გიორგი მაშენებელი-ათონელი გიორგი მაშენებელი-ათონელი />


  11:44:10     10-08-2012

გიორგი მაშენებელი-ათონელი

a20548.jpg

28 ივლისს (ახალის სტილით 10 აგვისტოს) ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის გიორგი მაშენებელი-ათონელის ხსენების დღეს. 

გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი, წინამძღვარი. დიდი გიორგი ათონელის ცნობით („იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება“) იოანე ათონელმა, მონასტრის პირველმა წინამძღვარმა გარდაცვალების წინ, 1005 წელს მონასტრის წინამძღვრობა გადააბარა შვილს, დიდ ეფთვიმე ათონელს და ანდრძად დაუბარა, რათა მის შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გიორგი (მაშენებელი) გამხდარიყო. გიორგი ათონელი წერს: „შემდგომად თავისა... რაჲთა გიორგის დაუტეოს მამობაჲ, რომელ იგი თვისივე იყო მათი, კაცი სახელოვანი და ფრთხილი ჴორციელთა საქმეთა ზედა“. ზოგი ცნობით, გიორგი მაშენებელი იოანე ათონელის ძმის შვილი იყო. 

დიდი ეფთვიმე ათონელი 14 წელი ხელმძღვანელობდა ივერონს. შემდეგ წინამძღვრობა გადააბარა გიორგის (მაშენებელს), თვითონ კი მთელი ძალებით თავის ლიტერატურული საქმიანობა გააგრძელა. ქართველთა ერთ-ერთი მნათობი ეფთვიმე ათონელი გარდაიცვალა 1025 წელს. 

გიორგი მაშენებელი ბრძნულად განაგებდა ივერთა სავანეს. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მონასტრის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა. ტაძრის წარწერაში ნათქვამია: „მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი და უკუნისამდე არა შეიძრნენ. გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი“. 

ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე, „დიდად წარჩინებულ იქმნა გიორგი წინაშე რომანოზ მეფისა და დიდად საკუთარ და პატივცემულ“. ეს უნდა იყოს რომანოზ III არგიროსი, ბასილი ბულგართმმუსვრელის ძმის, კონსტანტინეს VIII პორფიროგენეტის შვილის, ზოიას ქმარი. 

შემდეგ კი „თუ ვითარ ექმნა, ღმერთმან უწყის, განდგომილებაჲ და ორგულებაჲ დასწამეს“, კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს და იქვე აღესრულა. აქ, ჩემი აზრით შესაძლოა ბიზანტიური პოლიტიკის გაგრძელება დავინახოთ. ქართველებს ბევრი მტერი ჰყავდა თავად ბერძენ სამღვდელოთა და პოლიტიკოსთა შორის. იმ პერიოდში ქართულ-ბიზანტიური პერმანენტული ომები მიმდინარეობდა. გიორგი მაშენებელი კი, როგორც ყველა დიდი ქართველი, პატრიოტი იყო. მის საამშენებლო წარწერაშიც ჩანს მისი დამოკიდებულება - „გიორგი მონაზონი, ქართველი და მაშენებელი“. ამას არ შეიძლება არ ემოქმედა ანტიქართულად განწყობილთა ბოროტ განზმრახველებზე და მათი მეშვეობით ბიზანტიის სამეფო კარზეც. 

ჩვენ ვიცით, რომ იმ პერიოდში და მერეც ბერძენი სასულიერო პირების ერთი ნაწილი ათონზე ებრძოდა ქართველთა ინტერესებს. საერთოდ ბიზანტიელი პოლიტიკოსები და სასულიერო ელიტა ცდილობდნენ ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს დამორჩილებას, ამ გზაზე კი პირველი და აუცილებელი ნაბიჯი იყო ქართული ეკლესიის, ქართველი მამების გავლენის დასუსტება. ათონის ივერთა მონასტერი კი ქართული კულტურისა და იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი იყო. ჩვენ ვიცით, რომ 1057 წელს დიდ გიორგი მთაწმინდელს მოუწია ქართული ეკლესიის ავტკეფალიის საკითხზე კამათი, სადაც ბრწყინვალედ გაიმარჯვა... 

როგორც ჩანს, ამ დროს მარტო გიორგის მაშენებლის გადასახლება არ მომხდარა. ცილისმწამებლებმა საერთოდ ქართველთა სავანეს შეუტიეს და დიდი ზიანი მიაყენეს ივერონს. 

ქართველ მამების წინააღმდეგ ბრძოლა კარგა ხანს გაგრძელდა. 

შემდეგ, კეთილმსახურ იმპერატორ მიხეილის დროს ივერთა მონასტერს ისევ დაუბრუნდა კუთვნილი ქონება. 1034-1041 წლებში იმპერატორის ტახტზე იჯდა მიხეილ IV პაფლაგონი, ზოაის მეორე ქმარი, მერე მიხეილ V კალაფატი, მიხეილ IV-ის დისშვილი (1041-1042 წლებში). 

გიორგი მაშენებელი გარდაიცვალა 1029 წელს. ქართველმა ბერებმა ღირსი მამა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონს გადაასვენეს. 

პრესა.გე-ს მკითხველებს ვულოცავთ გიორგი მაშენებლის ხსენების დღეს. გიორგი მაშენებელი იყოს ჩვენი შემწე ჩვენი ოჯახებისა და საქართველოს შენების საქმეში!

0

ავტორი: