09:23:42     24-08-2012
სადამ ჰუსეინებისთვის აშშ ჩაკეტილია: დიქტატორის ტაჯიკი სეხნიის მიზნები სახელს ეწირება
უკვე რამდენიმე ხანია ტაჯიკეთის 16 წლის მოქალაქე, სამწუხაროდ, სახელითა და გვარით - სადამ ჰუსეინი, უშედეგოდ ცდილობს მიიღოს შეერთებული შტატების ვიზა, რადგან სწავლის გაგრძელება სწორედ ამერიკაში სწყურია.
თუმცა მან საელჩოსგან ამჯერადაც უარი მიიღო.
ახალგაზრდა დარწმუნებულია, რომ უარის მოტივაცია არ იქნება ამერიკელების ეჭვი იმის შესახებ, რომ მისი მოსახელე სადამი მკვდრეთით აღდგა, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ შტატების ვიზის მიღებაში, ხელს, მას სწორედ გვარი და სახელი უშლის. მითუმეტეს, რომ მისმა მეგობრებმა ვიზები მარტივად მიიღეს.
„ჩვენ, ტაჯიკურ-თურქული ლიცეუმის კურსდამთავრებულებმა, დუშანბეში აშშ-ის საელჩოში ვიზების მისაღებად დოკუმენტები შევიტანეთ. ვიზა ყველას მისცეს ჩემს გარდა. ისევ უარი მითხრეს. ვფიქრობ, რომ მთელი პრობლემა ჩემს სახელსა და გვარშია. მაგრამ მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო აშშ-ის მიმართ, პირიქით, მიყვარს ეს ქვეყანა და იქ სწავლა მსურს“ - განაცხადა სადამ ჰუსეინმა და დასძინა, რომ კვლავაც შეეცდება ვიზის მიღებას, ხოლო თუ მომდევნო მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდება, გვარ-სახელს შეიცვლის.
მაგრამ აქ მეორე წინააღმდეგობას აწყდება. ჰუსეინ ბუიდოკოვი - სადამის მამა, კატეგორიული წინააღმდეგია, შვილმა გვარი შეიცვალოს. მისი არგუმენტები კი მართლაც „პოლიტიკურად“ შეიძლება ჩათვალონ:
„როცა ახალგაზრდა ვიყავი, სადამ ჰუსეინის სახელი პატივსაცემი იყო. როგორღაც ვუთხარი მეგობრებს, რომ როცა ვაჟი შემეძინებოდა, სადამს დავარქმევდი, რადგანაც მე თავად ჰუსეინი დამარქვეს. ახლა კი ვეუბნები ჩემს შვილს: „ხედავ, ასეთ დიდი სუპერსახელმწიფოს შენი მხოლოდ სახელის ეშინია“ - სიამაყით ამბობს სადამ ჰუსეინის მამა, რომელიც სავარაუდოდ, ამერიკლის საელჩოსთან ერთად შვილის მიზნების განხორციელებაში სერიოზული ბარიერი იქნება.
0