17:04:39     15-08-2012
მეგრელები, გია ბურჯანაძისგან, ბოდიშს ითხოვენ.. ბურჯანაძე უარზეა

სხვა შეხვედრების მსგავსად ხმაურიანი გამოდგა, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ზუგდიდის მოსახლეობასთან. მან დღეს ზუგდიდელებს „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია წარუდგინა. თუმცა, ხმაურის მიზეზი, სამეგრელოს რეგიონში „ბანდფორმირებების“ მაძიებელი ალასანია არ გამხდარა. ივანიშვილს თავის მართლება, კოლიციის წევრის, გია ბურჯანაძის განცხადების გამო მოუხდა.
საქმე ეხება, ბურჯანაძის საგაზეთო განცხადებას, რომელიც მან სვანეთში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ კვირიკობის დღესასწაულზე, „დეგრადირებული მეგრელები“ იყვნენ წარმოდგენილნი.
დღეს, ზუდგიდში ჩასულ ივანიშვილს, ერთ-ერთმა ქალბატონმა აღნიშნული განცხადება შეახსენა და ცალკეული მხარდამჭერების მხრიდან მეგრელების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
„ამგვარი გამონათქვამი საკადრებელი არ არის და თუ მან ასეთი რამ თქვა, ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს, პირადად შევხვდები და მოვთხოვ ამას“- განაცხადა ივანიშვილმა.
„პრესა.ჯი“ გია ბურჯანაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარშიც გაიმეორა რომ სალოცავზე „დეგრადირებული მეგრელები“ იყვნენ ამოსულები.
გია ბურჯანაძე:
- ვინც მიშა... მიშას დაიძახებს კვირიკობის დღესასწაულზე, ის ნამდვილად დეგრადირებულია, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს!!!
- სვანური ქუდი, ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ სალოცავზე ასვლის გამო მოირგო? ადრე სად იყო? საუფლო დღესასწაული საუკუნეებს ითვლის?
- ავედით, გვინდოდა კვირიკობის დღესასწაული მიგველოცა იქ მაცხოვრებელთათვის, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ დეგრადირებული მეგრელები „მიშა, მიშას“ სკანდირებით დაგვხვდნენ.
-გამოდის, რომ ბოდიშს არ მოიხდით?
-ჩემი ძმა რომ ყოფილიყო იქ და მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცნენ მეგრელები, იგივეს ვიტყოდი.
შეგახსენებთ, რომ კვირიკობის დღესასწაულზე სვანური ქუდი საკმარისი არ აღმოჩნდა და სვანეთში ასული ბიძინა ივანიშვილი, ბეჩოს სკოლის ეზოდან გააძევეს.
სამეგრელოს სოფლებში, ორულუსა და ოდიშში, ოლიგარქს „რუსეთის აგენტი“ უწოდეს. კარალეთში კი, კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს კახა კალაძეს ადგილობრივი ქალბატონის შეურაცხყოფა არ აპატიეს და კუდით ქვა ასროლინეს. იგივე განმეორდა სამტრედიაშიც.
თითქმის ყველგან, ამომრჩეველთან დაპირისპირების მთავარი მიზეზი, კოალიციის პოზიცია გახდა, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს, რუსეთთან საომარი მოქმედებები, თითქოსდა, საქართველომ დაიწყო.
0