ლუკაშენკოს საოცნებო ქვეყანა: სდექ, გესვრი! ლუკაშენკოს საოცნებო ქვეყანა: სდექ, გესვრი! />


  15:34:16     13-08-2012

ლუკაშენკოს საოცნებო ქვეყანა: სდექ, გესვრი!

a20587.jpg

განრისხებულმა პოლიტიკოსმა,  მესაზღვრეებს რჩევა-დარიგებები მისცა: საზღვარზე პროვოკაციები მთელი სიმკაცრით, მათ შორის, იარაღით უნდა აღიკვეთოს.

საუბარია ისევ ე.წ. პლუშის დესანტზე - თვითმფრინავზე, რომელიც ბელურუსებს საკუთარ ტერიტორიაზე ლიტვიდან უჩუმრად შეუფრინდათ, ადამიანის უფლებათა დაცვის მოწოდებებით პლუშის დათუნიები ჩაუყარა და უკან ისევ შეუმჩნევლად გაფრინდა.

ლუკაშენკომ, რომელიც თავიდან უარობდა, რომ მათი საჰაერო სივრცე დაირღვა, მოგვიანებით,  საჰაერო და სასაზღვრო ძალებში საკადრო წმენდა ჩაატარა. ახლა კი,  მესაზღვრეებს რჩევა-დარიგებებიც მისცა: ირგვლივ მტრებია, დივერსანტები. მტერი ვერ გაივლის: სდექ, გესვრი...

აი, ასე უნდა იფიქრონ და იმუშაონ მესაზღვრეებმა, რომელთა ფუნქციებსაც, ლუკაშენკო, ალბათ, მალე გადახედავს.

ბელორუსის პრეზიდენტს არ მოსწონს რეფორმირებული, ეს რაღაც ევროპელებად გარდაქმნილი მესაზღვრეები და საბჭოთა მესაზღვრის სახეს აპიარებს. ანუ მას სასაზღვრო ჯარი სჭირდება, რომელიც მაშინვე ისვრის და არა სასაზღვრო სამსახური, რომელიც სროლისგან თავს იკავებს.

„ეს გადაწყვეტილებები (რეფორმის შესახებ) მიიღებოდა სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის დაჟინებული მოთხოვნით. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ საზღვარს კლიტე არ უნდა ედოს. არასწორია, როცა ჩვენ მესაზღვრეები უფრო პოლიტიკოსებად ვაქციეთ, ვიდრე სამხედროებად“ - განაცხადა ლუკაშენკომ და იქვე დასძინა, რომ მესაზღვრეების პოლიტიკოსობაზე ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამოუვიდა და მორიგ ჯერზე დააზუსტა, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი პოლიტიკოსია:

„ქვეყანაში, როგორც ცნობილია, ერთი პოლიტიკოსია“- განმარტა მან და განაცხადა, რომ უფრო მეტად, მესაზღვრეობის საბჭოური კონცეფცია იზიდავს, - სამხედრო ტექნიკითა და იარაღით აღჭურვილი მესაზღვრეები, რის აუცილებლობასაც,  მისი თქმით, პლუშის დესანტის შემთხვევაც ადასტურებს.

ანუ, როგორც ერთ დროს ბელორუსის პრეზიდენტმა ბრძანა - „არ იქნება ზარბაზანი, არ იქნება ხორციც!“.

0

ავტორი: