ჰიუ მაკდაიერმიდის „ფურ-ირმების არვე“ ჰიუ მაკდაიერმიდის „ფურ-ირმების არვე“ />


  08:02:15     17-08-2012

ჰიუ მაკდაიერმიდის „ფურ-ირმების არვე“

a20672.jpg

XX საუკუნის მეორე ნახევარში დაწყებული „კელტური რენესანსი“, რომელიც მოიცავდა გელური კულტურის მრავალ სფეროს, როგორც სპეციელისტები ამბობენ, განუყრელად უკავშირდება ჰიუ მაკდაიერმიდს. იგი ხომ თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი იყო და დიდი ღვაწლი მიუძღვის კელტური კულტურის პოპულარიზაციაში.

დიდი შოტლანდიელი პოეტი, კრიტიკოსი და მთარგმნელი ჰიუ მაკდაიერმიდი (Hugh MacDiarmid) დაიბადა 1892 წლის 11 აგვისტოს. ჰიუ მაკდაიერმიდი მისი ფსევდონიმია, პოეტის ნამდვილი სახელია კრისტოფერ მარი გრივი.

1926 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი კრებული „მთვრალი კაცი თავცეცხლას უცქერის“ (A drunk man looks at the thistle). როგორც ცნობილია, თავცეცხლა შოტლანდიის სიმბოლოა. ამ წიგნს მოჰყვა არა ერთი კრებული.

ის გახლდათ დიდი პატრიოტი თავისი ქვეყნისა. მართალია, კომუნისტური პარტიის წევრი გახლდათ და ლენინისადმი ლექსებიც ჰქონია მიძღვნილი, მაგრამ ამის მიზეზები გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ იმ ხალხთა ლიდერები, რომლებიც თავს დაჩაგრულად თვლიდნენ, როგორც ეროვნული, ისე სოციალური თვალსაზრისით, ხშირად საბჭოთა კავშირს და კომუნისტურ იდეებს სიმპატიით უყურებდნენ. შორიდან, ბევრი რამ მომხიბლავი ჩანს...

თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა. ჰიუ მაკდაიერმიდი დიდი მოღვაწე გახლდათ. აი რას წერდა მის შესახებ შესანიშნავი ქართველი ლიტერატორი და მთარგმნელი თამარ ერისთავი:

„შოტლანდიური ლიტერატურის ტრადიციათა ნამდვილი აღორძინება, როგორც იდეური, ისე ენობრივი თვალსაზრისით, XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. ეს მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დიდი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კრისტოფერ მარი გრივის სახელთან, რომელმაც თავის სამწერლო და, როგორც მისი თანამედროვენი ამბობენ, საბრძოლო ფსევდონიმად, - ჰიუ მაკდაიერმიდი აირჩია.

ბერნსის შემდეგ შოლანდიური დიალექტი თავისი შემოქმედების ენად არცერთ დიდ შემოქმედს არ გამოუყენებია”...

შოტლანდიურ დიალექტზე შექმნილი ჰიუ მაკდაიერმიდის ლექსების თარგმანს სხვა დროს შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს და ამ შესანიშნავ შემოქმედზე სხვა დროსაც გვექნება საუბარი. დღეს კი მკითხველს ვთავაზობთ ინგლისურ ენაზე შექმნილი მისი ბრწყინვალე ლექსის შესანიშნავ ქართული თარგმანს.

ფურ-ირმების არვე

(ინგლისურიდან თარგმნა თამარ ერისთავმა)

არ ურევია ფურ-ირემი
ირმის არვეში
რომ არ უცემდეს მკერდში გული
მთელი არვესი.
ერთის თვალები რომ გიყურებს
მიწავ, ალერსით,
ეს, მოალერსე თვალებია
მთელი არვესი.
არვეს რონინი, - მორიალე
ნათლის ალია,
და ფურ-ირემი ნათელს ერთვის
ისე მალიად,
მისი მოსვლა და გაელვება
ისე ჩქარია,
რომ აღარ იცი, ცხადია თუ
მზის სიზმარია.
ო, ეს ასულიც ზეცით მოდის
ნათლის ფერებად,
მიწიერ თვალებს მისი ხილვა
არ ეჯერებათ,
და ეუფლებათ განცვიფრება
დაუსრულები,
თითქოს ციური სრბოლა ნახეს
წმინდა სულების;
მაგრამ ხანდახან კაცის თვალი
დაეწაფება
მის სხივთა ნათელს, ცაში გაბმულს
ოქროს ძაფებად,
და მაშინ კრთება მისი შუქი
უელვარესი,
ვით წამიერი გაელვება
ირმის არვესი.

0

ავტორი: