18:25:02     08-08-2012
პუტინმა აღიარა, რომ ომის გეგმა, 2006 წელს დაამტკიცა და ცხინვალში სახალხო ლაშქარიც მოამზადა

ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არმიის შემოჭრა მის მიერ ჯერ კიდევ 2006 წელს დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მოხდა. პუტინმა ასევე აღიარა, რომ მას, პეკინში მყოფს, აქტიური სატელეფონო საუბრები ჰქონდა მაშინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და თავდაცვის მინისტრთან ვლადიმერ სერდიუკოვთან, როცა საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა.
მანამდე, ოფიციალურად არსად თქმულა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. თუ არ ჩავთვლით წელს, აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავისათვის გადაღებულ ფილმს „დაკარგულ დღეს“, სადაც რუსი მაღალი რანგის სამხედრო პირებმა დაადასტურეს, რომ მედვედევი საბრძოლო მოქმედებების დაწყებას ვერ ბედავდა, ვიდრე პუტინისგან არ მიიღო მკაცრი მითითება.
„ეს საიდუმლო არ არის. გეგმა იყო, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმოქმედებდით. ის გენშტაბის მიერ 2006 წლის ბოლოს, 2007 წლის დასაწყისში იქნა შემუშავებული და ჩემთან შეთანხმებული“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირკვევა, რომ სწორედ მოსკოვში შედგენილი და პუტინის მიერ დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, ჯერ კიდევ ომამდე, რუსები ცხინვალის რეგიონში სახალხო ლაშქარს ამზადებდნენ. ეს თავად პუტინმა განაცხადა. ამასტან აღნიშნა, რომ ამ სახალხო ლაშქრის თაობაზე სპეციალისტებს შორის აზრთა სხვადფასხვაობა იყო, რადგან ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ლაშქრის მომზადება უსარგებლო საქმე იყო, „რადგან ისინი, რეგულარული, თვით ქართული არმიის წინააღმდეგაც კი, წააგებდნენ, მაგრამ ისინი ძალიან სასარგებლონი აღმოჩნდნენ“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მანვე უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა უშუალოდ საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. მან აღნიშნა, რომ 7 და 8 აგვისტოს პეკინიდან ტელეფონით უკავშირდებოდა რუსეთის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს, როცა ისინი ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდნენ.
0