08:10:02     23-08-2012
ჰენრი მენესტრელი - „უოლესის გოდება გრეიემის სიკვდილის გამო“ (ნაწყვეტი პოემიდან „სერ უოლესი“)
1305 წლის 23 აგვისტოს ლონდონში სიკვდილით დასაჯეს შოტლანიის ეროვნული გმირი, უილიამ უოლესი...
იგი გახლდათ ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ აჯანყებულთა მეთაური.
1292 წლის 30 ნოემბერს შოტლანდიის მეფე ჯონ ბალიოლი გახდა, რომელიც ტახტზე ავიდა ინგლისის მეფის ედუარდ I გრძელფეხებას დახმარებით და თავი მის ვასალად გამოაცხადა. მალე, შოტლანდიის მეფე აუჯანყდა ედუარდ I-ს. ინგლისის მეფემ 1296 წელს დაამარცხა ჯონ ბალიოლი, დაატყვევა და ტაუერის ციხეში გამოკეტა. შემდეგ აიძულა მეფობაზე უარი ეთქვა და საფრანგეთში გადაასახლა. შოტლანდია კი, როგორც ვასალის სამფლობელო, ვითარცა სუზერენმა - თავის საკუთრებად გამოაცხადა.
ინგლისელების ბატონობა შეურაცმყოფელი და მძიმე აღმოჩნდა. მალე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში აჯანყებებმა იფეთქა. ერთ-ერთი წამომწყები ანტიინგლისური აჯანყებისა გახლდათ ახალგაზრდა რაინდი უილიამ უოლესი.
მალე უოლესი აჯანყების მეთაური გახდა. მან მიიღო შოტლანდიის მცველის, რეგენტის წოდება. მან შეძლო და სასტიკად დაამარცხა აჯანყების ჩასახსობად გაგზავნილი ინგლისური ჯარი სტერლინგის ბრძოლაში, 1297 წლის 11 სექტემბერს.
შემდეგში უთანხმოება ჩამოვარდა არისტოკრატებს შორის. 1298 წელს ედუარდ პირველი თავად შეიჭრა შოტლანდიაში. შოტლანდიელი ლორდების დიდმა ნაწილმა უღალატა უოლესს და ბრძოლაში მიატოვა. აჯანყება დამარცხდა.
1305 წლის 5 აგვისტოს ინგლისელებმა ღალატით ტყვედ ჩაიგდეს უილიამ უოლესი და ლონდონში წაიყვანეს. 23 აგვისტოს უოლესი წამებით მოკლეს. მისი სხეულის ნაწილები შოტლანდიის სხვადასხვა ქალაქში გამოფინეს, შიშის დასათესად, მაგრამ უოლესისა და სხვა გმირების მაგალითმა აღაფრთოვანა შოტლანდიელები ახალი ბრძოლებისათვის.
უოლესი შესახებ ცნობები გადმოცემული აქვს პოეტ ჰენრი მენესტრელსაც.
XV საუკუნეში შოტლანდიაში ცხოვრობდა პოეტი, სახელად ბრმა ჰარი (Blind Harry), რომელსაც ჰენრი მენესტრელს (Henry the Minstrel) უწოდებდნენ (1440-1492). მენესტრელი ფრანგული სიტყვაა (ménestrel) და მოხეტიალე პოეტ-მუსიკოს ნიშნავდა შუა საუკუნეების საფრანგეთსა და ინგლისში. ჰენრი მენესტრელი დადიოდა სოფელ-სოფელ და თავის პოემას „სერ უოლესს“ უმღეროდა შოტლანდიელებს.
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ პოეტის შესახებ ზოგიერთი გადმოცემა ლეგენდარულია. მაგალითად, ის იმდენად ნაკითხი და განათლებული იყო, რომ ამას მხოლოდ კარგი მახსოვრობით ვერ შეძლებდაო. ანუ მხედველობა უნდა ჰქონოდა ამგვარი განათლების მისაღებადო. ასეა თუ ისე, ჰენრი მენესტრელი ლეგენდარული პიროვნებაა, ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით მაინც.
პოემაში „უოლესი“ ჰენრი მენესტრელმა აღწერა შოტლანდიის ეროვნული გმირის უილიამ უოლესის (1272-1305) ცხოვრება და ბრძოლა დამპყრობელი ინგლისელების წინააღმდეგ. პოეტის სიტყვებით, უოლესმა მოკლა ლანარკის შერიფი შურისძიების მიზნით, რადგან დამპყრობელმა მას ცოლი მოუკლა.
უილიამ უოლესი ყველას ახსოვს შესანიშნავი შემოქმედის მელ გიბსონის ფილმიდან „გულადი“ („მამაცი გული“, როგორც ხშირად უწოდებენ, კალკაა და არ არის სწორი ფორმა. მამაცი შეიძლება იყოს ადამიანი. მამაცი კაცი კი გულადია). აღნიშნული ფილმი პოეტ ჰენრი მენესტრელის მოტივებზეა გადაღებული... ამ ფილმმა, რომელშიც გადმოცემულია შოტლანიელი გმირის ბრძოლა და თავგანწირვა სამშობლოსათვის, აღაფრთოვანა მთელი მსოფლიო. უამრავ ადამიანს კიდევ უფრო შეუყვარდა თავისი სამშობლო, ფილმი უმალ იქცა თავისუფლების ერთგვარ ჰიმნად.
მეთხუთმეტე საუკუნეა. შოტლანდია გმინავს ინგლისის უღელქვეშ. შოტლანდიის ქალაქებში, სოფლებში დაეხეტება ბრმა მენესტრელი და ხალხს უილიამ უოლესის შესახებ თავის პოემას უმღერის... შოტლანდიელები სიამაყით იხსენებენ თავის გმირს, თავისუფლების ფასს. პოემაში გმირი წარმოდგენილია იდეალურად, როგორც ყველაზე ძლიერი, თითქმის გოლიათი, მტრების რისხვა. კეთილშობილური ბუნებისა და უბრალო, მორიდებული...
როგორ აღფრთოვანებულნი იქნებოდნენ შოტლანდიელნი, ბარში თუ მთაში, ქალაქში თუ სოფელში, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ჯერ ჰენრი მენესტრელის ცოცხლად მოსმენით, მერე კი მისი პოემით, საუკუნეების მანძილზე.
1729 წელს ედინბურგში გამოვიდა ჰენრი მენესტრელის პოემის ახალი ვარიანტი, შემოკლებული და გადამუშავებული უილიამ ჰამილტონის მიერ. იმ პერიოდიდან უკვდავმა პოემამ კვლავ აღაფრთოვანა შოტლანიელები პატროტიზმითა და სიამაყით.
პოემა მარტივია, დაწერილია უბრალო ენით და როგორც ვთქვით, პატრიოტული სულისკვეთებით არის გამსჭვალული.
ქართულად პოემის ნაწყვეტები ძველშოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა თამარ ერისთავმა.
პოემა 11 წიგნისაგან შედგება და დაახლოებით 11 000 სტრიქონს შეიცავს. დაწერილია 10 მარცვლიანი, წყვილრითმიანი სტრიქონით, ე. წ. „ჰეროიკული კუპლეტით“.
ერთი ნაწყვეტი ამ პოემიდან, „როგორი იყო უოლესი“, ადრე შევთავაზეთ ჩვენს მკითხველს, ახლა კი წარმოგიდგენთ მეორე ნაწყვეტს - „უოლესის გოდება გრეიემის სიკვდილის გამო“. ამ ნაწყვეტში კარგად ჩანს უოლესის ხასიათი და პოეტის დამოკიდებულებაც მისდამი.
პოემაში კარგადა ჩანს, როგორი მეგობრობა იცოდა შოტლანდიის ეროვნულმა გმირმა, როგორ აფასებდა იგი თავის მეგობარს, შოტლანიელი აჯანყებულების ერთ-ერთ ლიდერს გრეიემს, ჰაილენდელ გელს, კლანის ბელადს, რომელსაც დასტირის ბრძოლის შემდეგ.
უოლესის გოდება გრეიემის სიკვდილის გამო
(ნაწყვეტი პოემიდან „სერ უოლესი“)
(თარგმნა თამარ ერისთავმა)
ოდეს იპოვეს ბრძოლის ველზე გმირი გრეიემ,
სერ უოლესი მყის ცხენიდან ჩამოქვეთდა,
ხელთ აიტაცა, მის ფერმიხდილ სახეს დახედა,
ამბორჰყო ჯერ და მერე წარსთქვა ტირილით: - „ვაგლახ,
უძირფასესო კაცო ჩემთვის ამ ქვეყნის ზურგზედ,
და ჭირთა შიგან მეგობარო უერთგულესო,
იმედო ჩემო, ჩემო ღონევ, დიდი ღირსებავ,
განსაცდელის ჟამს ჩემო შემწევ და რწმენავ ჩემო!
შენ იყავ ბურჯი სიმტკიცის და გონიერების,
თავისუფლების და სიმართლის ბურჯი ურყევი,
შენ იყავ ბურჯი კანონის და ხელისუფლების
და სათნოება იყო შენში იერუცვლელი.
თავგანწირული, შეუვალი და ფიქრკეთილი,
კეთილშობილი გულითა და საქმით ძლიერი, -
შენ შოტლანდიის გამარჯვების იყავ საყრდენი,
თუმც დღესდღეობით ხელთ მე მეპყრა სადავე ომის.
წმინდა მარტვილო, წამებულო სამშობლისათვის,
უერთგულესო, ღვთის წინაშე აღგითქვამ ფიცით,
დასტურ მივაგებ მისაგებელს დუშმანს სამხრეთელს,
ან შურს ვიძიებ, ან სიკვდილით შეგიერთდები“.