15:00:19     23-08-2012
დავით გამყრელიძე: ივანიშვილისთვის, ვინც მასთან არ არის, ყველა მისი მტერია...

“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის პოლიტიკაში გამოჩენამ და მისმა ბოლოდროინდელმა ქმედებებმა, შესაძლოა, ქვეყანა ქვების სროლიდან ტყვიის სროლებამდე მიიყვანოს.
პრესა.ჯი დავით გამყრელიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:
- დავიწყოთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, სადაც ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად მედიის თავისუფლება რჩება...
- ეს„ახალ მემარჯვენეებს“ არ გვეხება, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მსგავსად მედიას საკუთარი ინტერესების შესაბამისად არ ვიყენებთ. წინასაარჩევნოდ ტალახის სროლა კიდევ უფრო გამძაფრდა და ზოგი კონტროლირებადი მედიასაშუალების არაობიეტურობაც პიკს აღწევს. რაც შეეხება ივანიშვილის კუთვნილ „მეცხრე არხსა“ და ოლიგარქის მიმართ სიმპატიით განწყობილ „მაესტროს“, აქ „ახალ მემარჯვენეებს“ საეთერო დროს საერთოდ არ უთმობენ. არ მახსენდება არცერთი ჩვენი პოლიტიკური ღონისძიება, რომელიც „მეცხრე არხმა“ გააშუქა. ღია ეთერზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს ის დემოკრატია არ არის, რომლითაც ივანიშვილი ევროპის გაოცებას აპირებს.
- ხომ არ არის თქვენი „დაბლოკვა“ ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალება, მით უფრო რომ კოალიციის ლიდერი ღიად დაგიპირისპირდათ და „ხელისუფლების სატელიტიც“ გიწოდათ...
- სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში თავისუფალ მედიაზე წარმოდგენაც კი არ აქვთ. როგორც პოლიტიკაში ისევე მედიაში ყველა ერთი პრინციპით სარგებლობს. ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან აცხადებს, რომ ვინც მასთან არ არის, მისი მტერია და სწორედ ამიტომ გვეძახის სატელიტებს იმ პარტიებს, რომლებმაც პრინციპული უარი ვთქვით კოალიციაში შესვლაზე. რაც შეეხება საეთერო დროს, არავისთვისაა ახალი, რომ „მეცხრე არხი“ ბიძინა ივანიშვილის ყველა სურვილს ასრულებს. რაც შეეხება წინასაარჩევნო დებატებს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ოპონენტს დაუჯდეთ, იქნება ეს ვანო მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, გიორგი თარგამაძე თუ სხვა. უნდა შევიგნოთ, რომ ტელედებატებია ის ერთადერთი საშუალება, რითაც ამომრჩევლამდე შეიძლება ორი განსხვავებული აზრის მიტანა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მზად ვართ შევიდეთ დისკუსიაში ბატონ ივანიშვილთან.
- ყოველივე ამის გათვალისწინებით, რამდენად რეალურად გეჩვენებთ არჩევნებში უმრავლესობით გამარჯვება?
- ახალ მემარჯვენეებს არასდროს გვითქვამს, რომ არჩევნებზე ხმათა უმრავლესობით გავიმარჯვებთ, პირიქით ჩვენი აზრით მრავალპარტიული პარლამენტით მოსახლეობა უფრო იხეირებს.
- თუმცა რეალურად პოლიტიკურ ასპარეზზე ორი მოთამაშეა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ივანიშვილი „ოცნებაში“ შემავალი სუბიექტებით, მათ რიცხვს სავარაუდოდ ნინო ბურჯანაძეც შეემატება…
- სწორედ ეს არის ქართველების მთავარი პრობლემა, ნებისმიერ პოლიტიკური პარტიის პირველ პირებს ლიდერად ვაქცევთ ხოლმე, პარტიებს კი რომლებიც ნეიტრალურები არიან თავი გადაწყვეტილებებში, ხშირად მოღალატეებს გვეძახიან. ასე ხდება დღესაც . ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს, მართლა მეშინია რომ ტალახისა და ქვების სროლები ტყვიების სროლაში არ გადაიზაროს. მით უმეტეს ამის პრეცენდენტი არსებობს. რაც შეეხება ბურჯანაძე-ივანიშვილის შეხვედრას, ეს მეათეხარისხოვანია ჩემთვის. ორივე ამბიციური ადამიანია და მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავა.
- ბევრი საუბრობს იმაზე რომ არჩევნებში წაგების შემთხვევაში, ივანიშვილი ქუჩაში გამოვა, თქვენი აზრით რამდენად რეალურია ეს სცენარი?
- პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია, მაგრამ ქუჩა ქვეყანას 10 ან მეტი წლით უკან დახევს. სამწუხაროდ, ეს ვარაუდი საფუძველს არ არის მოკლებული, ეს შტრიხები ივანიშვილის საგაზეთო თუ სატელევიზიო ინტერვიუებში იკვეთება. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს, ძალას რომელსაც ქუჩაში გასვლა უნდა, სპეკულაციებისთვის საბაბი არ უნდა ჰქონდეს.
0