პუტინი და მედვედევი აგვისტოს ომის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ პუტინი და მედვედევი აგვისტოს ომის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ />


  13:10:50     09-08-2012

პუტინი და მედვედევი აგვისტოს ომის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ

a20531.jpg

პუტინსა და მედვედევს აგვისტოს ომზე საკუთარი ვერსიები აქვთ და არა ფაქტები. თუმცა ამ ვერსიებშიც, როგორც აღმოჩნდა, ვერ თანხმდებიან. ომის მეოთხე წლისთავზე რუსეთში ერთ-ერთ აქტუალურ თემად იქცა საკითხი - ვინ მიიღო საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება.

ვლადიმერ პუტინმა, რატომღაც,  2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე წამოიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ მთავარი როლი,  საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ,  გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ მან ითამაშა. მან ეს პასუხისმგებლობა გუშინ გაკეთებული განცხადებებით საკუთარ თავზე აიღო, როცა აღნიშნა, რომ რუსეთმა იმოქმედა ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პერიოდში,  მის მიერვე ხელმოწერილი გეგმის მიხედვით, ხოლო 7 და 8 აგვისტოს, როცა საომარი მოქმედებების შესაბ გადაწყვეტილებას იღებდნენ, მედვედევსა და თავდაცვის მინისტრს რამდენჯერმე პეკინიდან ტელეფონით ესაუბრა.

ახლა გავიხსენოთ, რას ამბობდა დიმიტრი მედვედევი იმავე მოვლენებზე ერთი წლის წინ:
 „მე დამირეკა თავდაცვის მინისტრმა და მითხრა, რომ ჩვენმა ქართველმა მეზობელმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. მე, მართალი გითხრათ, აბსოლუტურად, სრულიად გულახდილად, თავიდან ძალიან შემეპარა ეჭვი და ვუთხარი: იცი, უნდა შემოწმდეს, ის, რა, გიჟია? იქნებ, ეს უბრალოდ რაღაც პროვოკაციაა, ის ოსების სიმტკიცეს სცდის და ჩვენთვის რაღაცის ჩვენებას ცდილობს?“

მედვედევის თქმით, პუტინს, ის ერთი დღის შემდეგ დაუკავშირდა - მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიიღო.
„მე უკვე ყველა ბრძანება გავეცი. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, უბრალოდ, გამოვიდა განცხადებით, რომ ჩვენ ამას ვერ მოვითმენთ. რა თქმა უნდა, სწორად მოიქცა“.

 მაგრამ პუტინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება იმის მცდელობაა, რომ მედვედევისადმი მაღალი რანგის სამხედრო პირების მიერ გამოთქმული პრეტენზიები მანაც ირიბად დაადასტუროს. როგორც ცნობილია, სამხედროებმა, მათ შორის, გენშტაბის მაშინდელმა უფროსმა ბალუევსკიმ, დოკუმენტურ ფილმში „დაკარგული დღე“, ბრალდება წაუყენეს მედვედევს, რომ მან გვიან მიიღო საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება, - მას შემდეგ, რაც მითითება პუტინმა გასცა, ამის გამო მკი უფრო მეტი ხალხი დაიღუპა. სხვათა შორის, ეს ფილმი ოსურ საიტზე „ოსინფორმზე“ დევს სათაურით „პუტინმა იხსნა ჩვენი ხალხი!“.

ამასთან, „რია ნოვოსტისთან“ საუბარში პუტინმა არ უპასუხა კითხვას -მოითხოვდა თუ არა სატელეფონო საუბრების დროს საომარი მოქმედებების დაწყებას, რითაც ისევ მედვედევის როლი დააკნინა: მან არც საკუთარ როლზე თქვა რაიმე და მითუმეტეს, არც მაშინდელი პრეზიდენტისა და მთავარსარდლის როლზე, რომელსაც, წესით, ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

„ეს სხვა საკითხია“ - განაცხადა პუტინმა ამ კითხვის პასუხად.


მან ისიც აღნიშნა, რომ პეკინში ყოფნისას, ცხინვალში მყოფი ჟურნალისტებისთვის ის მთავარი ფიგურა იყო. ისინი აქტიურად კონტაქტობდნენ მის პრესმდივანთან დიმიტრი პესკოვთან და სწორედ ჟურნალისტები იყვნენ მისთვის ინფორმაციის მთავარი წყაროც:

„ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 5, 6, 7 და 8 რიცხვში, მე ვიღებდი პირდაპირ ცხინვალიდან. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჟურნალისტებისგან. იმიტომ, რომ სწორედ ჟურნალისტები ეკონტაქტებოდნენ ჩემს პრეს-მდივანს დიმიტრი პესკოვს, ის კი ჩემთან მოდიოდა და მიყვებოდა. მათზე, თვითმხილველებზე დაყრდნობით ჩემს ინფორმირებას ახდენდა საომარი მოქმედებების შესახებ“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

„თქვენი კოლეგები პირდაპირ საუბრობდნენ, რომ მიდიოდა ნამდვილი ომი, რომ რეალურად მოვიდა ქართული არმია. სიტყვა-სიტყვით ასე ჟღერდა: „რეალურად მიდის ბრძოლა, ნამდვილი. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი სამშვიდობოები“. მართალი გითხრათ, ეს იყო ერთადერთი მთავარი წყარო ჩემი ინფორმაციისა დროის იმ პერიოდში. სწორედ მათზე დაყრდნობით ველაპარაკებოდი მე დიმიტრი მედვედევს და თავდაცვის მინისტრს“ - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ დღემდე არ იცის იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ინფორმაციებს გადასცემდნენ.

დიმიტრი მედვედევმა კი, რომელიც გუშინ აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალში ჩავიდა და რომელიც აშკარად შეურაცხყოფილია სამხედროებისა და პუტინის განცხადებებითაც, რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა, რომ მშვიდობისათვის საქართველოს იძულების ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება „დროულად და სამართლიანად“ სწორედ მან მიიღო. სიტყვა „დროულად“ პრემიერმა რამდენჯერმე ახსენა.

 „ადამიანებს მოკლე მეხსიერება აქვთ“ - ასეთი პასუხი გასცა მედვედევმა ცხინვალიდან გენერალ ბალუევსკისაც, რომელმაც ფაქტობრივად დაადანაშაულა ის ცხინვალში ჯარების შეყვანის გაჭიანურებაში და ვლადიმერ პუტინსაც, რომელმაც ირიბად მიანიშნა, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულა საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

მედვედევმა ცხინვალელებს მოვლენათა საკუთარი ვერსია უამბო, პუტინის ვერსიისგან განსხვავებული:
 „მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე 2,5 საათის შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ თავისი საომარი მოქმედებები დაიწყო. ეს დილის 4 საათი იყო. მან კი, ვინც სხვა რამეს ამბობს, ან არ იცის, ან შეგნებულად ამახინჯებს“ - თქვა მედვედევმა, რომელიც ალბათ, ორივეს გულისხმობდა, პუტინსაც და გენშტაბის ყოფილ უფროსსაც, რომლის განცხადების მოტივებსაც, პრემიერის თქმით, „ძნელია კომენტარი გაუკეთო“.

„ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი - უმაღლესი მთავარსარდალი. და ასეთი ადამიანი იმ მომენტში ვიყავი მე. არანაირი სხვა კონსულტაციები არ შეიძლება რომ ყოფილიყო და არც ყოფილა. ვლადიმერ პუტინს მე დავუკავშირდი მხოლოდ 8 აგვისტოს“ - დააზუსტა მან და კიდევ ერთი ახსნა-განმარტება გააკეთა:
„ყველა გადაწყვეტილება (სამხედრო ოპერაციის დაწყება) ზუსტად იმ მომენტში იყო მიღებული, როცა ამის გაკეთება იყო საჭირო, რადგან საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი აგრესია დაიწყებოდა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევის ვერტმფრენი, გუშინ, ოკუპირებულ რეგიონში განთავსებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაეშვა. როგორც „ლაიფ-ნიუსი“ იუწყებოდა, ბაზის ტერიტორიაზე საქართველოსკენ დამიზნებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 5 „გრადია“ განთავსებული.

0

ავტორი: