აფხაზი ჩინოვნიკები „ატკატების“ მეშვეობით რუსულ ფულს იჯიბავენ აფხაზი ჩინოვნიკები „ატკატების“ მეშვეობით რუსულ ფულს იჯიბავენ />


  08:08:30     21-08-2012

აფხაზი ჩინოვნიკები „ატკატების“ მეშვეობით რუსულ ფულს იჯიბავენ

a20753.jpg

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის აღსადგენად მარიონეტულ რეჟიმს მართალია კრემლი უხვად აფინანსებს, მაგრამ ეს თანხები, ფაქტია, რომ დანიშნულებისამებრ არ იხარჯება. თანხის დიდი ნაწილი ე.წ. „ატკარებში“ მიდის. მეტიც. მარიონეტული ხელისუფლება ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად ტენდერებსაც ატარებს, სადაც გამარჯვებულად, ცხადია, მათი ხალხი, ანუ ისინი, ვისგანაც სოლიდურ თანხას მოელიან, გამოჰყავთ. ისიც ცნობილია, რომ ტენდერებს წლების მანძილზე ერთი და იგივე სამშენებლო ფირმები იგებენ.  თუ რატომ, ამით ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ და ეს შეკითხვა მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებსაც დაუსვეს.მათ შეკითხვაზე მარიონეტული რეჟიმის საინფორმაციო უწყების ხელმძღვანელმა, კრისტიან ბჟანიამ მეტად უცნაური პასუხი გასცა. მისი თქმით, „მთავრობას ტენდერების სისტემა არ მიაჩნია საუკეთესო შემსრულებლის ამორჩევის გარანტიად“.

„არსებობს გარკვეულ კომპანიებთან თანამშრომლობის გარანტიები და არის მათი ნამუშევრის ხილული ხარისხი. ამიტომაც, სწორედ ხარისხი განსაზღვრავს, ვისთან დაიდოს ხელშკრულება სამუშაოს შესრულებაზე“, – მოჰყავს მარიონეტულ ხელისუფლებას დაქვემდებარებულ აფხაზურ სააგენტო „აფსნიპრესს“ კრისტიან ბჟანიას სიტყვები.

 რას უწოდებს კრიტიან ბჟანია „თანამშრომლობის გამოცდილებასა“ და „შესრულებული სამუშაოს ხარისხს“, გაუგებარია. კარგადაა ცნობილი ისიც, რომ გასული წლის დასაწყისში აფხაზეთში შესრულებული სამუშაოები რუსეთის საანგარიშო პალატამ შეამოწმა და სერგეი სტეპაშინის უწყებამ მრავალი დარღვევაც აღმოაჩინა. მეტიც, აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებმა კონკრეტული დამნაშავე პირები და კომპანიებიც კი დაასახელეს, რომლებმაც მიიღეს რუსული დაფინანსება, მაგრამ მას ადგილობრივი მოსახლეობისთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია. მეტიც. გამოიკვეთა, რომ ფული აფხაზი ჩინოვნიკების ნათესავების ჯიბეებში დაილექა, რაც თავისთავად იმას ნიშნავდა, რომ წილის გარეშე არც თავად ის აფხაზი ჩინოვნიკები დარჩენილან.  დასახელებულ კომპანიებს შორის ერთ–ერთი გახლდათ „აფხაზვოდოკანალი“. ამას გარდა „ატკატების“ მეშვეობით ფული დაილექა ასევე გაგრელი და გუდაუთელი ჩინოვნიკების ჯიბეებში. მრავალ ასეთ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე, თავად ანქვაბის რეჟიმმაც დიდი ხანია, რაც აღძრა, მაგრამ ამას იქით ისინი არ წასულან. ყოველ შემთვევაში, ამ საქმეების გამოძიების შედეგებზე პრესაში ინფორმაცია თითქმის არ ყოფილა.

არადა, დასავლეთში სწორედ ტენდერების მეშვეობით ვლინდებიან გარკვეული სამუშაოების შემსრულებელნი და ეს ცივილიზებულ სახელმწიფოებში  ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა, ვერც რუსეთს და მითუმეტეს, აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს ცივილიზებულთა რიცხვს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ და რაღა გასაკვირია, რომ იქ უკვე ტენდერები ფულის ჩაჯიბვის საშუალებად იქცა.

0

ავტორი: