08:00:39     17-08-2012
იაკობ გოგებაშვილი - „ცხრა ძმანი ხერხეულიძენი“
3 (ახალი სტილით 16) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდანების - ცხრა ძმა ხერხეულიძის დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველის, მარაბდის ბრძოლის ველზე მომწყდართა (+1625) ხსენების დღეს.
1625 წლის ივლისის ბოლოს მარაბდის ველზე გაიმართა დიდი ბრძოლა ქართველებსა და პირსისხლიანი ფსიქოპატის, შაჰ-აბას პირველის ჯარს შორის. შაჰმა აბას I-მა მარტყოფის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ახალი, დიდი ჯარი გაგზავნა საქართველოში, თავისი სიძის ისახან ყორჩიბაშის სარდლობით. ცნობილია, რომ 1625 წლის ხარების დღესასწაულზე მარტყოფის ველზე ქართველებმა სასტიკად გაანადგურეს შაჰ-აბას პირველის არმია. ოცდაათი ათასი სპარსიდან მხოლოდ სამი ათასი თუ გადარჩა.
გააფთრებულმა შაჰმა შურისძიება გადაწყვიტა...
ირანელთა არმია 1625 წლის ივნისის ბოლოს საქართველოში შემოვიდა და მდინარე ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველზე დაბანაკდა. მათი რიცხვი ორმოცდაათი ათასს აჭარბებდა. ქართველები კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაბანაკდნენ ოციათასიანი ლაშქრით.
გათენდა 1625 წლის 1 ივლისი.
ქართველი მეომრები ეზიარნენ და საბრძოლველად დაეწყვნენ კარგად შეიარაღებული და თითქმის ორჯერ მრავალრიცხოვანი სპარსული ჯარის წინააღმდეგ. გლეხი და აზნაური, მეფე და სამღვდელო, ყველა აუღელვებლად დაუხვდა დამპყრობელს... ქართველთა მედროშეობა ცხრა ძმა ხერხეულიძის ოჯახს ჰქონდა ჩაბარებული.
თავიდან ბრძოლა ქართველთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ქართველებმა დიდი ზარალი მიაყენეს მტერს. ნაწილი მტრისა გაიქცა კიდეც. თუმცა, შემდეგ რამდენიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვეს ქართველებმა, ერთ ნაწილს ეგონა სპარსელები დამარცხდნენო... ამ დროს ირანელებს დახმარებაც მოუვიდათ.
მოხდა ქართველი მხედრების გადაჯგუფებაც, რამაც ქვეითი გლეხი-მეომრები ურთულეს ვითარებაში ჩააგდო.
ცხრა ძმა ხერხეულიძე რიგრიგობით დაეცა ბრძოლაში, შემდეგ, გადმოცემით მათმა დამ აღმართა ქართული დროშა და როცა იგიც განგმირეს, ცხრა გმირის დედამ იტვირთა მედროშეობა...
მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაეცნენ ეპისკოპოსები: რუსთველი და ხარჭაშნელი, თავადები: თეიმურაზ მუხრანბატონი, დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი და უამრავი გლეხი და აზნაური - ცხრა ათასი ქართველი.
ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მარაბდის ველზე სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის დაცემული ცხრა ათასი ქართველი. მათი ლოცვა ნუ მოკლებოდეს ჩვენს სამშობლოს! მათებრი გმირები კვლავ გაეზარდოთ ქართველ დედებს!..
მარაბდის ბრძოლას არა ერთმა შემოქმედმა მიუძღვნა თავისი ნაწარმოები. გავიხსენოთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „ცხრა ძმანი ხერხეულიძენი“
იაკობ გოგებაშვილი
ცხრა ძმანი ხერხეულიძენი
თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე, სძევს მოზრდილი სოფელი მარაბდა. სამასი წლის წინათ ამ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახლებული იყო ზემო ქართლიდან და რომელსაც ცხრა ვაჟი ჰყავდა. მამა ამ ცხრა ვაჟისა იყო ერთგული მოყვარე თავისი ქვეყნისა და მხურვალე მამულიშვილი; ცოლადაც მას ჰყავდა ყოვლად ღირსეული ქართველი მანდილოსანი. ამის გამო ცხრა ძმანი ერთი ერთმანეთზე უკეთესი ვაჟკაცები და მამულიშვილები დადგნენ.
იმ ჟამად სპარსეთში მეფობდა შაჰი-აბაზი, მეტად აბეზარი მეომარი. მას ჰყავდა მრავალი ჯარი, გაწვრთნილი და გამოცდილი ლაშქრობაში. შაჰ-აბაზმა დაიპყრო ბევრი ქვეყანა და ბოლოს საქართველოშიაც შემოიჭრა. ქართველი ჯარი მას გადაეღობა გზაზე თბილისის ქვევით, მარაბდის სამხრეთით*. გაჩნდა საშინელი ბრძოლა. სამი დღის განმავლობაში სისხლი შეუწყვეტელ ნაკადულებად მიდიოდა. თუმცა სპარსელები ერთი ათად მეტნი იყვნენ, მაგრამ მათ სამი დღის განმავლობაში ქართველს ჯარს ფეხი ვერ მოაცვლევინეს, რადგანაც ქართველნი მეომარნი თავგანწირულად იბრძოდნენ სამშობლოს დაცვისათვის. მეტადრე საოცარს უშიშრობას, სამაგალითო ვაჟ-კაცობას და საარაკო თავდადებულობას იჩენდნენ ცხრა ძმანი ხერხეულიძენი, რომელნიც ერთად მხარდამხარ ებრძოდნენ მტერსა. მათ არა ერთი იერიში სპარსელებისა უკან აქციეს, არა ერთხელ აქნევინეს ზურგი მტერსა. მაგრამ მეოთხე დღეს სპარსელებს ახალი ჯარი მოეშველათ და დაღალულ-დაქანცულმა ქართველმა ლაშქარმა ვეღარ შეიკავა მტერი. ამ საშინელი წამის დროს ძმანი ხერხეულიძენი არამცთუ არ შედრკენ, არამედ ლომებად გადაიქცნენ და უფრო მომეტებული თავის განწირვით იბრძოდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ან გაემარჯვნათ, ან ბრძოლის ველზე დახოცილიყვნენ ყველანი. და რადგანაც ქართველმა ჯარმა ვერ გაიმარჯვა, თავდადებულნი ძმანი ერთი ერთმანეთზე ზედ შეაკვდნენ მტერსა და თავისი გმირული სული დალიეს ბრძოლის ველზე.
ხალხის თქმულებით, მათი დედაც ბრძოლის ველზე იყო, ამხნევებდა მათ და როცა ერთს მის ვაჟს, სასიკვდილოდ დაჭრილს, ქართული დროშა ხელიდან გაუვარდა, დედამ აიღო დროშა და მეორე თავის შვილს მისცა ხელში.
მადლიერმა ქართველებმა ეს ცხრა ძმა იპოვნეს ბრძოლის ველზე მკვდართა შორის, თვითეული დიდი მოწიწებით დამარხეს ცალ-ცალკე მწკრივად და დაადგეს ცხრა დიდ-დიდი საფლავის ქვა, რომელიც დღემდის დაცულია.
-----------
* - მარაბდის ბრძოლა მოხდა 1625 წლის 1 ივლისს.
0