08:46:31     15-08-2012
ადამ მიცკევიჩის რამდენიმე ლექსი
არა ერთმა ქართველმა თარგმნა ადამ მიცკევიჩის ლექსები. ის ყოველთვის პოპულარული იყო საქართველოში... ჩვენი და პოლონეთის ბედი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე დიდებული ქვეყანა იყო წარსულში და მერე ორივე ქვეყანას მეზობლებმა შემოგვიტიეს და დაგვანაწევრეს. ორივე ქვეყნის შვილებს განსაკუთრებულად უყვარდათ თავისუფლება და არა ერთ თავდადებულ, თავგანწირულ ადამიანებს იცნობს ჩვენი ისტორია. ორივე ქვეყანა დიდი სასოებით შესცქეროდა ქრისტიანობას და მესიანისტური იდეოლოგია გადარჩენაში ეხმერებოდა პოლონეთსაც და საქართველოსაც. ორივე ქვეყანაში ძალიან უყვართ პოეზია... ორივე ქვეყანაში განსაკუთრებულად უყვართ წმინდა გიორგი...
დღესაც, პოლონეთსაც და საქართველოსაც ერთი და იმავე პრობლემა აქვს. უნდათ ახალი ცხოვრების აშენება, კულტურის განვითარება, თავისი მისახლეობის სულიერი და ეკონომიკური წინსვლა.
პოლონელი ხალხი დიდი პატივს სცემს ქართველობას, ქართველებიც ძალიან ვაფასებთ პოლონელებს.
დიდი პოლონელი პოეტი, პუბლიცისტი და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ადამ მიცკევიჩი (Adam Bernard Mickiewicz) დაიბადა 1798 წლის 24 დეკემბერს, ლიტვის გუბერნიაში, ხუტორ ზაოსიეში, ნოვოგრუდკასთან ახლოს (ახლა ბელორუსიის ტერიტორიაა).
მამა, მიკოლა მიცკევიჩი ნოვოგრუდკის სასამართლოს ვექილი იყო. დიდი პატრიოტი, ლიტერატურის მოყვარული. მიკოლა 1812 წელს გარდაიცვალა და მრავალრიცხოვანი ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობდა.
17 წლის ასაკში ადამი ვილნოს (დღევანდელი ვილნიუსი) უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
მისი სამშობლო, რეჩ პოსპოლიტა არა ერთხელ გაინაწილეს და დაიმონეს მეზობელმა სახელმწიფოებმა. 1817 წელს ადამ მიცკევიჩი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ქმნის „ფილომატების (სიბრძნის მოყვარულთა) საზოგადოებას“. საზოგადოების ლიტერატურულ ნაწილს იგი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი სამშობლოს თავისუფლებაზე ოცნებობდა.
უნივერსიტეტის დამთავრების მერე, 1819 წელს გაამწესეს კოვნოში მასწავლებლად. კოვნოდან ხელმძღვანელობდა „ფილომანტებს“. მალე მის მიერ შედგენილი წესდების საფუძველზე „ფილომატებმა“ შექმნეს ახალი ორგანიზაცია: „ფილარეტების (სიკეთის მქმნელების ანუ სიკეთის მოყვარულების) საზოგადოება“. ორგანიზაციამ კავშირი დაამყარა ვარშავის, უკრაინისა და რუსეთის საიდუმლო ორგანიზაციებთან, რათა გაერთიანებული ძალებით ებრძოლათ მჩაგვრელების წინააღმდეგ.
ამ დროს ადამ მიცკევიჩი ქმნის საპროგრამო ლექსებს: „სიმღერა“, „ფილარეტების სიმღერა“, „ოდა ახალგაზრდობისადმი“; ბალადებს „რომანტიკა“, „სვიტეზი“, „თევზი“. იწყება ახალი ერა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა - შეტევის ერა. მისი „სიმღერა“ ჰიმნად იქცა.
რუსეთის იმპერიის ჟანდარმერიამ დააპატიმრა „ფილომატებისა“ და „ფილარეტების“ ასამდე წევრი. 1823 წლის 22 ოქტომბერს დააპატიმრეს ადამ მიცკევიჩი. დაპატიმრებულმა მეგობრებმა შეძლეს და ხელისუფლება თითქოსდა დაარწმუნეს, რომ ადამ მიცკევიჩი ვითომ არ იყო მათი საზოგადოების წევრი, ის ხომ შორს, კოვნოში ცხოვრობდა. ექვსი თვის მერე მიცკევიჩი გაათავისუფლეს, თუმცა აუკრძალეს სამშობლოში ცხოვრება და „რუსეთის შიდა გუბერნიებში“ გადასახლება მიუსაჯეს.
ემიგრაციის წლებში ადამ მიცკევიჩმა შექმნა „ყირიმული სონეტები“, რომელმაც სახელი გაუთქვა მას.
1829 წელს მიცკევიჩს ნება დართეს საზღვარგარეთ გამგზავრებისა. ევროპაში მოგზაურობისას მიცკევიჩმა ვაიმარში გოეთე ინახულა, რომელსაც ახალგაზრდა პოლონელი პოეტი თბილად მიუღია.
180 წელს პოლონეთი აჯანყდა. მიცკევიჩი სამშობლოსაკენ მიემგზავრება, რათა ჩაერთოს ბრძოლაში, მისი სიმღერებით გულანთებულ ხალხს მიეშველოს... ვერ ახერხებს, აჯანყება მარცხდება, პოეტი ისევ დრეზდენში რჩება. მერე პარიზში მიემგზავრება, შემდეგ იტალიაში. იტალია აჯანყდა ავსტრიის წინააღმდეგ. მიცკევიჩი მონაწილეობს პოლონელი ემიგრანტების ლეგიონის შექმნაში, რომელიც დაეხმარება აჯანყებულ იტალიელებს ავსტრიელებთან ბრძოლაში. შემდეგ პარიზში ჩადის ისევ, იქ დაარსებს გაზეთს და აჯანყებულ პარიზელებს ეხმარება პოლიტიკური პუბლიცისტიკით.
1855 წელს ადამ მიცკევიჩი ჩადის სტამბულში და იწყებს ემიგრანტთა ლეგიონების შექმნას, რომლებიც უნდა დაეხმარონ ინგლისელებს და ფრანგებს რუსებთან ომებში.
... მაგრამ, დიდი პოლონელი პოეტი ქოლერით დაავადდა და 1855 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი ცხედარი გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს მონმორანსის სასაფლაოზე. 1890 წელს დიდი პოეტის ნეშტი სამშობლოში, კრაკოვში გადაასვენეს.
მიცკევიჩი მის სიცოცხლეშივე გახდა პოპულარული საქართველოში. იმ დროს კავკასიაში იმყოფებოდნენ გადმოსახლებული პოლონელები, მიცკევიჩის მეგობრები და თანამებრძოლები, რომლებიც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყდნენ... 1832 წელს საქართველოშიც უნდოდათ აჯანყება... ჩვენს პატრიოტებსაც აღაფრთოვანებდა მიცკევიჩის ნაწარმოებები, მაშინ უკვე თარგმინდნენ მის შედევრებს...
გავიხსენოთ დიდი პოეტის რამდენიმე ლექსი.
ზღვის მყუდროება ტარკანკუტის სიმაღლეზე
(თარგმნა კონსტანტინე ჭიჭინაძემ)
უკვე ალამი ქარის ფრთებზე ოდნავ ბიბინებს;
ნელა ერხევა სხივოსანი გულმკერდი წყალსა,
ვით სანეტარო ოცნების დროს დანიშნულ ქალსა,
რომ გაიღვიძებს ამოხვნეშით და კვლავ იძინებს.
შიშველ ანძებზე, ნაომარი დროშების დარად,
სთვლემენ უძრავად იალქნები ძირს დაშვებული.
ქანაობს გემი, ვით ჯაჭვებით დამაგრებული.
მგზავრებს ეშველათ; მეზღვაურნიც დამსხდარან წყნარად.
ზღვაო! შენს ფსკერზე პოლიპია მოთავსებული,
რომელსაც სძინავს, ცა თუ არის განრისხებული,
ხოლო დარში კი გაეშლება ცაცები გრძელი.
გონებავ! შენში მოგონების ცივი გველია,
რომელსაც სძინავს, როცა სული უშფოთველია,
ხოლო ჭმუნვის დროს შხამი მისი ინთხევა მწველი.
ქარიშხალი
(თარგმნა თედო ბექიშვილმა)
გადატყდა ანძა, იალქანი ქარმა დაფლითა,
ღმუის გრიგალი, ზვირთი ზვირთზე მოიგრაგნება,
განწირულ ხომალდს აღარ ძალუძს გეზის გაგნება,
როგორც იმედი, მზეც ჩაეშვა ზღვაში მაღლიდან.
იკივლა ქარმა, მოიქროლა სივრცე თარეშით,
აზვავდნენ ზვირთნი გარდაუვალ უბედურებად.
სიკვდილის სული გემზე ისე მოეშურება,
ვით მეომარი დალეწილი ციხის კარებში.
სიმწრით ხორცს იგლეჯს ზოგი, ზოგიც ცნობამიხდილი
ისეა, თვალში ჩასდგომია შიში სიკვდილის;
ვინ ლოცვით ცდილობს აუღობოს გზა წერა-მწერალს...
ამ დამფრთხალ ხალხში მდუმარედ ზის ყარიბი მგზავრი
და ფიქრობს იგი: ნეტა მას, ვინც უგრძობლად არის,
ანდა ბავშვივით ვისაც კიდევ ლოცვისა სჯერა.
მოგონება
(თარგმანი იორამ ქემერტელიძისა)
ლაურა, გახსოვს ის დღეები უნეტარესი,
როს მოლოდინით იყო სავსე ყოველი დილა,
სულ ერთმანეთის ფერებაში და სულ ალერსში
ვერც კი ვხვდებოდით, გადიოდა დრო ისე ტკბილად.
გახსოვს ის ბაღი, ხეივანი, თბილი ბულული,
და ნაკადული - იდუმალი და უცნაური,
და ღამეული ჩვენი მღვიმე - მთლად დაბურული,
სად მყუდრო ღამის შემოჰქონდა სიოს ხმაური.
და ქათქათა მკერდს გინათებდა მთოვარე თეთრად,
თმას გიწეწავდი და შიგ სახეს ვმალავდი განგებ
და შენი გულის ღვთაებრივი მესმოდა ფეთქვა...
ო, მოგონება იმ წუთების გონს მირევს დღესაც:
ასეთ დროს ლოყა ლოყას ეძებს და ბაგეს - ბაგე,
და სუნთქვას სუნთქვა იმეორებს და კვნესას - კვნესა.
მორჩილება
(თარგმანი თამაზ ჩხენკელისა)
უბედურია, ვინც ტრფიალი ცრემლად იწვნია,
ვინც განიძარცვა ვნებისაგან, გადიქცა მიწად,
და კიდევ მეტად უბედური იგია, ვისაც
უყვარდა წინათ და იგი ვერ დაუვიწყნია.
როცა ხიბლავენ მას თვალები, მრუში, ციმციმა -
მოგონებები, ვით ღრუბლები ავდრიან ცისა
წამოვლენ გუნდად, მოჰგრაგნიან ოცნებას მისას
და იგი ნისლი ხსოვნამ ვეღარ გადაიწვიმა.
უარყო სხვები... გულზე ჭმუნვის მოიდო ხავსი,
როცა სასოთა უებარი დაემსხვრა თასი.
მას ახლა ჩუმად ეპარება ბინდი გვიანი.
გული აქვს ზღუდეშემუსვრილი ტაძარის მსგავსი,
სად ყოველივე მტვრად აღგვილა, სად მადლიანი
არა ზის ღმერთი და ვერ შედის ადამიანი.
სიმღერა
(თარგმნა აკაკი გელოვანმა)
ძმებო, დაფნები რარიგ დაგვშვენდა!
ძმობა სიყვარულს უშენებია!
უცხო არ არის არვინ აქ ჩვენთან.
ყველა - ძმებია! სულ ჩვენებია!
ვგმობთ მუქთახორას, ორგულს და მრუდეს,
ბრძოლის ხალისით ივსება გული:
ჩვენს წმინდა ძმობას საძირკვლად უდევს
მეცნიერება, სიმხნე, მამული.
მაშ დავამსხვრიოთ ბორკილი გულის,
ერთურთს გავანდოთ ძმურად, რაც გვინდა.
ყოველი სიტყვა, ჩვენგან აქ თქმული,
იყოს მართალი, სუფთა და წმინდა.
ძმობა ანელებს წუხილის გრძნობას,
მხიარულება ამაგრებს ძმობას,
მაგრამ შრომაში თუ განცხრომაში,
დარდით თუ შვებით გული გევსება,
ტახტზე, სახნისთან, შინ თუ ბრძოლაში,
ძმაო, გახსოვდეს ჩვენი წესდება.
არ დაივიწყო ეს ფიცი არსად,
აღთქმა, რაც გულზე დღეს იწერება,
სიტყვები წმინდა, დროშების მსგავსად:
სიმხნე, მამული, მეცნიერება.
მედგრად! ბოლომდე გავივლით ამ გზებს,
ძლევს დაბრკოლებებს გმირთა თაობა,
ყველა სიძნელეს დალეწავს, დაძლევს
შრომა, ძმობა და გამბედაობა.
ფილარეტების სიმღერა
(თარგმნა აკაკი გელოვანმა)
ძმებო, სინორჩე სად არი?
სიცოცხლემ ერთხელ იალა!
ავწიოთ ფიქრის სადარი
ეს ჩვენი ოქროს ფიალა!
ჩემოვატაროთ პატარა
მეგზური ლარი დროების,
ფსკერამდე შევსვათ მათარა,
გამოჩნდეს სიღრმე ცხოვრების!
ყველამ მიხედოს მის კერას,
ჩვენ კი ჩვენი გვაქვს ფიალა,
და ჩვენს მშობლიურ სიმღერას
ვმღერივართ ომახიანად.
ვისწავლოთ, ჟამთა სრბოლაში
რომ არ ცამოვლპეთ ზეზედა!
გვწამს რომაელი - ბრძოლაში,
სმა და სიმღერა - ბერძენთა!
ჰა, სჯულმდებელო სასმისი!
მემუსიკენიც იქ სხედან!
დღეს აქ ილხინე ხალისისთ,
ხვალ კი სამართალს მიხედავ.
ბრბო ისევ ოქროს ბრჭყვიალით
დათვრეს და მოილხინოსა!
ჩვენა ვსვამთ ოქროს ფიალით
მაგ სანაქებო ღვინოსა!
თავისუფლებას ვერ ვნახავთ
ფუჭი კაზმული ფრაზებით;
თუ ჩვენს თანხმობას შევლახავთ,
გვიჯობს გავჩუმდეთ სავსებით.
ვინ სძლევს ქიმიკოსს ცოდნაში!
სიბრძნე მოგვიტანს სიახლეს;
სხვა კიდევ ქალის კოცნაში
ეძებს სიცოცხლის სიამეს.
თვით არქომედი - წვდომითა
და სიღრმით გამორჩეული,
იყო, მენცარი ცთომილთა,
უსახლკარო და ეული.
თუ ნიუტონიც ხალისით
ზომავდა ურიცხვ სამყაროს,
დათვალოს ძმები თავისი,
ცათა ძვრა მერე გვახაროს!
ფარგლით ნახაზი ზეცისა
მკვდარია - ზეცა შორია!
ჩვენთვის ხომ ძალა რწმენისა
ძალთა ზომაზე სწორია!
ფარგალი რაღას გვიკეთებს,
სად გული გულებს ენდობა!
საყოველთაო სიკეთე -
ორზე დიდია ერთობა!
ძმებო, ბავშვობა სად არი?
დრო მიდის განა ტაატით?
ასწიე, თასი მზად არი -
საათს ნიჰყვება საათი!
სისხლი ცივდება უალოდ,
ძლევს ფელას ბედის ტრიალი,
გვშთანთქავს უფსკრულში უკვალოდ
მარადისობა ტიალი.