08:27:24     14-08-2012
უცხოური მედია საქართველოზე თავდასხმის შესახებ პუტინის აღიარებას ეხმიანება

ფრანგული Le Figaro წერს, რომ ვლადიმერ პუტინის აღიარება, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის წინასწარ დაგეგმვის თაობაზე და “სამხრეთ ოსეთში” მეომართა მომზადებაზე, ეჭვქვეშ აყენებს კონფლიქტის მოსკოვისეულ ვერსიას - აღნიშნავს ავტორი იზაბელ ლასერი.
Le Figaro აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინმა სრულიად აღიარა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წინასწარდაგეგმილი ხასიათი. „ასეთი რიტორიკა კი კარგის ნიშანი არ არის და მიხეილ სააკაშვილი შიშობს, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს მღელვარებას საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რომელიც ერთ თვეში უნდა ჩატარდეს საქართველოში“ - წერს გაზეთი.
ავტორი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის პროგნოზებს ეყრდნობა და იხსენებს, რომ ფელგენგაუერი ის ექსპერტია, რომელმაც თავის დროზე 2008 წლის ომი იწინასწარმეტყველა. დღეს კი ის კვლავ აცხადებს, რომ სიტუაცია საშიშია.
„რუსეთის გენშტაბს, აქვს დანარჩენი საქართველოს დაპყრობის სხვა გეგმა. ისევე, როგორც 2008 წელს, გადაწყვეტილებას ამ გეგმის ამოქმედების შესახებ, იგივე ადამიანი მიიღებს - ვლადიმერ პუტინი“ - ციტირებს Le Figaro ფელგენგაუერს.
The Washington Post კი წერს, რომ პუტინმა თავისი განცხადებით, რომ ორჯერ დაურეკა მედევედევს როცა სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღებოდა, „აჩვენა, ვინ არის მაგარი ბიჭი“. გაზეთი დასძენს, რომ პუტინის კურსი რუსეთს კარგს არაფერს ჰპირდება: „ქვეყანა სასწრაფოდ საჭიროებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდერნიზაციას, მაგრამ პუტინი უკუსვლას უჭერს მხარს“.
Financial Times კიწერს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თემა პუტინსა და მედევდევს შორის უთანხმოების მიზეზად იქცა.
ავტორის აზრით, ადრე პუტინი იცავდა ხოლმე მედევდევს, მაგრამ ახლა ეს დაცვა მოხსნილია და რუსი ხალხის თვალში ერთ-ერთი დამსახურება - საქართველოში ომის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება პუტინმა მიისაკუთრა. „ამიტომ მედვედევის მდგომარეობა საფრთხეშია“ - ასკვნის ავტორი და დასძენს, რომ „ახლა პუტინის მომხრეებს ეჭვი აქვთ, რომ მედვედევის მომხრეები და თავად ექს-პრეზიდენტი მხარს უჭერდნენ ანტიპუტინისტურ საპროტესტო აქციებს“ - ნათქვამია სტატიაში.
0