნველყოფს~.
ამ კორიდორის იდეა, რომელიც 15 წლის წინ გაჩნდა, მუდმივად მუსირებს რუსეთის სამხედრო წრეებში – ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორიც აღნიშნავს, რომ `საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, აცნობიერებს ვითარების სერიოზულობას~, რადგან გრიგოლ ვაშაძემ, უკრაინაში ვიზიტისას, ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლებლობისთანავე ახალ აგრესიას განახორციელებს არა მარტო საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების წინააღმდეგაც.
`ამ პოლიტიკის მიზეზი ისაა, რომ კრემლი ცდილობს აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ეს დეკლარირებული პოლიტიკური მიზანია, ამოცანა, რომელიც სხვადასხვა რუსული სამსახურების მიერაა დასახული. სამხედრო აგრესიის საბაბად კი შეიძლება იქცეს ნებისმიერი სამხედრო-პოლიტიკური გართულება რეგიონში – მთიანი ყარაბაღი, ირანი~ - ციტირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდროვი და შენიშნავს, რომ რუსეთის მიერ იმპერიის აღდგენის მცდელობაზე სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერიც წერდა, რომელიც თვლის, რომ რუსეთს არ აქვს რეალური რესურსები სირიის დასახმარებლად, რადგანაც შორსაა მისგან. ამ პირობებში კი რუსეთს დასჭირდება პატარა გამარჯვების მომტანი ომი, რომ დაამციროს დასავლეთი და იმიჯის კომპენსაცია გაიკეთოს სირიაში წაგების გამო:
`როგორც ჩანს, ვიღაცას ჰგონია, რომ ერთი სწრაფი დარტყმით საქართველო შეიძლება გაიწმინდოს ამერიკული გავლენისგან და უარი თქვას ნატოს წევრობაზე. სომხეთი მჭიდროდ იქნება მიტმასნილი, აზერბაიჯანიც ვერსაც წავა. სამაგიეროდ, გაზისა და ნავთობის მილები, რომლებიც კასპიის აუზიდან მოდის, კონტროლს დაექმევემდებარება, ყარაბაღში კი რუსი სამშვიდობოები შევლენ. განმტკიცდება ახალი სტატუ-ქვო. პირადი ძალაუფლების რეჟიმი დამყარდება მოსკოვში, აშშ კი მოკავშირეებთან ერთად, დაე, დაკავდეს სირიითა და ირანით~ - წერს ფელგენგაუერი.
თუმცაღა, თბილისმა ამერიკელებთან ერთად რუსები შეიძლება ხაფანგში გააბან – წერს მიხეილ ალექსანდროვი და საქართველოს სამხედრო პოტენციალსა და აგვისტოს ომში რუსეთის შეცდომებს იხსენებს.
რაც შეეხება აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემთხვევას, ალექსანდროვის თქმით, აქ სხვა პოლიტიკა ამოქმედდება:
`ირანის დასავლეთის კონტროლქვეშ გადასვლის შემთხვევაში, ეს რუსეთისთვის სტრატეგიულ ნაციონალურ საფრთხეს შექმნის. ირანში გასაცვლელი არანაირი ტერიტორია არ არსებობს. ეს დაფიქისირებულია კონკრეტულ დოკუმენტებში, რომლებიც მოსკოვსა და თეირანს შორისაა გაფორმებული~ - წერს ის და იხსენებს ირანთან 1921 წელს დადებულ ხელშეკრულებისას, რომელიც მისი თქმით დღემდე მოქმედებს და ფაქტობრივად, რუსეთის პროტექტორატს აღიარებს ირანზე, რადგან მასში ნათქვამია, რომ თუ მესამე ქვეყნების მიერ ირანზე სამხედრო თავდასხმის საფრთხე შეიქმნება ან იქნება მცდელობა მისი რუსეთისადმი მტრული სახელმწიფოს ბაზად ქცევისა; თუ ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებს, ირანის ხელისუფლებაკი ვერ შეძლებს თავად გამკლავებას, საბჭოთა ხელისუფლებას იქ თავისი ჯარების შეყვანა შეუძლია, რომ თავდაცვის მიზნით შესაბამისი სამხედრო ზომები მიიღოს.
ასე რომ, აშშ-ის ირანშზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია თავისი ჯარი შეუყვანოს ირანში ზუსტად ისე, როგორც ეს 1941 წლის აგვისტოში გააკეთა – წერს ავტორი, საქართველოსა და აზერბაიჯანში კი რუსული ჯარების შეყვანას დიდი ომის წინ პრელუდიას უწოდებს.
ამის დასტურად კი იშველიებს რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის ნიკოლაი მაკაროვის განცხადებას გასული წლის ნოემბერში, როცა მან თქვა, რომ ლოკალური კონფლიქტები რუსეთის საზღვრებთან, შეიძლება, ფართომასშტანიან ომში გადაიზარდოს, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებით.
ალექსანდროვი ეჭვობს, რომ მაკაროვი სწორედ ზემოაღნიშნულ სცენარზე ლაპარაკობდა.
0