14:21:38     23-08-2012
ეუთო: ქართული სოფლების დანგრევით, ცხინვალი საერთაშორისო დანაშაულს ჩაიდენს

ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ნაციონალური უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკმა მოუწოდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობას, განმარტოს საკუთარი განცხადება, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სოფლების დანგრევას აპირებს.
„ასეთი გეგმები, თუკი ისინი განხორციელდება, გაანადგურებს იმ ეთნიკურად ქართულ სოფლებსაც, რაც დარჩა სამხრეთ ოსეთში“ - განაცხადა მან. ვოლებეკმა ასევე მოითხოვა, რომ დე-ფაქტო ხელმძღვანელობამ არა ამარტო ქართული სოფლების, არამედ ქართველი მოსახლეობის მიმართაც დააზუსტოს თავისი პოზიცია.
აღნიშნული განცხადება ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ის გამოხმაურებაა მარიონეტული რეჟიმის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განცხადებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს დაანგრიოს ადრე დასახლებული ქართული სოფლები, რომლის მოსახლეობაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილად იქცა.
„სახლები კვლავაც ამ სოფლების ძირძველ მოსახლეობას ეკუთვნის და ისინი არ უნდა დაინგრეს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ადგილნაცვალ პირებს უფლება აქვთ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და მათ საკუთრებას პატივი უნდა სცენ“ - განაცხადა ვოლებეკმა.
კომისარმა ასეთი გაფრთხილებაც გააკეთა: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს რეპრესიებს სამოქალაქო პირებისა და მათი საკუთრების მიმართ. და თუ მოხდება სოფლების დანგრევა, ეს საერთაშორისო სამართლით, დანაშაულია.
„მე მოვუწოდებ დე-ფაქტო ხელმძღვანელობას და შესაბამის მმართველობის ორგანოებს ამ მხარეში, პატივი სცენ გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებას და შეასრულონ საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. განცხადებები, რომლებიც იმ ქართული სოფლების განადგურებას მოუწოდებს, სადაც ტრადიციულად ეთნიკური ქართველები ცხოვრობდნენ, ამ საკმაოდ არასტაბილურ რეგიონში პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და თუ ეს მართლაც მოხდება, რეგიონში ეთნიკური ქართველები აღარ დარჩებიან. და ეს დანაშაულებრივი ნაბიჯი რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუშლის ხელს“ - ნათქვამია ეუთოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცახდებაში.
უმაღლესი კომისარი დიდი ხანია შეშფოთებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთში დარჩენილი ეთნიკური ქართველების მდგომარეობით. ის უკანასკნელად რეგიონში 2010 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, რის შემდეგაც თავისი შეშფოთება ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოშიც გამოხატა. ვოლებეკი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში კვლავაც ეწვევა ცხინვალს, რათა იქ არსებული სიტუაციის შესახებ უკეთესად შეიტყოს და ახალ ხელმძღვანელობას შეხვდეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ტერიტორიები, სადაც ქართული სოფლებია განთავსებული საწარმოო ზონად გადაიქცევა.
„სახლები ჯერ არ არის აღებული, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ, რომ ტერიტორიები, სადაც ეს ნანგრევებია, იურიდიულად ისე გავაფორმოთ, რომ არავის მხრიდან კითხვები აღარ არსებობდეს,“ - განმარტა თიბილოვმა და დასძინა, რომ „ეს ტერიტორიები საცხოვრებელი აღარ იქნება, ამიტომ არ არის აუცილებლობა მათი დასახელებების შენარჩუნებისა, რადგან როგორც დასახლებული პუნქტები, ისინი, აღარ იარსებებენ“.
0