მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზები: გერმანე, იეროთეოსი, მღვდელი სიმონი, პროტოდიაკონი ბესარიონი და ყოველნი ახალ მოწამენი მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზები: გერმანე, იეროთეოსი, მღვდელი სიმონი, პროტოდიაკონი ბესარიონი და ყოველნი ახალ მოწამენი />


  08:18:09     27-08-2012

მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზები: გერმანე, იეროთეოსი, მღვდელი სიმონი, პროტოდიაკონი ბესარიონი და ყოველნი ახალ მოწამენი

a20931.jpg

14 (ახალი სტილით 27) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს მიტროპოლიტ ნაზარის, დეკანოზების: გერმანესი და იეროთეოსის, მღვდელი სიმონის, პროტოდიაკონი ბესარიონისა და ყოველთა ახალ მოწამეთა ხსენების დღეს.

ისინი ბოლშევიკების რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. მათი „დანაშაული“ იყო ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებლობა და მამულიშვილობა. 1921 წელს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მარიონეტული ხელისუფლება დამკვიდრდა, რომელიც თავის იდეოლოგიურ „უფროს ძმებს“ ყველაფერში ბაძავდა და ებრძოდა სარწმუნოებას, მორწმუნე ადამიანებს დევნიდა და ანადგურებდა.

ამ პოლიტიკის მსხვერპლი შეიქმნა უამრავი ადამიანი, რომელნიც შეეწირნენ სარწმუნოებისა და სამშობლოს სამსახურს.

1994 წელს ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა მიტროპოლიტი ნაზარი, მისი თანმხლები სასულიერო პირები, დეკანოზები: გერმანე, იეროთეოსი, მღვდელი სიმონი, პროტოდიაკონი ბესარიონი და სარწმუნოებისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და მათ ეწოდათ - ახალმოწამენი.
 
წმინდა მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.

დაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1892 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1893 წლის 22 თებერვალს მღვდლად აკურთხეს. მისი პირადი ცხოვრება ტრაგიკული იყო, გარდაევნალა მეუღლე და ორივე ქალიშვილი. 1904 წელს ბერად აღიკვეცა. მღვდელ-მონაზონი ნაზარი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.

1918 წელს იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი გახდა. ამავე წლის 1 დეკემბერს არიქმადრიტი ნაზარი ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და ქუთათელ მიტროპოლიტად დაადგინეს.

1921 წლიდან რუსული იმპერიალისტური ტერორი განახლდა საქართველოში. თუ ადრე ცარისტი რუსები და მათი დამქაშები, რუსი მღვდელმთავრები ძარცვავდნენ ქართულ ეკლესიას, 1922 წლიდან რუსი ბოლშევიკები და მათი ქართველი მარიონეტები შეესინენ ქართულ ტაძრებს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ეს ყველაფერი წინასწარ განჭვრიტა და ნაწილი ქართული განძეულობისა, რაც მოახერხა, ქვეყნიდან გაარიდა, მაგრამ ნაწილი ქართული საეკლესიო განძისა, - რაც გადაურჩა ქრისტიანთა მტრების - ირანის შაჰების, ოსმალოს სულთნებისა და რუსის ცარების ბარბაროს, ანტიმართლმადიდებელ ურდოებს, - ქვეყანაში დარჩა. ამ განძის ხელში ჩაგდება მოინდომა ბოლშევიკურმა იმპერიამ. 

1921 წლის თებერვალში, მთავრობის წინადადებით და საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით სიონისა და სვეტიცხოვლის ტაძრების განძეულობა გადაიტანეს ქუთაისში და კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს მითითებით დამალეს ბაგრატის ტაძართან  სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ, ზედ მიწა მიაყარეს და ქვები დაალაგეს. მალე წმინდა კათალიკოსი ლეონიდე ოქროპირიძე გარდაიცვალა. განძი იმავე ადგილას დარჩა...

ბოლშევიკებმა მოახერხეს და გაიგეს სადაც იყო განძეული გადამალული. წმინდა მიტროპოლიტი  დააპატიმრეს. გამომძიებლის დადგენილებიდან: „მიტროპოლიტი სისტემატურად ეწევა ანტისაბჭოთა საქმიანობას. მისი დამხმარეა ქუთაისის სობოროს მღვდელი გაბრიელ ცაგარეიშვილი. ძიების შედეგად დადგენილია, რომ ამა წლის 27 იანვარს სობოროში ქადაგების დროს, ნაზარი მრევლს ანტისაბჭოთა განწყობას უნერგავდა. კერძოდ აცხადებდა, რომ საბჭოთა ხელისუფლების წყალობით, საქართველო დამონებულ მდგომარეობაში იმყოფება. ნაზარი ყველგან, ყველა სოფელში და დაბაში აწარმოებს ანტისაბჭოთა პროპაგანდას. ამის დამადასტურებელი მასალები ჩეკაში უკვე რამდენიმე თვეა არსებობს“.

დაკითხვის ოქმიდან:

- „დამალული განძეულობის შესახებ როდის გაიგეთ?

- გავიგე საიდუმლოდ ლეონიდისგან.

- ვის გაანდევით?

- არავის.

- ეკლესიისთვის ინახებოდა განძეულობა?

- ეკლესიისთვის და ქართველი ერისთვის.

- რატომ მთავრობას არ განუცხადეთ, რომ სიონისა და სვეტიცხოვლის განძი გადამალული ქონდათ?

- რატომ უნდა განმეცხადებინა?!

- იმიტომ რომ ის მთავრობაა.

- ის იყო ეკლესიის განძეულობა, ეპატრონებოდა ეკლესია და განვუცხადებდი მთავრობას მაშინ, როდესაც მოითხოვდა, ისე კი არავითარი დეკრეტი არ იყო ან ჩაბარებისა, ან კიდევ ცნობისა, სად რომელი განძი ჰქონდათ შენახული.

- რატომ მიწიდან არ ამოიღეთ და ეკლესიაში არ წაიღეთ?

- იმიტომ, რომ უფრო საიმედო ადგილას იყო შენახული, ის რომ ეკლესიაში ყოფილიყო შენახული, შესაძლებელია მოეპარათ. ასეთი შემთხვევა კიდეც იყო და ამიტომ მათი ეკლესიაში შენახვა წარმოადგენდა საშიშროებას“.

1924 წლის 10 მარტს, შედგა სასამართლო პროცესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიასა და საკათალიკოსო საბჭოს წევრთა წინააღმდეგ. განსასჯელთა შორის იყო მიტროპოლიტი ნაზარიც. მათ ბრალად წაუყენეს საეკლესიო ქონების გადამალვა და ანტისაბჭოთა აგიტაცია. განსასჯელებს სხვადასხვა სასჯელი მიუსაჯეს. თუმცა შემდეგ ისინი ამნისტიით გაათავისუფლეს.

1924 წლის აპრილში წმინდა მიტროპოლიტი გაათავისუფლეს. თუმცა, იმავე წლის 2 აგვისტოს წმინდა მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლებნი დააპატიმრეს, სრულიად უსამართლოდ.

წმინდა მიტროპოლიტის ჩვენებიდან:

„ღამის 12 საათზე, როდესაც შუა ძილში ვიყავი, რევოლვერებით შემოიჭრა ორი ახალგაზრდა თეთრი ბლუზონებით, პირველად ვერ გავერკვიე, თუ რა ხდებოდა, მერე კი დაპატიმრების ორდერი მოვთხოვე. ჩემს მოთხოვნაზე უფრო აგრესიულები გახდნენ. ცემა დამიწყეს და ზალაში გამათრიეს, სუყველანი იქ იყვნენ, ქალებიც და მღვდლებიც. პირში რევოლვერი ჩამჩარეს, მაგრამ მათი არ შემეშინდა. გარკვევით განვაცხადე, სანამ ორდერს არ მაჩვენებთ, არ წამოგყვებით-მეთქი. დასუსტებულმა ძლივს დავაღწიე მათ თავი და საძინებელში დავბრუნდი. ისინი ოთახში არ შემომყოლიან. 2 საათის შემდეგ ჩემს პატარა ოთახში რამდენიმე შეიარაღებული ახალგაზრდა შემოვარდა და საბანი გადამაძრეს, ცემა დამიწყეს და ზალაში ისე გამათრიეს. მერე კი მილიციის უფროსმა დაპატიმრების მანდატი მაჩვენა. ღამის 2 საათი იქნებოდა, აღმასკომის ეზოში, ურემზე ბაწრებით დაკრული რომ შემიყვანეს".
 
იმ დღეებში ქართველი პატრიოტები აჯანყებას გეგმავდნენ. აჯანყების თარიღი ბოლშევიკებისათვის ცნობილი გახდა და კარგადაც მოემზადნენ. თუმცა ისინი მაინც დაშინებული და გააფთრებულნი იყვნენ. ქვეყანაში სასტიკი რეპრესიები დაიწყო. ბოლშევიკებმა არ გაათავისუფლეს სრულიად უკანონოდ დაკავებული სამღვდელონი, გადაიყვანეს  ქუთაისში. მალე მათ ბრალად ანტისაბჭოთა მოღვაწეობა წაუყენეს.

1 სექტემბერს მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლებნი, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი და მათ ანტისაბჭოთა იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე „სამეულის“ გადაწყვეტილებით დახვრიტეს, საფიჩხიას ტყეში.

მიტროპოლიტთან ერთად დახვრეტილი სამღვდელონი დიდი მამულიშვილები იყვნენ. მღვდელი სიმონ მჭედლიძე ქართული ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გახლდათ. გამოსცემდა გაზეთს "შინაური საქმეები". იდევნებოდა რუსეთის იმპერიის მსახურებისა და საქართველოს ეგზარქოსის მიერ. დეკანოზმა იეროთეოზ ნიკოლაძემ დაწერა ნაშრომი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის შესახებ. პროტოდეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე უწმინდესი პატრიარქის ამბროსის ხელაიას მხარდამჭერი გახლდათ, როდესაც იგი საბჭოთა ხელისუფლების მიერ იდევნებოდა. ასევე შესანიშნავი ქრისტიანი და მამულიშვილი იყო დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე...

იმ დღეებში და მერეც, საბჭოთა ხელისუფლების „პროლეტარიატის დიქტატურის“ პერიოდში კიდევ უამრავი მართლმადიდებელი ქართველი მოკლეს იმპერიის მსახურებმა. ისინი, როგორც ვთქვით, ქართული ეკლესიის გადაწყვეტილებით წმინდანებად არიან შერაცხულნი, ზოგიერთი მათგანის სახელი ცნობილია, უმეტესობისა არა, თუმცა მათი სახელები ჩვენი სამშობლოს მართლმადიდებლურ ზეცას აწერია. შეიქმნა ხატიც, და ხატზე გამოსახულია ხუთი მღდელმოწამე: მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე და უამრავი სხვა ქრისტესთვის ახალმოწამე, უამრავი უცნობი წამეული...

მათი ლოცვა ნუ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას თავისუფლებისა და დეოკუპაციისათვის ბრძოლაში! მათი ლოცვა შეეწიოს ჩვენს ოჯახებს, ყველა ქართველს! 

0

ავტორი: