11:05:38     13-08-2012
ირანის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია, ისრაელი კი სარაკეტო სისტემის ტესტირებას ატარებს
„ირანი მზადაა მის წინააღმდეგ ნებისმიერო პროვოკაციისა და ესკალაციისთვის. თუ რომელიმე დასავლური ქვეყანა დააპირებს თავდასხმას, ირანი გამოიყენებს სამხედრო ძალას და ეს იქნება გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე მისგან მოელიან. მიღებულია გადაწყვეტილება მაღალი სამხედრო მზადყოფნის რეჟიმში დაუყოვნებლივ გადასვლის შესახებ“ - იუწყება ირანული ტელეარხი „ფარსი“.
აღნიშნული ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისრაელმა საკმაოდ ბევრი განცხადება გააკეთა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შესახებ.
10 აგვისტოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ეხუდ ბარაკმა განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევის განხორციელება უკვე შემოდგომაზე სურთ, თუმცა არმიისა და სპეცსამსახურებისგან ჯერჯერობით არ აქვთ მხარდაჭერა.
სამხედრო უწყება აღიარებს, რომ ირანი თავდასხმას პასუხის გარეშე არ დატოვებს, რაშიც ჩართავს ლიბანურ მოძრაობა „ჰესბოლას“ თავისი ათასი რაკეტით. ყოველი დღე, ამის შემდეგ, ისრაელს დაუჯდება 375 მილიონი დოლარი. ამასთან ერთად, ბარაკი დარწმუნებულია, რომ ისრაელი გაუძლებს ამ სამხედრო აქციას, რაც პასუხი იქნება იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ირანის პრობლემის მოგვარებას მოლაპარაკებებითა და სანქციებით ფიქრობენ.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ნათანიაჰუ დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვერ შეძლებს ირანის ატომური შეიარაღების დროულად შეჩერებას. ნათანიაჰუ და ბარაკი იხრებიან იმისკენ, რომ შეტევა აშშ-ში ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებამდე განახორციელონ - წერენ ექსპერტები.
ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მოწინააღმდეგეებად ისრაელში ითვლებიან გენშტაბის ხელმძღვანელი ბანი განცა, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი ამირ ეშელი, საგარეო დაზვერვის - მოსადის დირექტორი ტამირ პარდო, სამხედრო დაზვერვის - ამანის ხელმძღვანელი ავივა კოხავი და პრეზიდენტი შიმონ პერესი, რომელსაც დიდი უფლებამოსილებები არ აქვს, მაგრამ აქვს სერიზოზული ავტორიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
მიუხედავად ამისა, ისრაელის არმია აგრძელებს შესაძლო სამხედრო მოქმედებებისათვის მზადებას. სამხედროებმა უკვე გადახედეს საკვებისა და საბრძოლო მასალების რეზერვებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ომის წარმოება რამდენიმე ფრონტზე მოუწევთ და მნიშვნელოვან როლს რაკეტები შეასრულებენ. სამხედრო ბაზები, სადაც საკვები და საბრძოლო მასალა ინახება, სავარაუდოდ, რაკეტების თავდასხმას დაექვემდებარება და ამიტომ, არმიამ გადაწყვიტა, ეს მარაგები რაც შეიძლება ბევრ საცავში გადაანაწილოს.
პარალელურად, ისრაელში დაიწყო სარაკეტო დარტყმის მაუწყებელი სისტემის გამოცდა. საუბარია შეტყობინების სისტემაზე სმს-ებით, რომლებიც ოთხ ენაზე იგზავნება: ივრითზე, რუსულად, არაბულად და ინგლისურად.
როგორც The Jerusalem Post წერს, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ გაფრთხილების მიღება შეუძლიათ სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას - რაკეტის სავარაუდო ტრაექტორიიდან გამომდინარე. ტესტირება 16 აგვისტომდე გაგრძელდება.
0