08:08:40     22-08-2012
მატათა მოციქული - საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი
9 (ახალი სტილით 22) აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოციქულ მატათას ხსენების დღეს (დაახლოებით +63 წელი).
მატათა მოციქული (ბერძნულად Ματθίας, ლათინურად Matthias) ჯერ ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი იყო, შემდეგ იუდა ისკარიოტელის მაგივრად იქნა მეთორმეტე მოციქულად არჩეული.
მატათა მოციქული წარმოშობით იუდას ტომიდან იყო. დაბადებულა ბეთლემში. ბავშვობიდან შეისწავლიდა საღმრთო სჯულს, იერუსალიმში სიმონ მიმრქმელთან.
როდესაც მაცხოვარმა ქადაგება დაიწყო, მატათა მისი მოწაფე გახდა. ჯერ სამოცდაათ მოციქულტა შორის იყო, შემდეგ თორმეტ მოციქულთაგანი გახდა...
მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდგომ, მოციქულებმა გადაწყვიტეს იუდა ისკარიოტელის მაგიერ, მეთორმეტე მოციქულად აერჩიათ რომელიმე სამოცდაათთაგანი მოციქული. „და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია. და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა. და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა“ („საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“ („აღწერილი ლუკა მახარებელისაჲ“. 1:23-26)
მატათა მოციქული ქრისტეს სჯულს ქადაგებდა იუდეაში, მაკედონიაში, ანტიოქიაში, კაპადოკიაში, სადაც დაატყვევეს კიდეც. მოციქულმა არა ერთი სასწაული მოახდინა, წარმართებმა დაალევინეს მოწამლული სასმელი, მაგრამ ქრისტეს მოწაფეს არაფერი მოუვიდა. მეტიც, მან განკურნა ამ საწამლავით დაბრმავებულუ ადამიანები. უსინათლოებს თვალისჩინს უბრუნებდა, ყრუებს სმენას, ავადმყოფებს კურნავდა...
მატათა მოციქულმა ასევე იქადაგა კოლხეთში - დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთსა და ჩრდილო დასავლეთ საქართველოში, პონტოსა და კოლხეთში, რომელიც მაშინ მეორე ეთიოპიად (პონტოს ეთიოპიად) არის მოხსენიებული.
ამგვარად, წმინდა მატათა მოციქული ქართული ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელია. ქართული ეკლესია დაარსებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ, რომელმაც უფლის გამოცხდების მიხედვით, თავის მაგივრად წილხვედრილ ივერიაში გამოაგზავნა ანდრია პირველწოდებული, რომელიც სხვა მოციქულებთან ერთად, რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში.
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძის ერთ-ერთი ქადაგებიდან (სოფელ უდეში, 1987 წელი, მაშიმ მეუფე ეპისკოპოსი გახლდათ):
„მრწამსი, რომელსაც დღეს აღიარებს ქართული ეკლესია, საქართველოში იქადაგეს და გაავრცელეს თვით მოციქულებმა. სხვადასხვა ქართულ და უცხოურ წყაროთა თანახმად საქართველოში ქადაგებდა არა მარტო ანდრია, არამედ სხვა მოციქულებიც, კერძოდ სვიმონ კანანელი, მატათა, ბართლომე, თადეოზი და თომა. ჩვენი უფლისა და მაცხოვრის თორმეტი მოციქულიდან ექვსი მოციქული საქართველოში ქადაგებდა. ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ, მოციქულთა დროს იბერია იყო რომის იმპერიის მეტოქე ძლიერი სახელმწიფო, რომლის ხელშიც იყო პართიასა, სკვითიასა და ნაწილობრივ პონტოში შემავალი სავაჭრო გზები. ორი მიციქული კი მატათა და სვიმონ კანანელი საქართველოში არიან დაკრძალულნი. მოციქული მატათა აქ, ჩვენთან, დასავლეთ საქართველოში, ბათუმთან ახლოს განისვენებს, როგორც მოციქულებმა ქართველ ხალხს მისცეს მრწამსი, რომელსაც ახლაც უბიწოდ და უმწიკვლოდ იცავს ქართული ეკლესია“.
წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV საუკუნე) ცნობით მატათა მოციქული გარდაიცვალა მეორე ეთიოპიაში (პონტოს ეთიპიაში, კოლხეთში) და დაკრძალეს გონიოს ციხე-სიმაგრეში. ქართული იდეოლოგია ამ აზრს იზიარებს და ამიტომ, მოციქული მატათა მიხეილ საბინინის მიერ შექმნილ ხატზე, „დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა“, წმინდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად გამოსახული.
ამგვარად, მატათა მოციქულის ხსენების დღე საქართველოსაც უკავშირდება. მატათა მოციქული არა მარტო ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელია, არამედ ჩვენი მფარველიც და ჩვენი მიწა-წყლის, ჩვენი დღევანდელი სამხრეთ-დასავლეთის საზღვრის მცველიც არის, სიმონ კანანელი კი, ჩრდილო-დასავლეთის (ამ თემაზე სხვა დროს). საქართველოსთვის, ქართული ეკლესიისათვის მიწების წართმევის სურვილი ამ მიწებისა და ავტოქტონი ქართველების განმანათლებლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
არის სხვა გადმოცემაც, მატათა მოციქულის ბერძნული ცხოვრების მიხედვითმოციქული მატათა იერუსალიმის მახლობლად, „ვეფლასკალად“ წოდებულ ადგილას წამებით მოკლეს და იქვე დაკრძალეს. და მერე მისი წმინდა ნაწილები გადაასვენეს გერმანიაში, მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არ არის. დავაკვირდეთ სიტყვას „ვეფლასკალა“. ამ სიტყვაში იკვვეთება ქართული სიტყვა ვეფლა, დაფვლა, დაკრძალვა... ეს ისე, მსჯელობისათვის, ჰიპოტეტურად...
გარდა ამისა, „XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს დადიანის სამთავროში მყოფ რუს ელჩებს მღვდელ პავლე ზახარევსა და დიაკონ ფედოტი ელჩინს ერთ-ერთ მონასტერში უნახავთ ხატი, რომლის სანაწილეში დაცული ყოფილა მატათა მოციქულისა და ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილები“ (ელდარ ბუბულაშვილი). ეს ცნობა მნიშვნელოვანია და მატათა მოციქულის წმინდა ნაწილების საქართველოში არსებობას ადასტურებს...
ვულოცავთ სრულიად საქართველოს ქართული ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებლის, ქართული ეკლესიისა და ტერიტორიების მფარველის, თორმეტ მოციქულთაგანის, წმინდა მატათას ხსენების დღეს! მოციქულ მატათას ლოცვა ნუ მოკლებოდეს ჩვენს ერს, დედა ეკლესიას, ოჯახებს და სახელმწიფოს!
ჩვენს მკითხველებს ვთავაზობთ ნაწყვეტს ისტორიკოს ელდარ ბუბულაშვილის საინტერესო ნაშრომიდან, სადაც საუბარი არის მატათა მოციქულზეც.
ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი მატათა მოციქულის შესახებ (ნაწყვეტები ნაშრომიდან „წმინდა მოციქულთა მოღვაწეობა საქართველოში და მათ სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები“, "საეკლესიო ბიბლიოთეკა", ტ. VIII. თ. IV, 2007):
... „ ეპიფანე კონსტანტინოპოლელის მონათხრობით, წმ. ანდრია მოციქულს სამჯერ უმოგზაურია საქართველოში. მისი ცნობა სრულ თანხმობაშია ზოგიერთ ქართულ წყაროსთან. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის მიხედვით, წმ. ანდრია მოციქული პირველი მოგზაურობის დროს წამოსულა ქალაქ ამასიიდან და მისულა ლაზიკის ქალაქ ტრაპიზონში. აქედან იგი ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად გადასულა იბერიაში, შავი ზღვისპირეთში მცხოვრებ წარმართთა მოქცევის შემდეგ იგი ისევ იერუსალიმში დაბრუნებულა, სადაც მას სხვა მოციქულებთან ერთად მონაწილეობა მიუღია ქრისტეს აღდგომის დღესასწაულში. ეპიფანეს გადმოცემით, მეორე მოგზაურობის დროს წმ. ანდრიამ „მოიწია ქალაქსა ტრაპიზუნს“. მესამე მოგზაურობის დროს ანდრია პირველწოდებულს თან ხლებია ქრისტეს სხვა მოციქულები - სიმონ კანანელი და მატათა. მათ მოიარეს ქალაქები, იქადაგეს და სასწაულები მოახდინეს და ჩავიდნენ იბერიაში და ფაზისში“. აქედან ისინი ქრისტიანობის საქადაგებლად გადასულან სუსანეთში, სადაც თურმე ქალები მბრძანებლობდნენ მამაკაცებზე. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის გადმოცემით, მატათა მოციქული სუსანიაში დარჩენილა, „ხოლო სიმონი და ანდრია წავიდნენ ალანიაში და ქალაქ ფუსტაში, მათ მრავალი სასწაული მოუხდენიათ, მრავალნი დამოძღვრეს და წავიდნენ აბაზგიაში, დიდ სებასტოპოლისში რომ ჩავიდნენ, იქადაგეს ღვთის სიტყვა“. სებასტოპოლისში ანდრიამ დატოვა სიმონ მოციქული, თვითონ კი ახალი მოძღვრების საქადაგებლად ჯიქეთში გადავიდა. ჯიქებმა ქრისტიანობა არ მიიღეს, ისინი უხეშად მოექცნენ მოციქულს და „განიზრახეს ანდრიას მოკვლა“. ანდრია ღვთის წყალობით გადაურჩა სიკვდილს.
ეპიფანე კონსტანტინოპოლელის აღნიშნული ცნობა სხვა მხრივაც იპყრობს ყურადღებას. იგი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის გარდა, ქრისტეს მოძღვრება საქართველოში ორ მოციქულს - სიმონ კანანელსა და მატათას უქადაგიათ. როგორც ჩანს, ეპიფანე კონსტანტინოპოლელმა საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ არსებული გადმოცემა თავისი წინამორბედი უცხოელი მწერლებისაგან მოიპოვა. აღნიშნულის შესახებ საინტერესეოა IV საუკუნის მოღვაწის სოფრონის მინაწერი, რომელიც მის მიერ ბერძნულად თარგმნილ იერონიმეს თხზულებაშია მოთავსებული, საიდანაც ჩანს, რომ საქართველოში ანდრია მოციქულს თან ახლდა მატათა, რომელმაც „...სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), სადაც არის აფსარის ციხე და ჰჳსის ნავსადგური“. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის ნაშრომი „ანდრიას ცხოვრება“ იმდენად სანდო და პოპულარული ყოფილა, რომ იგი XIV საუკუნის მოღვაწე ნიკიტა ქსანთოპულოსს თავის „საეკლესიო ისტორიის“ ძირითად წყაროდ გამოუყენებია. იგი უცვლელად იმეორებს ეპიფანეს მონათხრობს საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ...
... წყაროს მიხედვით („ქართლის ცხოვრება“ - გ. მ.), იერუსალიმში დაბრუნებული ანდრია პირველწოდებული, როდესაც „აღესრულა დღესასწაული მარტვიილისა“, მოციქულ სიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ შემოდის „ქუეყანასა ქართლისასა“, მოიარა „ტაოს კერძი ქუეყანა და ვიდრე მდინარედ ჭოროხამდე“. აქედან მოციქულები, შავი ზღვისპირეთის გავლით, სვანეთის ქვეყანაში მისულან, რომლის მთავარს - დედაკაცს და მის ქვეშევრდომთ ახალი სარწმუნოება მიუღიათ. მატათა მოციქული ახლადმოქცეულებთან დარჩენილა, ხოლო ანდრია და სიმონ კანანელი გადავიდნენ „ქუეყანასა ოვსეთისასა“ და მივიდნენ ქალაქ ფოსტაფორში. შემდგომ მოციქულები შესულან „ქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტეს ქალაქად მივიდეს, რომელსაც აწ ეწოდების ცხუმი“. აქ ანდრიამ სიმონ კანანელი დატოვა, თვითონ კი საქადაგებლად ჯიქეთის ქვეყანაში გადავიდა, რომლებმაც არ შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა ანდრია მოციქულმა დატოვა ეს მხარე. დაბრუნდა უკან, „კუალად განამტკიცა წმინდამან ანდრიამ მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკვითედ“, სიმონ კანანელი კი დარჩენილა, რომლის საფლავი „არს ნიკოფს ქალაქსა, შორისა აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ მუნ აღესრულა წმინდა სვიმონ კანანელი“...
... უძველესი უცხოური და ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, საქართველოში ორი მოციქულია დაკრძალული - სიმონ კანანელი და მატათა. VIII საკუნეში მოღვაწე ეპიფანე კონსტანტინოპოლელის მიხედვით, მოციქული სიმონ კანანელი დაკრძალულია ნიკოფსიაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეპიფანე კონსტანტინოპოლელმა თვითონ ფეხით მოიარა ის ადგილები, სადაც გადმოცემით ანდრია მოციქულს უმოგზაურია და ჩვენს საკვლევ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მასალები შეუგროვებია. იგი აღნიშნავს, რომ „ქალაქ ბოსფორში გვიჩვენეს წმინდა მოციქულთა ტაძრის საძირკველზე დამარხული ლუსკუმა წარწერით: „სიმონ კანანელი“. მასში წმინდა სხეულის დიდი ნაწილებია დაცული, რომელთაგან ზოგი რამ ჩვენც მოგვცეს, ხოლო მეორე საფლავი არის ჯიქეთის ქალაქ ნიკოფსში. მასზე წერია: „სიმონ კანანელი“ და ისიც შეიცავს წმინდა ნაწილებს“...
... IV საუკუნის წმინდა მამის, ეპიფანე კვიპრელის თანახმად, საქართველოში დასაფლავებულია მეორე მოციქული, მატათა. მისი ცნობით: „მატათამ იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), სადაც არის აფსარის ციხე-სიმაგრე და ჰჳსის ნავსადგური... იქვე გარდაიცვალა და დამარხულია დღემდე“. ეპიფანე კვიპრელის ამ ცნობაზე დაყრდნობით ქართველი მკვლევარების მიერ მიჩნეულია, რომ მატათა მოციქული დაკრძალულია ბათუმის მახლობლად მდებარე გონიოს ციხის ტერიტორიაზე, რომელიც უცხოურ წყაროებში აფსარის სახელწოდებითაა ცნობილი. მატათა მოციქულის ბერძნული ცხოვრება კი მის განსასვენებელ ადგილად საქართველოს არ მიიჩნევს. ამ ცხოვრების მიხედვით, იგი იერუსალიმის მახლობლად, „ვეფლასკალად“ წოდებულ ადგილას წამებით მოკლეს და იქვე დაკრძალეს. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, IV საუკუნეში მატათას ნეშტი წმინდა ელენე დედოფალმა, ჯერ რომში წაასვენა, შემდეგ კი აღნიშნული სიწმინდე უბოძა ტრირის ეპისკოპოს აგრიციუსს. ამ გადმოცემის საფუძველზე, გერმანელ მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მატათა ერთადერთი მოციქულია, რომელიც გერმანიის ქალაქ ტრირში განისვენებს. ამიტომაც, მას გერმანიაში დიდ პატივს მიაგებენ. მკვლევართა მოსაზრებით, ამის დასტურია ხშირ შემთხვევაში ბავშვებისათვის მათიასის (მატათეს სახეცვლილი ფორმა) სახელის დარქმევა. მოციქული მატათა მიჩნეულია ტრირის საეპისკოპოსოს პატრონად, ხოლო გერმანული ქალაქები: გოსლარი, ჰანოვერი და ჰოლდსჰაიმი, გადმოცემების მიხედვით, მატათას თავიანთ მფარველად მიიჩნევენ. მათი აზრით, მატათა მოციქული არის აგრეთვე კალატოზების, მჭედლების, ყასბების, კონდიტერების მფარველი წმინდანი. გადმოცემით, იგი კურნავს უშვილობას, ყივანახველას, წითელას. ტრირში მისი ხსენების დღედ დადგენილია 24 თებერვალი. ამბობენ, რომ მატათას ხსენების ღამეს 11-12 საათებს შორის აღებული წყალი ღვინოდ გადაიქცევა...
... XIX საუკუნის დასასრულისათვის მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის ერთ-ერთი ხატის სანაწილეში ინახებოდა ქრისტეს 70 მოციქულთაგანის: ლუკა მახარებლის, მათეს, ტიმოთეს და არქიფო მოციქულების წმინდა ნაწილები. XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს დადიანის სამთავროში მყოფ რუს ელჩებს მღვდელ პავლე ზახარევსა და დიაკონ ფედოტი ელჩინს ერთ-ერთ მონასტერში უნახავთ ხატი, რომლის სანაწილეში დაცული ყოფილა მატათა მოციქულისა და ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილები...
... საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებდა და აფასებს ჩვენში ქრისტიანობის გავრცელებაში მოციქულთა ღვაწლს. ალბათ ამითაა განპირობებული, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ თავისი მწყემსმთავრის - კათოლიკოს-პატრიარქის საყდრის – მცხეთის სვეტიცხოვლის ტრაპეზი თორმეტი მოციქულის სახელზე აკურთხა“.
0