08:19:23     15-08-2012
ამერიკის სანაპიროებთან რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი დააფიქსირეს
რუსეთის ატომური მრავალმიზნიანი წყალქვეშა ნავი, აღჭურვილი დიდი სიშორის რაკეტებით, მექსიკის ყურეში მაშინ აღმოაჩინეს, როცა ის ტერიტორიას ტოვებდა - იუწყება ამერიკული გაზეთი „The Washington Free Beacon“.
2009 წლის შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსული გემი ასე ახლოს პატრულირებს ამერიკის სანაპიროებთან.
ამერიკული მედიის ცნობით, რუსული წყალქვეშა ნავი, 971-ის პროექტის - ნატოს კლასიფიკაციით - „აკულა“, რომელსაც ფრთოსანი რაკეტები აქვს შეიარაღებაში, მექსიკის ყურეში რამდენიმე კვირის მანძილზე იმყოფებოდა. მისი პატრულირება წყლებში, რომელსაც ვაშინგტონი სტრატეგიულად მიიჩნევს, მხოლოდ მას შემდეგ დადასტურდა, რაც ნავმა დატოვა აღნიშნული რაიონი - წერს გაზეთი.
გამოცემამ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლების კომენტარი ვერ მოიპოვა. ისინი უარს ამბობენ ინცინდენტის კომენტირებაზე.
თუმცაღა შეფასებებს აკეთებენ ექსპერტები. მათი თქმით, რუსული წყალქვეშა ნავის ამოცანაში შედიოდა დაზვერვა, ასევე პრაქტიკული დემონსტრაცია მოსკოვის უარყოფითი დამოკიდებულებისა ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით.
გაზეთმა, ამერიკის სანაპიროებთან რუსული წყალქვეშა ნავის შეპარვა ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების მცდელობასაც დაუკავშირა, რასაც აქტიურად ცდილობს ბარაკ ობამა.
ეს ყველაზე წყნარი და უხმაურო წყალქვეშა რუსული ნავია - წერს The Washington Free Beacon და შენიშნავს, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ისეთ შემცირებას განიცდის, რომ მომავალში ძალიან გაუჭირდება ასეთი ნავების გამოვლენა და მათი საქმიანობის აღკვეთა.
ამერიკელ ანალიტიკოსთა შეფასებით, „ამით პუტინი დემონსტრირებას ახდენს, რომ რუსეთი კვლავაც მოთამაშეა მსოფლიოს სამხედრო-პოლიტიკურ მედანზე“.
ეს ფაქტი, ასევე ობამას „გადატვირთვის“ წარუმატებლობაზე მეტყველებს.
გაზეთი კი წერს, რომ ვლადიმერ პუტინს, „კგბ“-ს ყოფილ ოფიცერს, საბჭოთა რუსეთის კომუნისტური წარსულის აღდგენა სურს და ამიტომაც, ის აშშ-ის მიმართ მკაცრ პოლიტიკას მიმართავს.
სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი ჯონ კორნინი ამბობს, რომ „მაშინ, როცა ჩვენი პრეზიდენტი რეკლამას უკეთებს „გადატვირთვას“, პუტინი აქტიურად მუშაობს ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ, იქნება ეს სირიაში თუ აქ - ჩვენს საკუთარ უკანა ეზოში“.
გაზეთი იმასაც ვარაუდობს, რომ ძალების დემონსტრირების პარალელურად რუსეთი თავად ამ წყალქვეშა ნავის შესაძლებლობების დემონსტრირებასაც ახდენს მისი მომავალი მყიდველებისათვის.
„აკულა“, რუსეთმა უკვე მიჰყიდა ინდოეთს. ასევე ცნობილია, რომ მოსკოვი 11 წყალქვეშა ნავის მიყიდვას აპირებს ვენესუელსათვის და მათ შორის, ერთი, სწორედ ეს წყალქვეშა ნავი იქნება, რომელიც ფლოტის შემადგენლობაში, შეტევის დროს, უმთავრესია.
0