რუსი ჟურნალისტის მტკიცებით, ანქვაბზე ტერაქტში ეჭვმიტანილ კჩაჩს, თავი არ მოუკლავს… რუსი ჟურნალისტის მტკიცებით, ანქვაბზე ტერაქტში ეჭვმიტანილ კჩაჩს, თავი არ მოუკლავს… />


  07:50:07     17-08-2012

რუსი ჟურნალისტის მტკიცებით, ანქვაბზე ტერაქტში ეჭვმიტანილ კჩაჩს, თავი არ მოუკლავს…

a20669.jpg

მიმდინარე წელს, ალექსანდრე ანქვაბზე მოწყობილ ტერაქტთან დაკავშირებულ საქმეზე კარგა ხანია ჩამი–ჩუმი არ ისმოდა, მაგრამ ახლა იგი კვლავ სკანდალური გახდა. საქმე უკავშირდება რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ კოლესნიკოვის მიერ მოძიებულ მასალებს, რომელმაც, შესაძლოა, გამოძიება თავდაყირა დააყენოს. კოლესნიკოვმა ვრცელი მასალა მიუძღვნა ტერაქტის  ერთ–ერთ ფიგურანტს, მარიონეტი ხელისუფლების ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ ალმასბეი კჩაჩს, რომელიც საქმეში ეჭმიტანილად გადიოდა და გავრცელებული ვერსიით, მან აყვანის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რუსმა ჟურნალისტმა სწორედ თვითმკვლელობის ვერსია დააყენა ეჭვქვეშ, რითაც ე.წ. აფხაზური გენპროკურატურის რისხვა გამოიწვია.

რაც მთავარია, ყოველივე ამან ანქვაბზე თავდასხმის თემა აფხაზურ–რუსულ საზოგადოებაში კვლავ აქტუალური გახადა. ე.წ. აფხაზეთის გენპროკურატურის პრესცენტრმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლითაც რეაგირება მოახდინა სტავროპოლელი ჟურნალისტის, ვლადიმერ კოლესნიკოვის სტატიაზე: „გენერლის სიკვდილი. აფხაზური ჩიხი: იმედებისა და დანაშაულობათა ქრონიკები“.

ე.წ. გენპროკურატურმა სტატიას პროვოკაციული უწოდებდა. სტატიაში მართლაც საუბარია არა ანქვაბზე მოწყობილ ტერაქტზე, არამედ უშუალოდ ალმასბეი კჩაჩზე, რომელიც ე.წ. გენპროკურატურის მიერ ეჭმიტანილად იქნა ცნობილი და როცა სპეცრაზმი მის დასაკავებლად მივიდა, თავი მოიკლა. სტატიის ავტორი ცდილობს, რომ თავის მასალაში „გენპროკურატურის“ ვერსია გააბათილოს. იგი ასკვნის, რომ ალმასბეი კჩაჩი შტურმის დროს მოკლეს და მას თავი არ მოუკლავს.

აქვე მოყვანილია რამდენიმე ფაქტი, რომელსაც ასევე  „გენპროკურატურა“ უარყოფს. კერძოდ, კოლესნიკოვი კჩაჩის ქვრივზე დაყრდნობით წერს, რომ მათ გენერლის გვამის ექსგუმაციაზე „გენპროკურატურამ“ უარი უთხრა. „გენპროკურატურა“ კი აცხადებს, რომ მათთვის ამ საკითხზე არავის მიუმართავს და თუ ოჯახს სურდა ამ ისტორიისთვის წერტილი დაესვა, მაშინ იგი  გამოძებას დაეხმარებოდა. კერძოდ, გადასცემდა მას სიკვდილისწინ დატოვებულ წერილს, რომელიც სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ინტერნეტ–საიტებზე გაჩნდა. თუმცა, ორიგინალი „გენპროკურატურაში“ მაინც ვერ მოხვდა, რათა მისთვის ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. ამიტომ, „გენპროკურატურა“ მას ოფიციალურ დოკუმენტად არ მიიჩნევს.

გამომდინარე აქედან, „გენპროკურატურა“ ირწმუნება, რომ ვლადიმერ კოლესნიკოვის სტატია შეკვეთილია. ამას გარდა, „გენპროკურატურის“ მტკიცებით,  იგი ცალმხრივია, რადგან, სტატიის ატორს არც უცდია საგამომძებლო ორგანოთა წარმომადგენლებთან შეხვედრა და ყველა დასკვნა გაკეთებულია იმ ინფორმაციებიდან გამომდინარე, რაც მას კჩაჩის ახლო ნათესავებმა მიაწოდეს.

ცნობისათვის: ალმასბეი კჩაჩი გაგრელი იყო. აფხაზები მას ახასიათებენ, როგორც „უკიდურესად პატიოსან“ ადამიანს და მას „ვლადისლავ არძინბას უახლოესი გარემოცვის ბოლო წევრად“ მიიჩნევენ. ომის დაწყებისას იგი მილიციის სერჟანტი გახლდათ და  არძინბას დაცვაში გაამწესეს. კჩაჩი არძინბას ძალიან მოეწონა და იგი მალე პირადი დაცვის უფროსად დანიშნა. შემდგომში იგი ორჯერ იყო აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრად დანიშნული.

სტატიის ავტორს მოჰყავს ალმასბეი კჩაჩის ძმებთან, ენვერთან და ბესლანთან საუბრების ეპიზოდები.

„როდესაც ხმა გავრცელდა ტერაქტის უკან ალმასბეი კჩაჩი დგასო,მაშინ ვკითხე ჩემს ძმას, მითხარი სიმართლე, მართლაც ასეა, თუ არა, მან მიპასუხა: „არანაირი კავშირი ამ თავდასხმასთან არ მაქვს. თუ ვინმეს სურს გამსვაროს, ეს სიცრუე რომ უარვყო, ჩემს ძალებს აღემატება. ახლა რიგითი მოქალაქე ვარ  და რაც სურთ, ის შეუძლიათ გამიკეთონ“, – განუცხადა ჟურნალისტს ბესლანმა და იქვე დააზუსტა: „მან (კჩაჩმა) მითხრა ასევე, თუ გამომიძახებენ, ერთად წავიდეთ. მიმიყვან გამომძებელთან და წახვალ“.

„რა საჭირო იყო ამ შტურთან დაკავშირებული შოუ? ალიკი (შინაურები მას ასე ეძახდნენ) შს ყოფილი მინისტრი იყო. მან ყველაზე უკეთესად იცოდა, რომ მასალები, მით უმეტეს, თავდასხმის შესახებ, სახლში შეინახო, უბრალოდ სისულელეა“, – დასძინა ენვერმაც.

ასე რომ ალმასბეი კჩაჩმა თავი მოიკლა, თუ მოკლეს, გაურკვეველია და ახალი სკანდალის მთავარი თემა ხდება.

0

ავტორი: