14:57:43     15-08-2012
ინგა გრიგოლია: „ქართული ოცნების“ კანდიდატს კონკურენტად არ აღვიქვამ

„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ინგა გრიგოლია გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრებს დღეიდან იწყებს.
ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ ის ორ დღეში ღიად გამოაცხადებს საკუთარ ტელეფონის ნომერს, რათა ყველა გლდანელს შეეძლოს მასთან დაკავშირება.
ამის შესახებ, ინგა გრიგოლიამ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამიერიდან, ნებისმიერ გლდანელს მასთან დაკავშირება უპრობლემოდ შეეძლება, რათა მოუყვნენ მას საკუთარი პრობლემები და ერთად შეძლონ გადაჭრის გზების პოვნა.
„ქდმ“-ს ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მისი კონკურენტი გლდანში ნიკოლოზ ხაჩირიშვილი იქნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია.
„გვაქვს შიდა გამოკითხები და ამ შემთხვევაში კონკურენტად მხოლოდ ნიკოლოზ ხაჩირიშვილს განვიხილავთ“- აცხადებს გრიგოლია.
„პრესა.ჯი“-ს კითხვაზე, დაჯდება თუ არა დებატებში „ქართული ოცნების“ კანდიდატ სოსო ჯაჭვლიანთან, გრიგოლია ამბობს, რომ ის მხოლოდ მმართველ გუნდს აღიქვამს კონკურენტად.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის გარდამავალ დებულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 189 000 ამომრჩეველი ძველ მისამართზეა რეგისტრირებული და ამ ხმებს ხელისუფლების სატელიტი პარტიები გამოიყენებენ.
ინგა გრიგოლია ქუცნაშვილს მოუწოდებს, როდესაც „ოცნებაში“ სატელიტ პარტიებზე საუბრობენ, გადახედონ თავიანთი კოალიციის წევრებს.
„ალბათ, სატელიტ პარტიად იმიტომ მოგვიხსენიებენ, რომ პარლამენტში შევედით. დღესაც ვამბობ, რომ ეს იყო ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯი. როდესაც „ქართულ ოცნებაში“ სხვის სატელიტობაზე საუბრობენ, იგივე პარლამენტშიც გვერდით ფრაქციებში გადაიხედონ და თავიანთ წევრებს აღმოაჩენენ“-განაცხადა გრიგოლიამ ქუცნაშვილის ბრალდების პასუხად.
0