08:10:13     21-08-2012
პუტინის ვერტმფრენი კინაღამ თვითმფრინავს შეეჯახა
რუსეთის მაღალჩინოსნები განსაკუთრებით ცდილობდნენ ეს ინფორმაცია მასმედიისთვის დაემალათ, მაგრამ, როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. საქმე ეხება ინცინდენტს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვერტმფრენს უკავშირდება. როგორც „იზვესტიას“ მისმა წყარომ „როსავიაციიდან“ შეატყობინა, ეს ამბავი 26 მაისს მოსკოვის გარეუბანში მომხდარა. თუმცა, ზემოთნახსენებმა გამოცემამ იგი მხოლოდ 20 აგვისტოს გაავრცელა. საქმეც იმაშია, რომ 26 მაისს თურმე კერძო სპორტულმა თვითმფრინავმა Rockwell Commander 112ТСА სარეგისტრაციო ნომრით RA-0988G მკვეთრად მიუახლოვდა პრეზიდენტის ვერტმფრენ „მი–8“–ს, რომელშიც თავად პუტინი იმყოფებოდა. ავიაშემთხვევა კი წყაროს ინფორმაციით, დაბა ბუჟაროვოს რაიონში მომხდარა. მას შემდეგ, რაც ვერტმფრენი და თვითფრინავი ერთმანეთს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ, ისინი ერთმანეთს ჰაერშივე დაშორდნენ და ინცინდენტის გამოც არავინ დაზარალებულა. ამ შემთხვევის გამო დამნაშავედ, ცხადია, თვითმფრინავის პილოტი ალექსანდრე რიაბინინი გამოცხადდა და იგი მხოლოდ სულ რაღაც 2 ათასი რუბლით დააჯარიმეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოსკოვის გარეუბანის ცაზე მომხდარ ინცინდენტს გულმოდგინედ უმალავდნენ საზედამხედველო ორგანოებსაც კი. „როსავიაციამ“ და „როსტრანსნადზორმა“ ამ საგანგებო შემთხვევის შესახებ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეიტყვეს. რუსეთის ავიადისპეჩერთა პროფკავშირების თავმჯდომარის, სერგეი კოვალიოვის თქმით, თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ერთმანეთთან სახიფათო მიახლოების შესახებ „როსავიაციას“ თურმე ტელეგრამით მხოლოდ ოთხი საათის შემდეგ შეატყობინეს, თუმცა ნორმატივის მიხედვით მფრინავი ვალდებული იყო მომხდარის თაობაზე მაშინვე შეეტყობინებინა.
პუტინის ვერტმფრენის პილოტის თქმით, კერძო სპორტულმა თვითმფრინავმა ფაქტიურად მათ ქვედან ჩაუფრინა. რეგლამენტის მიხედვით, „ბორტ № 1“–ის ფრენის მომენტში საჰაერო სივრცე თავისუფალი უნდა ყოფილიყო.
„როსავიაციის“ შემოწმების შემდეგ დამრღვევი დადგინდა. ალექსანდრე რიაბინინის მიმართ აღძრულიქნა ადმინისტრაციული საქმე. დადგინდა, რომ პილოტი ცაში აფრინდა ისე, რომ ამის შესახებ ავიადისპეჩერები არ გაუფრთხილებია. შემოწმებისას გამოირკვა ასევე, რომ მოყვარულ პილოტს მოწმობა ვადაგასული ჰქონდა და არც ვარგისიანობის სერთიფიკატი გააჩნდა. მიუხედავად ამისა, რიაბინინი მხოლოდ ორი ათასი რუბლით დააჯარიმეს.
თავად რიაბინინი მოხდარ ფაქტს ადასტურებს, მაგრამ მის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. თუმცა არ დაუმალავს, რომ ინცინდენტში დანაშაული სამართალდამცველ ორგანოებს მიუძღვით,რომლებმაც მოყვარული მფრინავი არ გააფრთხილეს პუტინის ფრენის თაობაზე.
იმავდროულად კოვალიოვმა განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ პუტინის საჰაერო ტრანსპორტს მსგავსი ინცინდენტი მოსდის. მისივე თქმით, 2011 წლის 7 ივნისს აეროპორტ „შერემეტიოვოს“ რაიონშიც ჰაერში მოხდა პუტინის ვერტმფრენთან მსგავსი სახიფათო მიახლოება კერძო თვითმფრინავთან. დისპეჩერები კი იძულებულნი არიან მსგავსი ინციდენტები დამალონ, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ მასში თავად ისინი დაადანაშაულონ, აღნიშნა კოვალიოვმა.
0