15:47:34     21-08-2012
ივანიშვილმა ტელედებატებში მონაწილეობა გადაიფიქრა...

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მმართველი გუნდის შეთავაზებაზე, დებატებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან და საპარლამენტო სიის პირველ ნომერთან დაჯდეს, უარს ამბობს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ოლიგარქს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და საპარლამენტო სიის პირველი ნომერი მისი „წონისანი“ არ არიან, რის გამოც „ოსტატურად“ თავს არიდებს ტელედებატებში მონაწილეობის მიღებას.
„მე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან დავჯდები. ჩემთვის დავით ბაქრაძესთან დებატები არ იქნება საინტერესო“-განაცხადა ივანიშვილმა.
თუმცა, გუშინ, კოალიციის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის დროს, ივანიშვილმა დაიქადნა, რომ ის მზად იყო მმართველი გუნდის რამდენიმე წევრთან ერთად მიეღო ტელედებატებში მონაწილეობა.
მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და საპარლამენტო სიის პირველი ნომრის პოზიცია გაახმოვანა, ივანიშვილმა ჩვენება შეცვალა და ჩვეულებისამებრ, საკუთარი ინიციატივა თავადვე გადაიფიქრა...
0