07:39:43     23-08-2012
პუტინი მაღალჩინოსნებს დაერია
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერც მილიციის პოლიციად გადარქმევამ უშველა და, ალბათ, ვერც ის ღონისძიებები უშველის, რაც პრეზიდენტმა პუტინმა 22 აგვისტოს განკარგულებით განახორციელა. როგორც რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობაში კარგად ჩახედული პირები ირწმუნებიან, ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში კვლავინდებურად განუკითხაობაა და კორუფცია ყვავის, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ამიტომ, არსებული სიტუაციის თითქოსდა გამოსწორების მიზნით, ვლადიმერ პუტინმა ახლა სხვა, ძველ, მაგრამ ნაცად გზას მიმართა.
ინტერნეტ–პორტალ „პრავდა.რუ“–ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა 22 აგვისტოს თავისი განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა „თავები დააგორა“. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა შსს–ს საკუთარი უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის გენერალ–მაიორი, იგორ ბარანოვი და რუსეთის შსს–ს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართელოს უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი, ანდრეი ძორა.
თუმცა, ვლადიმერ პუტინი ამით როდი დაკმაყოფილდა. ეტყობა, ეშხში შევიდა მათ კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, ამჯერადაც უწყების ხელმძღვანლი მოადგილე მიაყოლა.
კერძოდ, 22 აგვისტოს რუსეთის შსს–ს საიტზე განთავსებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ამავე დღეს ვლადიმერ პუტინმა თავისი განკარგულებით თანამდებობიდან გაათავისუფლა ასევე დსთ–ს სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ორგანიზებულ და სხვა საშიში სახის დამნაშავეობასთან ბრძოლის კოორდინაციის ბიუროს დირექტორის მოადგილე, გენერალ–მაიორი, სერგეი ზუბკოვი.
ანუ გამოდის, რომ პუტინის რისხვის ობიექტებად, ჯერჯერობით, მხოლოდ მოადგილეები იქცნენ. რაც შეეხებათ სამსახურების უფროსებს, მათთვის ხელი არავის უხლია. ისინი კვლავინდებურად წარმატებით აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას და, სავარაუდოდ, ახლო მომავალში პრეზიდენტი მათ დახოვნას არ აპირებს. თუმცა, ვინ იციცს? პუტინს რას გაუგებ, მაგრამ ექსპერტთა შეფასებით, მხოლოდ თანამდებობის პირთა დათხოვნით, საქმეს ვერ უშველი. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს, რომლის განხორციელებასაც ჯერ არავინ აპირებს.
0