15:36:02     15-08-2012
კახა კალაძეს ჯარიმის გადასახდელად შვიდი დღე რჩება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის საქმესთან დაკავშირებით, სააღსრულებლო წარმოება უკვე მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ კალაძე დაკისრებულ ჯარიმას შვიდი დღის განმავლობაში არ გადაიხდის, აღსრულების ეროვნული ბიურო, იძულებითი აღსრულების პროცესს დაიწყებს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, მათთან სააღსრულებლო ფურცელი გუშინ შევიდა, რომლის მიხედვითაც, დაიწყო აღსრულების პროცესი.
„ეს წერილი უკვე ჩაბარდა კახა კალაძის ადვოკატს. მათ აქვთ 7 დღიანი ვადა, ჯარიმის გადახდისთვის“- განუცხადა „პრესა.ჯი“–ს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბესო ლილუაშვილმა.
რას ითვალისწინებს იძულებითი აღსრულების პროცედურები? „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ბესო ლილუაშვილი აცხადებს, რომ ბევრი პროცედურა არსებობს, რომელიც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეიძლება გამოიყენოს. ესაა ქონებრივი დაანგარიშება და მისი გაყიდვა, აუქციონზე გატანა და გაყიდვა, მისი ბიზნესის იძულებითი მართვა, ვიდრე დაფარული არ იქნება კახა კალაძისთვის დაკისრებული ჯარიმის რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კალაძე 17 მილიონი ლარით დააჯარიმა.
იძულებითი აღსრულების საფუძველზე, კალაძის 17 მილიონიან ჯარიმას სააღსრულებლო საფასურის სახით კიდევ 1 186 147 ლარი დაემატა.
0