08:51:38     28-08-2012
გოეთეს დაბადების დღისადმი
1749 წლის 28 აგვისტოს მაინის ფრანკფურტში დაიბადა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (Johann Wolfgang von Goethe) - გენიალური პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე, დიდი მოაზროვნე...
მამა, იოჰან კასპარ გოეთე იყო სახელმწიფო მრჩეველი, ადვოკატი. დედას კატარინა ელიზაბეთი ერქვა. მამა იყო მომთხოვნი, პედანტი კაცი და ძალიან წესიერი ადამიანი. დედამ შეაყვარა ისტორია, კითხვა.
ოჯახში ჰქონდათ დიდი ბიბლიოთეკა. იქ გაიცნო გოეთემ ჰომეროსი, ოვიდიუსი, ვერგილიუსი. 1755 წლიდან მოუყვანეს სახლში მასწავლებელი. გერმანულის გარდა ასწავლიდნენ ლათინურს, ბერძნულს, ფრანგულს და იტალიურს. ასევე სწავლობდა ცეკვას, ფარიკაობას. 1765 წელს ჩააბარა ლაიპციგის უნივერსიტეტში, შემდეგ სტრასბურგში სწავლობდა, სადაც დაიცვა დისერტაცია და გახდა სამართლის დოქტორი.
სამართალზე მეტად მედიცინა აინტერესებდა. სიყმაწვილიდანვე წერდა ლექსებს...
გავიდა დრო, გერმანიის, და არა მარტო გერმანიის, არამედ მთელი ევროპისა და მსოფლიოს, კულტურაზე დიდად იმოქმედა „ქარიშხლისა და შეტევის“ ეპოქის ერთ-ერთმა უმთავრესმა ლიდერმა.
გოეთეს რამდენიმე შესანიშნავი ნაწარმოები უკვე გვაქვს პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. ჩვენს მკითხველს რამდენიმე საინტერესო ისტორიაც ვუამბეთ მის შესახებ. დღეს გავიხსენოთ მისი ორი ლექსი.
„პრომეთე“.
ეს ლექსი გოეთემ დაწერა 1774 წელს. ციკლიდან „სხვადასხვა ლექსები“. თარგმნა ხარიტონ ვარდოშვილმა. განმარტებებში წერია:
„პრომეთე ბერძნული მითის პერსონაჟია, კაცთმოყვარე ტიტანი, რომელმაც ცეცხლი მოსტაცა ზევსს და ადამიანებს გადასცა. განრისხებულმა ზევსმა ურჩი პრომეთე კავკასიონზე მიაჯაჭვა და გაუმაძღარი არწივი მიუჩინა, რომელიც ტიტანს გულ-ღვიძლს უძიძგნიდა. პრომეთე განსაცვიფრებელი სიმტკიცით იტანდა ამ უსამართლო სასჯელს. პრომეთეს მითის პირველი ლიტერატურული დამუშავება ეკუთვნის ბერძენ ტრაგიკოსს ესქილეს (525-456 ძვ. წ.). ესქილეს შემდეგ ეს თქმულება გადაიქცა მსოფლიო მწერლობის უსაყვარლეს თემად. ის იყო საუკეთესო მასალა პროტესტანტული იდეების გამოსახატავად. ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ „ქარიშხლისა და შეტევის“ პერიოდში „გეც ფონ-ბერლიხინგენისა“ და „ვერტერის“ ავტორიც დაინტერესდა პრომეთეს სახით. 1773-1774 წლებში გოეთე წერს დრამატულ ფრაგმენტს „პრომეთე“, რომელშიაც გამოამჟღავნა მებრძოლი ტემპერამენტი და ქედუხრელი პროტესტი თავისი საუკუნის ტირანული და ფილისტერული სულისკვეთების წინააღმდეგ. ამ წიგნში წარმოდგენილი ლექსი, გოეთეს კომენტატორთა აზრით, დაწერილი უნდა იყოს აღნიშნული დრამატული ფრაგმენტის შემდეგ და არ უნდა წარმოადგენდეს დრამის ნაწილს.
საყურადღებოა აგრეთვე ერთი ისტორიული ფაქტი. 1780 წელს იაკობთან საუბარში ლესინგმა დიდი შეფასება მისცა გოეთეს „პრომეთეს“, რომელშიც, მისი აზრით, სპინოზას ფილოსოფიის სულია გამჟღავნებული. ლესინგი არ შემცდარა. საყოველთაოდ ცნობილია ის დიდი გავლენა, რომელიც სპინოზამ მოახდინა გოეთეზე. ამის შესახებ თვითონ გოეთე ამბობდა: „ამაოდ ვიცქირებოდი ირგვლივ, ვეძებდი საშუალებებს ჩემი საოცარი არსევის განვითარებისათვის და ამ დროს ხელში ჩამივარდა სპინოზას „ეთიკა“... მე ვგრძნობდი, რომ ჩემი ვნებები მიყუჩდა და ჩემს თვალწინ გაიშალა ახალი, დიადი, ნათელი შეხედულება გრძნობად და ზნეობრივ სამყაროზე“.
„საპოვნელა“. თარგმნა მარიამ შელეგიამ.
დიდ გოეთეზე კვლავ გვექნება საუბარი.
პრომეთე
(თარგმნა ხარიტონ ვარდოშვილმა)
ო, დიდო ზევსო, დაჰფარე ზეცა
ღრუბლის ალმურით,
და მოიქეცი იმ ვაჟის დარად,
რომელიც კაფავს ყლორტებს ნარისას.
მეხით დაბელე დიდი მუხები
და მთის მწვერვალნი,
ოღონდ მომეცი მე ჩემი მიწა
და დამიტოვე ჩემი კარავი,
რომელიც შენს ხელს არ აუგია,
და ჩემი კერაც
მისი ღველფითურთ,
შენში რომ იწვევს შურსა და მტრობას.
თქვენზე ღატაკი ამ ცის ქვეშეთში
არვინ მეგულვის; ჰოი, ღმერთებო!
თქვენ იკვებებით
უსაცოდავეს ნამუსრევისგან,
მსხვერპლთა ხარკისგან
და მათ ლოცვათა საკმეველისგან.
დაიმშეოდით, რომ არ გყოლოდათ
ბალღნი, გლახაკნი
და სულელები -
მთვრალი რწმენითა.
როს ყრმა ვიყავი, თვალს ვაცეცებდი
ზეცის თაღისკენ, რათა მეხილა
მზის სამეფოში
ყური, გამგონე ვაებათ ჩემთა,
ან გული სათნო, ჩემებრ შემწყალე
სვედაწყევლილი კაცთა მოდგმისა?
მე ვინ მიშველა ავ ტიტანებთან
სასტიკ ბრძოლაში?
სიკვდილისა და მონობის ხუნდს
ვინ განმარიდა?
გულო, აღვსილო უწმინდეს ცეცხლით,
ეს ყოველივე შენ აღასრულე!
ღვივოდი მარად ჭაბუკი ქველი;
მაგრამ მოტყუვდი! ვაგლახ, ამაოდ
მადლს მიაგებდი მთვლემარე ზენარს.
მე თაყვანი გცე? რისთვის ნეტავი?
განა მომაგე სალბუნი თავად
ჭირთა თმენისთვის?
წარგიხოცია ცრემლი ოდესმე
სასომიხდილის გამკრთალ ღაწვებზე?
ვინ გამოჰკვერა ჩემგან ვაჟკაცი?
დრომ, ყოვლის შემძლემ,
და ბედისწერამ მრავალჟამულმა,
ჩვენ ორთავეთა მბრძანებელმა,
დიდმა ბატონმა.
შენ თუ გგონია: მე მივატოვებ
ჩემი ცხოვრების ფართო ასპარეზს
და ბნელ უდაბნოს შევეხიზნები,
რადგან ოცნების ყველა კოკორმა
არ გამოიღო ნაყოფი ტკბილი?
მე მტკიცედ ვზივარ და გამოვჭედავ
ჩემნაირ რწმენის ადამიანებს,
ისეთ თაობას, რომელიც ჩემებრ
შესძლებს იტანჯოს, ჩემებრ იტიროს
და ჩემებრ დასტკბეს ამ ცხოვრებითა;
შენ კი ჩირადაც აღარ ჩაგთვალონ
ისე, როგორც მე ამას ჩავდივარ!
საპოვნელა
(თარგმნა მარიამ შელეგიამ)
ვხეტიალობდი ტყეში,
მარტოკა, ჩემთვის,
ფიქრად არ მქონდა
რაიმეს პოვნა.
ჩრდილში ჩემს მზერას
ყვავილი მოხვდა.
ვარსკვლავის დარი,
თვალივით კოხტა.
მსურდა მოწყვეტა,
მითხრა მან ნაზად:
მომტეხ, მოვკვდები,
დავჭკნები უდროდ.
და მეც ფესვითურთ
გადავრგე სხვაგან.
მივეცი ბინა,
მშვენიერ სახლში.
მშვიდ სავანეში
ის კვლავ აყვავდა.
აწია ტანი,
გაშალა ფრთები.