11:40:57     09-08-2012
რუსებმა, აღდგენილ ცხინვალზე საუბრისას, წეროვანის კადრები უჩვენეს

„4 წლის განმავლობაში დედაქალაქი თითქმის მთლიანად აღადგინეს. აიგო ახალი საცხოვრებელი მიკრორაიონები. რუსეთი აქტიურად ჩაერთო დამოუკიდებელი რესპუბლიკის აღდგენის საქმეში“ - კითხულობს „100-ტვ“-ს წამყვანი და კადრში ვხედავთ მართლაც დასუფთავებულ და რაც მთავარია, ცხინვალისათვის სრულიად უცხო, მოასფალტებულ ქუჩას და საკმაოდ დიდი ქართული ასოებით, წარწერებს მაღაზიებზე - „ხორცი“, „ხორცის სახლი“.
შემდეგ წამყვანი აგრძელებს, რომ „კორესპონდენტები არაერთხელ ჩასულან ცხინვალში და მოუყოლიათ ოსების მძიმე ბედის შესახებ, რომელთაგანაც უმრავლესობა ომის შემდეგ სახლ-კარის გარეშე დარჩა. თუმცა საცხოვრებლის საკითხი სამხრეთ ოსეთში, ნელ-ნელა წყდება“ - გვამცნობს წამყვანი და კადრში ისევ ცხინვალისათვის სრულიად უცხო, ჩაწიკწიკებული წითელსახურავიანი სახლები ჩნდება, - ამჯერად, არა რომელიმე გაურკვეველი ქუჩა ქართული მხარის ტერიტორიაზე, არამედ თვით წეროვანის დევნილთა ჩასახლება, რომელსაც რუსეთის ტელევიზია რუსული ფულით აშენებულ ცხინვალელების ახალ სახლებად ასაღებს და მაყურებელს აუწყებს, რომ სიუჟეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთშია გადაღებული. ამასვე მიუთითებს სიუჟეტის მსვლელობისას კადრებზე მითითებული წარწერაც.
http://www.tv100.ru/news/v-yujnoy-osetii-vspominayut-pogibshih-vo-vremya-gruzino-osetinskoy-voyny-v-avguste-2008-goda-60154/
0