20:10:41     14-08-2012
გურჯაანელმა მოძალადემ 15 გოგონა გააუპატიურა...

რამდენიმე დღის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში გაუპატიურების ორი ფაქტი გახდა ცნობილი, თუმცა ადგილობრივების თქმით, დაზარალებული კიდევ 13 ახალგაზრდა გოგონაა, რომლებიც ჯერჯერობით აღნიშნულის შესახებ არ საუბრობენ. ამ დროისთვის იძებნება დანაშაულში ეჭვმიტანილი 24 წლის გიორგი ტურაშვილი.
ამის შესახებ იფფორმაციას ადგილობრივი გაზეთი „სპექტრი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 24 წლის გიორგი ტურაშვილმა, რომელიც სოფელ ჯიმითის მკვიდრია, სხვადასხვა დროს თხუთმეტი გოგონა გააუპატიურა, რომელთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.
ამ თემაზე მედიასაშუალებასთან მხოლოდ ორმა გოგონამ ისურვა საუბარი.
14 წლის არასრულწლოვანი გაზეთთან საუბრისას ყვება:
„გოგონები ვქეიფობდით. დამირეკა და მითხრა, ცოტა ხნით გარეთ გამოდიო. რადგან კარგად ვიცნობდით და ახლობლებიც ვართ, ცუდი მართლა არაფერი მიფიქრია, მაგრამ როგორც კი გავედი, იარაღი დამადო, არ იყვირო, თორემ მოგკლავო. ხმას როგორ ამოვიღებდი. ჯიმითის სკოლაში წამიყვანა… სამი თვე ამის შესახებ ვერაფერს ვამბობდი,“ - იხსენებს დაზარალებული.
ანალოგიურია 17 წლის გოგონას ვითარებაც. ტურაშვილი მასაც მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა და შეხვედრას სთხოვდა. მას შემდეგ, რაც ტურაშვილმა შეხვედრაზე უარი მიიღო, გოგონას ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრა.
„ღამე იყო, როდესაც ტელეფონზე დამირეკა და მითხრა გარეთ გამოდიო. უარი რომ ვუთხარი, დამემუქრა, შემოვალ და ოჯახის წევრებს მოგიკლავო. შემეშინდა და გარეთ გავედი. არავისთვის არაფერი მითქვამს“,- ყვება დაზარალებული .
ამ თემაზე სოფელში დიდი ხანია იციან, თუმცა საჯაროდ ამ ამბის მოყოლისგან ყველა თავს იკავებს. ძალადობის მსხვერპლი გოგონების ოჯახის წევრები კი, ამ საკითხზე არც ნათესავებთან და არც მეზობლებთან არ საუბრობენ.
ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არ არის. ტურაშვილის მამა აზერბაიჯანის მოქალაქეა, რის გამოც დაზარალებულთა ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ 24 წლის ჯიმითელი ტურაშვილი მამამ ქვეყნიდან ჩუმად გაიყვანა.
0