ლევან გოთუა - გიორგი ლეონიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ლევან გოთუა - გიორგი ლეონიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით />


  12:11:46     09-08-2012

ლევან გოთუა - გიორგი ლეონიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

a20530.jpg

1966 წლის 9 აგვისტოს თბილისში გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და იდეოლოგი - გიორგი ლეონიძე. 

მადლიერმა ქართველმა ხალხმა დიდი პატრიოტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალა. ლევან გოთუამ ასე უწოდა მას: „გიორგი ლეონიძე - აწ - მთაწმინდელი!“ 

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს, სოფელ პატარძეულში, კახეთში. 

მამას ნიკოლოზი ერქვა. მას გორის სემინარია ჰქონია დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. მეგობრობდა ვაჟა-ფშაველასთან. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. მისი მამა ნინოწმინდის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა, შაქრო გულისაშვილი კი სახალხო მწერალი, რომელიც „შაქროს“ ფსევდონიმით ბეჭდავდა თავის ნაწარმოებებს. 

წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა პატარა გოგლამ. მერე თვითონ უკითხავდა თურმე ბავშვებს წიგნებს. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ჰქონდათ კარგი ბიბლიოთეკა. ბავშვობიდან მამულიშვილური გრძნობით იზრდებოდა მომავალი პოეტი. პატარა გოგლა ორი წლის ყოფილა მამა რომ გარდაეცვალა. მრავალშვილიანი ოჯახის გაძღოლა დედას უწევდა. 

1907 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1913 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მისი პედაგოგები იყვნენ გამოჩენილი ადამიანები: ვასილ ბარნოვი, კორნელი კეკელიძე, ნიკო სულხანიშვილი და სხვები. 

გოგლას პირველი ლექსები 1911 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები „გვირგვინი“ და „ფანდური“, რომლებიც სემინარიაში გამოიცემოდა. 

1916 წელს გიორგი ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“. მისი პირველი ლექსი, „მცხეთა“, 1911 წელს დაიბეჭდა გაზეთ „სინათლეში“. 1912 წელს 12 წლის პოეტმა ლექსი მიუძღვნა  ვაჟა-ფშაველას. დიდი პოეტიც საპასუხო ლექსით გამოეხმაურა. შემდეგ წერილების გამოქვეყნებაც დაიწყო ლიტერატურულ საკითხებზე. გატაცებული იყო მოდერნიზმით. 1918 წლიდან დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“. 

1919 წლიდან გიორგი ლეონიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. ტიციან ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲუციის პოეტები“. 1922-1923 წლებში რედაქტორობდა ცისფერყანწელთა ყოველკვირეულ გაზეთ „ბახტრიონს“. 

გიორგი ლეონიძე, გარდა იმისა, რომ გახლდათ დიდი პოეტი, იყო შესანიშნავი პროზაიკოსი და ლიტერატურათმცოდნე. მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა და ახლა მის სახელს ატარებს. თვითონ პოეტი, კარგა ხნის მანძილზე, აღნიშნული მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. გიორგი ლეონიძის დაარსებულია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში. 

გიორგი ლეონიძემ დაარსა ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რომელსაც თავად რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში  იყო „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი, 1951-1953 წლებში გახლდათ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. 1957-1966 წლებში ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. მან გამოსცა, კომენტარებითა და გამოკვლევებით, მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნიკი“ (1920 წელს), სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1928 წელს), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“ (1939 წელს) და სხვა. 

გიორგი ლეონიძეს აქვს გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, ვასილ ბარნოვის და სხვების შესახებ. მისი შესანიშნავი მოთხრობების საფუძველზე გადაღებულია მხატვრული ფილმი „ნატვრის ხე“. 

გიორგი ლეონიძე ნამდვილი ეროვნული იდეოლოგი გახლდათ. მისი შემოქმედება და ცხოვრება განმსჭვალული იყო სამშობლოს სიყვარულითა და მისი მომავლის რწმენით. ნატვრა ჰქონია, ენახა სოფელი ლიონიძე ტაო-კლარჯეთში... 

როგორც ვთქვით, დიდი პოეტი გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს. 

გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი. ბოლოს კი პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ დიდი შემოქმედის ლევან გოთუას გამოსათხოვარ წერილს ასევე დიდი შემოქმედის გიორგი ლეონიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. როგორც თინათინ კობალაძე მოგვითხრობს, ეს წერილი დაიწერა 1966 წელს რადიოგადაცემისთვის.  წერილი ყველას მოსწონებია. ლევან გოთუასთვის უთხოვიათ: „ეს მშვენიერი წერილი რომელიმე გაზეთში გამოექვეყნებინა...პასუხად საოცარი და მოულოდნელი რამ გვითხრა: არავის უთხოვია და ჩემით მერიდება მივიტანოო“... ამ სიტყვებმა, რა თქმა უნდა, გაგვაკვირვა, მაგრამ ამავე დროს, კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი უსაზღვროდ მოკრძალებული დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრისადმი...“ 

გავიდა წლები, თინათინ კობალაძემ ლევან გოთუას წერილი გამოაქვეყნა 2005 წელს გიორგი ლეონიძის დაბადების თვეში, დეკემბერში. 

დიდ ადამიანს შეუძლია დააფასოს დიდი ადამიანი. ამით მაინც ვართ ბედნიერი ქართველები, რომ ჩვენი დიდი მამულიშვილები აფასებდნენ ერთმანეთს...

 

ვუმღერ სამშობლოს

 

სულ ჩემი გულის მონაწურია,

რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,

ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,

და მის სიყვარულს დავემწყემსები.

 

მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,

როგორც წყალში დგას წნორის ძირები,

სიცოცხლეს ვერსად დავესესხები,

თუ სამშობლოსგან გავიწირები!

 

მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,

მისი ნათელი დამთოვებია,

სიცოცხლე - მისი მშვენების იქით -

ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია!

 

აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა

და ტკბილი სიტყვის გამართულობა.

ვით ღონიერი ნიაღვრის დენა,

ჩემი თქმულება, ლექსქართულობა!

 

დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი,

ეს ყვავილები მე დავაგროვე;

მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი,

ვარ ახალ ქართლის თანამედროვე!

 

გულის ნათელი მე მიპოვია,

ქართლის დიდების მე ვარ მნახველი,

სამშობლო - ჩემი გულის ფეთქვაა,

სამშობლო - ჩემი ლექსის სახელი!

 

საქართველო

 

შენ ფიროსმანის შვიდღარიან მარნებში გხედავ,

გადაპოხილა შენი მკერდი, როგორც სარწყავი.

სისხლის საპალნით დატვირთულო, ვინ დაგიხვეტა

ბრგე თეძოები ბელტებივით დასაფარცხავი.

 

ტანი ყამირი, როგორც ხმალი, ელავს ჩამდგარი,

ვინ დაჩექმული ჩემი სული შხამებს დარია.

აქაფებულა შუაღამე, როგორც ჯაგარი:

ვიღამ დაიდგნოს, ვინ შაებას კარად დარიალს.

 

ტაძარს ალავერდს შემოაფრენს ტალღას მორევი.

დგანან უზანგში: ღვთისმშობელი და მოურავი,

რკინის პალოზე გადავარდნილს ვხედავ ხანძარებს.

 

მოდის შამქორი. სოღანლუღი. დროშების მტვერი.

ზურნით ფალანგებს მოუძღვება კონდოტიერი

და შენი სისხლი გაჭედილი შიშით ზანზარებს.

 

სამშობლოვ!

 

მე დაჭრილი ვარ ათას სურვილით

და ოცნებისთვის ზღვაც კი მცირეა, -

მწამს სიყვარული შმაგი წყურვილით

და გულიც მისთვის შემიწირია!

 

სამშობლოვ, ისევ შენ ხარ პირველი!

ვტორტმანებ შენით, როგორც მეწყერი...

შენი, შენდამი ვარ შემწირველი,

მღაღადებელი, ლექსით მეტყველი!

 

მე მირჩევნია ერთი ხოხობი

 

სოლომონის განძს,

კრეზის სიმდიდრეს,

ლეგენდად ოქროს,

ლალს მობდღვრიალეს,

მე მირჩევნია

ერთი ხოხობი,

ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს.

 

მის შუქს მივყვები

ხელის ცეცებით,

მისით ჩემს სიტყვას

ოქროს დავადენ;

და თუ ოდესმე ძირს დავეცემი,

შემომაშველებს თვისს შარავანდედს....

 

პატარძეულის იები

 

პატარძეულის იები

დილა ბროლშენაციები...

დილა ღმერთმოჩვენებული

შანთივით ჩამრჩა ხსოვნაში,

და ფიქრი მოჯერებული

პირველი სიტყვის პოვნაში.

 

ო, მას აქეთ ვარ მსურველი,

მტანჯოს, დამფერფლოს ძიებამ;

მაფრქვიონ შუქი - სურნელი

პატარძეულის იებმა..

 

პატარძეული

 

პატარძეული... ჩემი სოფელი,

ბავშვობის კერა - პატარძეული,

ჩემი აკვანი წნორის ტოტისა

იქა ყოფილა გადარწეული.

 

იქ მზრდიდა ხალხი... იქ მზრდიდა დედა

და ხალხის ფიქრი ათასწლეული...

მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე,

სიბერისაგან გადაქცეული...

 

იმ ხის ფესვებში მელანდებოდა

ხალხის მზის ოქრო და განძეული...

ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია,

ჯერ შუადღე მაქვს არ-დალეული...

 

მე მინახია ბევრი ქვეყნები

და ქალაქები ათასეული,

მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა

ჩემი პატარა პატარძეული..


ლევან გოთუა 


„ლექსად მოსული ქართული მიწა“ 

ქართველ მწერალთა კარზე ისევ ჩამოირეკა ზარი გლოვისა. ეს დღისა და ღამის ზღვარი კი არ არის, სულისა და ხორცის გაყრაა! 

ქართული ლექსი ძაძით შეიმოსა, შავ ჩარჩოში ჩაჯდა ქართული წიგნი.

კვლავ კალმების დახრისა და შემჭიდროების დღეა, შემოქმედთა შუბლის შეკვრისა, ისევ ამოუვსებ ხარვეზის შეძლებისდაგვარ თავმობმის ჟამია! 

ხშირად იტყვიან ხოლმე, რომ შეუცვლელი პიროვნებანი არ არსებობენ... დიდ მწერლების მიმართ, ეს მეტად პირობითია! 

გიორგი ლეონიძე დიდი, გამოკვეთილი, ვეება ნიჭისა და თავისი სამყაროს მქონე შემოქმედი იყო და ამიერით მას ვეღარავინ შესცვლის, ისე როგორც, არსებითად შეუცვლელნი დარჩნენ ილია და აკაკი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, გალაქტიონ ტაბიძე, სიმონ ჩიქოვანი... 

ისევ უბეს შლის მთაწმინდა. ამ ბოლო დროს მან მეტად დიდი ღალა აიღო. უფრო დიდი ვიდრე სამშობლოს ერთობლივმა აკვანმა ახალი ფარდი ნიჭი შვა. 

წავიდა სიცოცხლიდან დიდი მგოსანი და მოღვაწე, დაუცადელი შემოქმედი და მოუსვენარი მკვლევარი. ისე მოულოდნელად დაეცა, რომ ვერც სამშობლოს სიყვარულით იჯერა გული და კალმის მიღმაც უამრავი გამომწიფებული წიგნები დარჩა. 

შეირხა ახალ-ქართული ლექსის ჯავარი და ის, რაც სისხლსავსე სიცოცხლით სჩქეფდა და ბრწყინავდა, ამიერით უკვდავების კრთომით აღივსო. 

გადაიწურა დიდი მგოსნის ხორციელი წუთისოფელი. დადუმდა ლომის ბუბუნი, მისი ჩაბოხებული ხმა, ჟრიამულა ქუჩებში აღარ გაიელვებს მისი ცოტა აჩეჩილი მხრები, მკაფიო და მძლე, თითქოს ბოლნისის ქვიდან მოკვეთილი სახე-სხეული. 

ადამიანის გარდაცვალება, საზოგადოებრივად, საზომების გამოცვლასაც ნიშნავს. ერის მეხსიერებაა ყველაზე დიდი სამხილავი და განსაწმენდელი... და მრავალ ამაქვეყნის დიდს მხოლოდ სამარის კარამდე მიჰყვება თავისი საქმე და სახელოვნობა. 

გიორგი ლეონიძე, ერში ლექსად გასული გოგლა, მუდამ სხვა ანდამატიანი შემოქმედი იყო. იგი თითქოს რამდენიმე, ნიჭით აღსავსე კაცისგან იყო შენადუღარი: 

ლექსი, პოემა, მხატვრული პროზა, გამოკვლევები, ლიტერატურული და ისტორიული ძიებანი, მოძმე ლიტერატურათა მცოდნეობა, ხელმართალი რედაქტორობა, ინსტიტუტის მესვეურობა, მრავალ საზოგადოებათა ბურჯობა, თავდაჭერილი ეროვნული მოღვაწეობა. მუდამ ახალი ზრახვებით აღსავსე და მოუსვენარი. 

მისთვის გულგრილობა ისევე უჩვეულო იყო, როგორც ნელი სიარული ან ულექსოდ ნათევი ღამე. მუდამ შემოქმედების ქარბორბალაში მშფოთვარე, ყოველი სამშობლოსეული და მწერლური, მისთვის იყო უაღრესად ახლო შემხები და არაფერი ადამიანური მისთვის არ იყო უცხო! 

იშვიათად თუ რგებია ვინმეს ბედი მშობლიური ენის ასე გრძნობისა და ფლობისა, ერის ჩანგის მფლობელიც იგი იყო. ამიტომაც ყოველი მისი ახალი ლექსი, თუ გუნდი ლექსთა, ჯერ ფრთამალ მერცხლად დაივლიდა მთელ საქართველოს, გულში ჩაუბუდდებოდა მრავალ მკითხველს, მერმე სიტყვა-სიტყვად ჩაჯდებოდა წიგნებისა და ლექსიკონების სათანადო ბუდეებში, როგორც ქართული სიტყვის ახალი თარგულ-კაზმული! 

ხალასი ნიჭის და პოეტური ბუნების კაცი, ცოცხალი "დედაენა" და "ბუნების კარი" ერთად, ჩვენს შორის "მომდინარე" იორი და ალაზანი, ხან პირმცინარე, ხან ბობოქარი ერთად ზოდებისა და ზათქის მომტანი, ჩაძიებული მკვლევარი - ხელნაწერების ხელი, ბუნების გულთმისანი, აღფრთოვანებული ტრფიალი ხორციელი და სულიერი სილამაზისა! 

გიორგი ლეონიძე, როგორც ლიტერატურული მოვლენა, იმ სამკუთხედის არეშია, რომლის განმსაზღვრელი ისეთი სხვადასხვა დროისა და ხასიათის მწერლებია, როგორც საბა-სულხანი, ბესიკი, ვაჟა-ფშაველა! 

იგი საოცრად გრძნობდა საქართველოს ყოველ სულიერ თუ ყოფით გამოვლინებას, აკადემიიდან - მარნებამდე... მის დაუცხრომელ ოცნებაში ერთად თავსდებოდნენ ძველი, დანგრეული ტაძრები, სასახლეები და ახალი ქოხ-სამკითხველოები, ბულდოზერები და ატომური დანადგარები! ალაზნის ჭალები და ივრის არხები, წინანდლის ვარდები და მარტოდ მდგარი ოლეები! 

იგი - სულით და ხორცით - დიდებული ქართლოსანია, ჩვენს მჭექარ საუკუნეში, ჩვენს შორის, ქარს შერკინებულ ნატვრის ხედ იდგა, ლექსსა და ხატოვან სიტყვას ხმლად იქნევდა, ჯაჭვის პერანგად აცმევდა თავის ერსა და მწერლობას! „არ დაიდარდოს“ გულითა და ღვიძლით წერდა, სხვას ამშვიდებდა, თავად შემხნევებულად დარდობდა და სწორედ გულ-ღვიძლში სწვდა მსახვრალი ხელი! 

ლეონიძე ორმაგ გზაჯვარედინზე იდგა და ბევრ რასმეს აკავშირებდა... იგი ამჟამად, ჩვენ მგოსანთაგან, ყველაზე უფრო დიდი, ცოცხალი ხიდი იყო ძველსა და ახალ თაობათა შორის. მან დახურა ვაჟასეული ფრთა საუკუნის მიჯნიდან მადლიანად გადმოწვდენილი. 

...და ლეონიძე ყველაზე უფრო მორჭმული და ფესვგადგმული, ხალხურ საწყისებნაწოვარი მგოსანი იყო... ლექსად მოსული ქართული მიწა, თავისი მთებით, ველებით, ზეცით. 

ცა და მიწად ქცეული წინაპრებით... ჩამოხვეწილი, ჩუქურთმიანი, მზენასვამი შემოქმედებით! ამიტომ ახლავს მის ყოველ ლექსს ბუნებრივი სურნელი დაღვრილ ხსენისა, ხან დასეტყვილი ვაზის მტევნისა, ხან ახალგალეწილ ხორბლისა, ხან ცხელ თონიდან ამოყრილ დედის პურისა! 

კეთილ წიგნს დაობლება არ უწერია, დამწერის შემდეგ, მთელი ერი ხდება მისი მიმოქმედი. ამიერით, ახალქართულ მწიგნობრობის თითქმის ყოველ დარგში, მარად დარჩება ლეონიძური კალმის და სულის მადლიანი მონაქნიერი! მისი წიგნები და ლექსები ჩვენს შორის ისე ივლიან, როგორც მომავალში გატყორცნილი თანამგზავრები! 

კიდევ ერთი მთაწმინდელის დასავანებით ამაღლდება უკვდავების წიგნად გადაშლილი მთა! უფრო გულმხურვალედ გადმოადგება ტფილისს! ჩვენც უფრო გულისხმიერ აღტაცებით აღვაპყრობთ მზერას... დიახ, „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ, უდიდესი ჩვენი ერთობლივი რწმენისა და სიყვარულის „წიგნი“ ხომ მთაწმინდა არის... ვაგლახ, რომ იგივეა, მრავალ განუხორციელებელ ოცნებათა და მწერლურ ზრახვათა დუმილთ სავანეც. 

ჩვენი გულები შევამჭიდროოთ, დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს კალმებს, ფიქრებს, დარდებს... სადღეისო და სახვალიო საქმიანობას... ვიმოქმედოთ, ვისწავლოთ, ვიმუშაოთ, ვწეროთ წიგნები ჩვენი ერისა და მთაწმინდის შესაფერისი... ეს იქნება ჩვენი ნუგეში!... თუ კალამი კალმობს, იგი ერის სულის საზომი და თერმომეტრია! ეს თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით, ერთხელ კიდევ ნათელჰყო მთაზე წასულმა, გიორგი ლეონიძემ - აწ - მთაწმინდელმა! 

11. 8. 66 

არმაზი. 

„საქართველოს რესპუბლიკა“, №№ 292-293, შაბათი, 17 დეკემბერი, 2005 წელი

0

ავტორი: