17:28:48     15-08-2012
თათარსტანი მალე ახალ ჩეჩნეთად გადაიქცევა
რუსეთის მუსულმანურ რეგიონებში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავებულია. თუ მანამდე საუბარი იყო მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაზე, ახლა, პოლიტოლოგთა მოსაზრებით, სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელია მანამდე სიმშვიდით გამორჩეულ თათარსტანში. ყოველ შემთხვევაში, ისლამური იატაკქვეშეთის წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ თათარსტანი ახალი ჩეჩნეთი გახდება. ცნობილი ებრაელი პოლიტოლოგი, აბრამ შმულევიჩი ასეთ დასკვნას აკეთებს მას შემდეგ, რაც კავკასიური მუსლიმანური იატაკქვეშეთის წარმომადგენელთან, კავკასიის იმარატის ფუნქციონერთან, სალიაფთან ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა. მისივე მტკიცებით, კავკასიამ უკვე ვოლგისპირეთშიც გადაინაცვლა. კერძოდ, ცნობილია, რომ 19 ივლისს დილით ყაზანში თათარსტანის მუფტის მანქანა ააფეთქეს. თავად რესპუბლიკის მუსულმანთა სამმართველოს სულიერი წინამძღოლი, ილდუს ხაზრატ ფაიზოვი დაიჭრა, ხოლო მისი მოადგილე ბალიულა იაკუპოვი მოკლეს. ეს ტერაქტები მიანიშნებენ, რომ ვოლგისპირეთშიც ომი დაიწყო. ის დივერსიულ–პარტიზანული ომი, რომელიც უკვე მრავალი წელია რაც კავკასიაში მიმდინარეობს, ახლა ტატარსტანის ტყეებსა და ქალაქებში ინაცვლებს.
„ვაჰაბიზმს სხვა რელიგიებთან, თვით ტრადიციული ისლამით ჩათვლით, მშვიდობიანი თანაარსებობის გამოცდილება არ გააჩნია“, – აცხადებს იგი.
ცნობილია, რომ ყაზანის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაციამ სახელწოდებით „თათარსტანის მოჯახედები“.
ინტერნეტში გაჩნდა ორი ვიდეორგოლი. პირველი, სწორედ მკვლელობის დღეს დაიდო, რომელზეც ტყის ფონზე მოჩანს იარაღითა და ყურანით ხელში შვიდი ახალგაზრდა და შავი დროშა წარწერით: „არ არსებობს სხვა ღმერთი ალაჰს გარდა და მუჰამედი მისი წინასწარმეტყველია“.
ისინი აცხადებენ, რომ არიან „თათარსტანის მოჯახედები, რომლებმაც ჯერ კიდევ ფიცი მისცეს დოკუ აბუ უსმანს (კავკასიის იმარატის ამირ დოკუ უმაროვს)“. ახლა ისინი „ანახლებენ ფიცს და იფიცებიან, შეასრულონ ყველა მისი ბრძანება“.
მეორე ვიდეორგოლში, რომელიც ქსელში 4 აგვისტოს გაჩნდა, მოჩანს შავქუდიანი მამაკაცი ღია სახით და ავტომატით ხელში. იგი იუწყება, რომ ის არის „მუჰამედი თათარსტანის მოჯახედთა ამირი“.
„ამირი“ ვიდეორგოლში მუსულმანებს რამაზანს ულოცავს და აცხადებს, რომ სწორედ მისი ბრძანებით ჩატარდა „ოპერაცია ალაჰის მტერთა – ილდის ფაიზოვისა და ბალიულა იაკუპოვის წინააღმდეგ“. „მიმაჩნია, რომ ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა, მომავალშიც მსგავს ოპერაციებს ჩავატარებთ ალაჰის მტრების წინააღმდეგ“, – დასძენს ის.
ახლა რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ აბრამ შმულევიჩის ინტერვიუს კავკასიელ სალიაფთან.
სალიაფი აცხადებს, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება მუსულმანებზე ზეწოლა, მით უფრო ძლიერი იქნება კონფლიქტის რადიკალიზაცია და ექსკალაცია. თათარსტანში მოხდება ტრადიციული ისლამის ახალგაზრდა სალაფიზმთან (ანუ, არატრადიციულ ისლამთან) შერწყმა.
სალიაფის თქმით, თათარსტანში ადგილზე ბევრი სერიოზული ხალხია, ხოლო თუ დახმარება საჭირო იქნება, მას ალ–ქაიდა სწრაფად დაეხმარება. ოპერატიულობის მაგალითია მიანბეში (ბირმა) ამასწინათ მომხდარი მოვლენები. მისივე მოსაზრებით, ჯერჯერობით არ არის იმის აუცილებლობა, რომ იმარატის ტერიტორიაზე გარეშე ძალები შეიყვანონ. თუმცა არც ის დაუმალავს, რომ ახალგაზრდების მოსამზადებლად ავღანეთგავლილ გამოცდილ ინსტრუქტოთა მოწვევის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. რაც მთვარია, იგი აცხადებს, რომ ჯიხადში მონაწილეთა მოსურნეები ძალზე ბევრია და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
0