17:02:50     13-08-2012
მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილება განხორციელდა

საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილება განხორციელდა. ვანო მერაბიშვილმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ხეთაგური წარადგინა.
ენერგეტიკის მინისტრის პოსტს კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე დაიკავებს.
საკადრო გადაადგილებაზე განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა გურიაში გააკეთა.
პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები თანამდებობიდან 14 აგვისტომდე უნდა გათავისუფლდნენ. ვადები საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკშია გაწერილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განრიგის მიხედვით, საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირები დაკავებული თანამდებობებიდან არჩევნებამდე არაუგვიანეს 48-ე დღისა უნდა გადადგნენ.
ამავე გრაფიკის თანახმად, პარტიებმა, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ და კვალიფიციურ სუბიექტები არ არიან, ცესკოს 15 აგვისტოს მხარდამჭერთა მინიმუმ 25000 ამომრჩევლის სია უნდა წარუდგინონ, ხოლო კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა 1000 მხარდამჭერის სია.
მხარდამჭერთა სიებს ცესკოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი წარდგენიდან 10 დღის ვადაში გადაამოწმებს.
0