აღსრულების ეროვნული ბიურო ბიძინა ივანიშვილის ქონების აღწერას აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო ბიძინა ივანიშვილის ქონების აღწერას აწარმოებს />


  12:30:20     23-08-2012

აღსრულების ეროვნული ბიურო ბიძინა ივანიშვილის ქონების აღწერას აწარმოებს

a20828.jpg

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის  მიმართ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულების იძულების პროცესი დაიწყო. როგორც „პრესა.ჯი“-ს ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, „ქართული ოცნების“ ლიდერს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის შვიდდღიანი ვადა გუშინ, დღის ბოლოს ამოეწურა.

„ბიძინა ივანიშვილის  მიერ ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა ამოეწურა. ამის გამო, დღეს უკვე აღსრულების პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე ქონების აღწერა მიმდინარეობს“- განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

ნიკა მელიას უწყებაში არ აკონკრეტებენ იძულებითი აღსრულების რა ფორმას გამოიყენებენ. ამასთან, უწყებაში არც იმას აკონკრეტებენ, ოლიგარქის რა ქონებას შეიძლება დაედოს ყადაღა. ცნობილია, რომ დაიწყო  ქონების შეფასების პროცესი, იმ ქონების ამოსაღებად, რაც ივანიშვილს აქვს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი.

ამასთან, ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი და იურისტი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ქართუ ბანკი“ და „ქართუ ჯგუფი“ მეორედ დააყადაღოს.

შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს ყადაღა დაადოს ბიძინა ივანიშვილის უძრავ – მოძრავ ქონებას, რომელიც კოალიციის ლიდერს საქართველოში აქვს რეგისტრირებული. უწყებას ასევე კანონით უფლება აქვს დროებით მართოს ივანიშვილის ბიზნესი, ვიდრე არ იქნება ის თანხა ამოღებული, რომელიც ოლიგარქს სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ აქვს გადასახდელი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოალიციის სასარგებლოდ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის გამო, ბიძინა ივანიშვილს, ჯარიმის სახით 20 243 827 ლარის, კოალიციის წევრს, კახი კალაძეს კი 16 944 960 ლარის გადახდა დაეკისრა.

გასაჩივრების მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე დაჯარიმდნენ.

აუდიტის სამსახური მათგან საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა, რაც ივანიშვილმა და კალაძემ არ დააკმაყოფილეს, რის გამოც „ქართული ოცნების“ ლიდერები სასამართლომ გატანილი ნაღდი ფულის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.

0

ავტორი: