13:51:25     13-08-2012
„ოსების გენოციდის“ აღიარების მოთხოვნას, თავად ოსებიც არ ეთანხმებიან...

კრემლის ოსი მარიონეტები მთლად თავს გავიდნენ და, ალბათ, მოსკოვისვე მითითებით, სურთ კრემლს მიმართონ, რომ მათ ქართველთა მხრიდან „ოსების გენოციდი“ „აღიარონ“. ამ მიზნით, 10 აგვისტოს სოციალისტური პარტია „ფიდიბასტასა“ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახალხო პარტიის“ ინიციატივით, პარტიათშორისი საბჭო ჩამოაყალიბდა.
ინტერნეტ–პორტალ“ ეხო კავკაზას“ ცნობით, 10 აგვისტოს გამართულ პარტიათშორისი საბჭოს პირველსავე სხდომას, „ფიდიბასტასა“ და „სახალხო პარტიის“ გარდა, დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ ასევე მარიონეტულ რეჟიმთან დაახლოებული ზოგიერთ ე.წ. საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც.
როგორც „ეხო კავკაზას“ „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა შეატყობინეს, სხდომაზე განხილულ იქნა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ „პოლიტიკის“ ზოგიერთი საგარეო და საშინაო საკითხი. ასევე ჩამოყალიბებულ იქნა „ფიდიბასტასა“ და „სახალხო პარტიის“ წევრებისგან შემდგარი მუშა ორგანო, რომელმაც რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ მიმართვა უნდა შეიმუშავოს „საქართველოს მხრიდან ოსი ხალხის გენოციდის თაობაზე“.
სოციალისტური პარტია „ფიდიბასტას“ თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ გობოზოვმა განაცხადა, რომ: „ მივაღწიოთ ოსი ხალხის გენოციდის აღიარებას ჩვენი „სახელმწიფოს“ ერთ–ერთი უმთავრესი ამოცანაა და უახლოეს მომავალში ამ საკითხს რუსეთის ხელმძღვანელობის წინაშე დავაყენებთ“.
საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამი კი არის, მაგრამ ეს ყველაფერი მოსკოვის დაკვეთით რომ ხდება, აშკარაა, რადგანაც, პუტინი, ეტყობა მიხვვდა, რაც წამოსცდა – საქართველოსთან საომრად ჯერ კიდევ 2006 წლიდან ვემზადებოდით და რუსული ჯარის გარდა ამისთვის ოსურ ფორმირებებსაც ვამზადებდითო. საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის ეს თვითაღიარება თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გააცნო და ამას მსოფლიო საზოგადოებრიობის მხრიდან სათანადო რეაგირება რომ მოჰყვება, უდაოა. ამიტომ კომპენსაციის სახით, ისინი ცდილობენ ამ უსაგნო ხმაურის ატეხვას და გამორიცხული არ არის, მოსკოვმა ეს ე.წ. ოსთა გენოციდი მართლაც აღიაროს კიდეც.
თუმცა, მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის ამას რომ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ნათელია, რადგანაც ცხინვალის რეგიონში პირიქით მოხდა – რუსმა საჯარისო ნაწილებმა და ოსურმა ბანდფორმირებებმა იქაურ ეთნიკურ ქართველებს მოუწყვეს გენოციდი და ამის დამტკიცება პუტინის თვითაღიარების შემდეგ ძნელი არ უნდა იქნეს.
რაც მთავარია, „სახალხო პარტიისა“ და „ფიდიბასტას“ ამ ინიციატივას თავად ოსურმა ორგანიზაციებმაც არ დაუჭირეს მხარი. კერძოდ, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, როლანდ ქელეხსაევმა თავის მხრივ მწუხარება გამოთქვა „სამხრეთ ოსეთის“ სხვა პოლიტიკური პარტიების – „ედინსტვოს“, კომუნისტური პარტიისა და „სპრავედლივაია ოსეტიას“ მხრიდან, „ოსი ხალხის გენოციდის“ „აღიარების“ შესახებ რუსეთისადმი მიმართვის ერთიანი პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებაზე, უარის თქმის თაობაზე.
0