18:00:23     20-08-2012
პუტინის დესანტი საქართველოში...

ივანიშვილის სიტყვას რომ ჩალის ფასი აქვს, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. უკვე კომიკურად ქცეული დანაქადნები, რომლის მიხედვითაც ოლიგარქი ორ წელიწადში საქართველოში სანაქებო დემოკრატიის აშენებას გვპირდებოდა, საბოლოოდ გაშარჟდა.
ქვეყანაში კი, თუკი ვინმე მარგინალი, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი, კრემლის გავლენის თუ პირდაპირი აგენტი და წარმომადგენელი იყო, ყველა მილიარდერის ფრთის ქვეშ შეიყუჟა.
მართალია, ივანიშვილს ალბათ ჰგონია, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს, მაგრამ საქართველოში ყველას მშვენივრად ახსოვს ოლიგარქის გამონათქვამები, მათ შორის ისიც, რომ მისი კოალიცია პუტინის დაქალს, ნინო ბურჟანაძეს სათოფედაც არ გაიკარებდა.
თუმცა, ამის პარალელურად, კულუარებიდან პერიოდულად ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბუჯანაძე ივანიშვილის შუშის კოლბის არც ისე იშვიათი სტუმარი იყო და მილიარდერი მასთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
როგორც გუშინ გაირკვა, "პრესა.ჯი"-ს ეს ინფორმაცია, აბსოლუტური სინამდვილე აღმოჩნდა. ჯერ იყო და ქალბატონმა ექსსპიკერმა ამაყად გააკეთა „კეთილშობილი“ განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ხოლო შემდეგ გაქანდა და ივანიშვილს უკვე ხალხის თვალწინ შეხვდა.
ოლიგარქმაც, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებისამებრ, კვლავ დაივიწყა თავისი დანაპირები, რომელიც საზოგადოებას დიდი რიხით აღუთქვა და კრემლის სასურველი სტუმარი და წინა წლის მაისის ამაზრზენი მოვლენების (მათ შორის, პოლიციელის მკვლელობის) „შემოქმედი“, ბურჯანაძე დიდი პატივისცემით მიიღო, ხოლო ამ „საამაყო“ პერსონასთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები „ფეისბუქზე“ ცალკე ალბომშიც განათავსა.
ამის პარალელურად, ივანიშვილმა ბურჯანაძე საკმაოდ სოლიდური თანხითაც დაასაჩუქრა, რაც გახდა კიდეც მიზეზი ბურჯანაძის ორი დღის წინანდელი განცხადებისა, არჩევნებზე უარის თქმის შესახებ. მოკლედ, განვითარებული მოვლენები ლოგიკურად წარიმართა: კრემლის ორი ფავორიტი - ივანიშვილი და ბურჯანაძე, ერთმანეთს უკვე საჯაროდ შეეკრა.