14:43:24     18-08-2012
ხალხური სიმღერების შემსრულებელი, გიორგი ჩიტაური, პოლიტიკაში მიდის

მთის სიმღერების შემსრულებელი, გიორგი ჩიტაური პოლიტიკაში მიდის. ჩიტაური თიანეთში „ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. მომღერალი „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თიანეთელების პრობლემების შესახებ იცის და ადგილობრივებს სწორედ მათ მოგვარებას ჰპირდება. მომღერალი აცხადებს, რომ პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად, ის შემოქმედებით საქმიანობასაც გააგრძელებს. „პრესა.ჯი“-ს გიორგი ჩიტაური პოლიტიკურ გეგმებსა და ოპონენტებთან ბრძოლაში არსებულ შანსებზე ესაუბრა.
- თქვენ დაგასახელეს თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატად, როგორ აწარმოებთ წინასაარჩევნო კამპანიას?
- ჩვენ გვაქვს ძალიან შედეგიანი წინასაარჩევნო კამპანია. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მას კონკურენტად არ მივიჩნევ. მათი ლიდერი არის ერთი დიდი ფულის ტომარა და ამ პოლიტიკური სუბიექტის გარშემო მხოლოდ ის ხალხია, ვინც მხოლოდ ფინანსურ სარგებელს ელოდება. მე კი თიანეთელებთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს მქონია. რამდენიმე დღეში, პარტიის ლიდერთან ერთად, ხალხმრავალ შეხვედრას გავმართავთ.
- თქვენ თიანეთელები და დანარჩენი საქართველო გიცნობთ, როგორც ფოლკლორისტს და მომღერალს. გაქვთ თუ არა თიანეთელების მხარდაჭერის იმედი და რას ჰპირდებით მათ?
- რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩემი წარდგენა თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ჯერ „ლეიბორისტულ პარტიას“ არ დაუსახელებია მაჟორიტარობის კანდიდატები, ჩემი წარდგენა მოხდა საგანგებო რეჟიმში. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც დამასახელეს კანდიდატად, ძალიან ბევრმა „ქართული ოცნება“ დატოვა და ჩვენ აღგვითქვა მხარდაჭერა. მომღერლად დავრჩები და გავაკეთებ მაქსიმუმს თიანეთელებისთვის.
- რა შანსები გაქვთ თქვენ პოლიტიკურ ოპონენტებთან?
- მე არ მიმაჩნია სწორად, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ დააყენოს ისეთი კანდიდატი თიანეთში, რომელიც არ არის ადგილობრივი და არ იცნობს თიანეთელების პრობლემებს. მე ვიცი რა პრობლემები აქვთ ადგილობრივებს და სწორედ მათ მოგვარებას ვპირდებით. რამდენიმე დღეში პარტიის ლიდერი ჩამოვა თიანეთში, სადაც მოხდება ჩემი კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენა.
- თქვენ მღერით ჯგუფ „ადილასთან“ ერთად, პოლიტიკური აქტივობის პარალელურად, გააგრძელებთ შემოქმედებით საქმიანობას?
- სიმართლე რომ გითხრათ, სწორედ ჩემმა შემოქმედებითმა საქმიანობამ, რომელიც არის ქართული ხალხური სიმღერების შესრულება, მომიტანა თიანეთელების სიყვარული. გამიცნო ხალხმა და შემიყვარა. ის ადამიანები, რომლებიც მღერიან მთის სიმღერებს, არ არიან დაფასებულები სათანადოდ. ასეთი კი თიანეთში ძალიან ბევრია. ჩემი გეგმაა, დავაფასოთ მათი შრომა და ნიჭი. მე პარალელურად გავაგრძელებ ჩემ საქმიანობას. გავაკეთებ ისე, რომ ქართველი ახალგაზრდა მომღერლები, რომელთა სიმღერებიც ძალიან უყვართ ხალხს, სათანადოდ იყვნენ დაფასებულები. მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრების დროს არ იქნება ისეთი სამარცხვინო სიმღერები, როგორიც აქვთ „ქართულ ოცნებას“, მრავალათასიანი მიტინგის შემდეგ რომ გამოიყვანეს ბერა და ამღერეს ასეთი არამუსიკალური ადამიანი. ეს არ არის ქართული მუსიკა, ეს არის საზიზღრობა, რომელიც უნდათ, რომ ნაძალადევად გახადონ პოპულარული.
0