ისრაელი 50 ათასი ირანული რაკეტის მოლოდინშია და ომის მოდელირებას ახდენს ისრაელი 50 ათასი ირანული რაკეტის მოლოდინშია და ომის მოდელირებას ახდენს />


  13:19:55     15-08-2012

ისრაელი 50 ათასი ირანული რაკეტის მოლოდინშია და ომის მოდელირებას ახდენს

a20635.jpg

ისრაელის პოლიტიკურ წრეებში ცდილობენ წარმოიდგინონ სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი ისრაელი დარტყმას მიიტანს ირანის ბირთვულ ობიექტებზე. როგორც ისრაელის „მეათე არხი“ აღნიშნავს, ეს სცენარი საკმაოდ „საშიშად“ გამოიყურება:

შეტევიდან ერთი დღის შემდეგ ისრაელს ათასი ირანული რაკეტა დაატყდება თავს. საპასუხო შეტევის მსხვერპლი, ყველაზე მცირე, 500 მშვიდობიანი მოქალაქე გახდება. ეს იქნება რეგიონში ომის დასაწყისი და ეს ომი არაერთ კვირას გაგრძელდება.

პოლიტიკური ხელმძღვანელობის წევრთა ვარაუდით, რომლებმაც მიმდინარე კვირას პირველ პირებს თავისი მოსაზრებები მიაწოდეს ამასთან დაკავშირებით, ისრაელის მიმართულებით 50 ათას რაკეტას გაუშვებენ და მათ გაცილებით მეტი სიზუსტე ექნებათ, ვიდრე რაკეტებს, რომლებთანაც აქამდე ისრაელს შეხება ჰქონია.

უკანასკნელად ისრაელზე სარაკეტო შეტევა 2006 წლის ზაფხულში განხორციელდა. მეორე ლიბანური ომის დროს „ჰესბოლამ“ მის ტერიტორიაზე 4500 რაკეტა გაუშვა. ისინი ნაკლები სიზუსტისა იყო და მოქმედების უფრო მცირე რადიუსი ჰქონდათ, ვიდრე რაკეტებს, რომლებიც ირანს აქვს. მაშინ შეტევის მსხვერპლი 56 ადამიანი გახდა.

სამხედროებმა მკაცრად გააკრიტიკეს ტრაგიკული სცენარი, რომელიც პოლიტიკოსებმა წარმოადგინეს და განაცხადეს, რომ ვარიანტი არ ითვალისწინებს ბევრ ფაქტორს და უზუსტობებს შეიცავს შეიარაღების ზოგიერთი სახეობის მიმართ. ძალოვან წრეებში თვლიან, რომ აღნიშნული სცენარი მხოლოდ „არასაჭირო პანიკას“ შექმნის.

ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია. აშშ იმედოვნებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევა, დეკემბრამდე მაინც არ მოხდება.

ამასთან, თეირანმა განაცხადა, რომ ირანის არმია ყველა შესაძლო სცენარის განვითარებისთვის მზად არის და მათი პასუხი იქნება ისეთი, როგორსაც არცერთი ქვეყანა არ ელოდება. ირანში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში გადასვლის შესახებ.

0

ავტორი: