16:37:28     24-08-2012
21 წელი ბრეივიკისათვის, სასჯელის უვადოდ გაგრძელების პერსპექტივით

ის ფსიქიურად ჯანმრთელად სცნეს და ამიტომ, ნორვეგიისათვის უმაღლესი სასჯელი – 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ნორვეგიელებს სურთ, რომ ანდრეს ბრეივიკი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში დარჩეს, თუმცა თავად უკვე პატიმარსა და მის ადვოკატებს მაინც აქვთ იმედი, რომ ნორვეგიულ საზოგადოებას, გარკვეულ ეტაპზე, წლების შემდეგ, მაგრამ მაინც, მოუწევს, თავის რიგებში დააბრუნოს მკვლელი, რომელმაც 2011 წელს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა.
პრინციპში, ბრეივიკს ოცნება აუხდა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ფსიქიატრიულში იძულებით მკურნალობას სიკვდილით დასჯაც კი ერჩივნა.
`ჩემთვის ეს არ იყო სიურპრიზი, სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მსურდა კიდეც~ - შეუთვალა ჟურნალისტებს თავისი ადოკატის საშუალებით ტერორისტმა.
თუმცაღა, სასამართლოს განაჩენი უშვებს იმას, რომ ბრეივიკი სამუდამოდ პატიმრობაში დარჩეს. 21-წლიანი ვადის გასვლის შემდეგაც, სასამართლომ, შესაძლოა, ბრეივიკი კვლავ საზოგადოებისათვის საშიშად სცნოს და პატიმრობის ვადა რამდენჯერმე გაუგრძელოს კიდეც. მით უმეტეს, რომ ბრეივიკი არც მონანიებას აპირებს და არც თავის იდეებზე უარის თქმას. ის ახლა წიგნს წერს, რომელშიც აპირებს დეტალებში აღწეროს ჩადენილი მკვლელობები და განმარტოს თავისი იდეოლოგიის არსი და `ჭეშმარიტება~.
21 წელს უკვე მოაკლდა 445 დღე, რაც ბრეივიკმა პატიმრობაში უკვე გაატარა. ოსლოს შემოგარენში მდებარე ციხე ილში ნორვეგიელი ტერირისტისთვის აუცილებელ გარემოს სპეციალურად შექმნიან.
ის სრულიად იზოლირებული იქნება და არ ეყოლება თანამესაკნე. თუმცა იმის გამო, რომ ნორვეგიაში პატიმრის ასეთი იზოლაცია აკრძალულია, ბრეივიკს თავად ციხის თანამშრომლები `გაართობენ~ - ელაპარაკებიან და ჭადრაკს ეთამაშებიან..., რადგან სხვა პატიმარს, მან, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას, ვთქვათ, სულაც, მძევლად აიყვანოს და თავისი მოთხოვნები წამოაყენოს.
ციხეში კი ცუდი პირობები ნამდვილად არ ექნება. `გამრთობების~ გარდა ექნება სამოთახიანი საკანი, კომპიუტერი (ინტერნეტის გარეშე), ტელევიზორი, მის სახელზე მისული წერილების კითხვის უფლება.
ციხის ადმინისტრაციამ ბრეივიკის საკნის ფოტოები გაავრცელა. 8 კვადრატულ მეტრიანი ოთახებიდან ერთი `სპორტული დარბაზია~, მეორე `სამუშაო კაბინეტი~, მესამე კი `საძინებელი~.
ანდრეს ბრეივიკს ციხე ილში მყოფი განსაკუთრებით საშიში 125 დამნაშავიდან, დღესდღეობით, ყველაზე საშიში დამნაშავის სტატუსი აქვს.
0